ახალი წელი არასდროს კარგავს ჯადოსნურ ელფერს, თუმცა, ამის მიღწევაში ჩვენი აქტიური ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია. სტუდენტებისთვის, სტრესული შუალედური გამოცდების შემდეგ, ახალი წელი ერთგვარი შვებაც არის და იანვრის ფინალური გამოცდების წინ კარგად მოღონიერების შესაძლებლობაც.
STUDINFO.GE დაინტერესდა, რას უმზადებენ საკუთარ სტუდენტებს სხვადასხვა უნივერსიტეტების თვითმმართველობა და ადმინისტრაცია საახალწლო განწყობის ასამაღლებლად, რა საზეიმო თუ გასართობი ღონისძიებები აქვთ დაგეგმილი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ჯერ კიდევ 14 დეკემბერს დაიწყო საახალწლო განწყობის შექმნაზე ზრუნვა. თსუ-ის მეორე კორპუსის შიდა ეზოში კონცერტი – „საღამო სალიოსთან ერთად“ გაიმართა, სადაც სტუდენტებს უამრავი სიურპრიზი დახვდათ.
აქ სტუდენტებისთვის საახალწლო განწყობის ამაღლებაზე 16 დეკემბერსაც იფიქრეს და უნივერსიტეტის მე-10 კორპუსის (მაღლივი) სპორტდარბაზის ეზოში Winter Set გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ჯგუფებმა „რეზო და ბავშვები“ და Clinical Disorder – მა.
უნივერსიტეტი, საახალწლო ღონისძიებების ციკლს, 4 და 5 იანვარს, სტუდენტური სახალხო თეატრის „სხვენი“, სპექტაკლის – „მორის მეტერლინკის „ლურჯი ფრინველის“ ჩვენებით დაასრულებს. ღონისძიება თსუ-ის თანამშრომელთა შვილებისთვის გაიმართება. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ანიმატორი და თოვლის ბაბუა ბავშვების საახალწლო განწყობაზე იზრუნებენ. თსუ-ის ყველა სასწავლო კორპუსი საახალწლოდ არის მორთული. უნივერსიტეტის მთავარი ნაძვის ხე, რომლის მორთვაშიც სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა, თსუ-ის პირველ კორპუსში დგას.
ევროპის უნივერსიტეტში საახალწლო ღონისძიება 25 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება. უნივერსიტეტის მედიცინის კამპუსის ეზოში გრანდიოზული შოუ-პროგრამა მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ბენდი One chance – ის სოლისტი სალომე ჩიტაძე და „დუეტი ჯორჯია”. საღამოს გაუძღვება ტელეწამყვანი და მომღერალი ელენე კალანდაძე. ღონისძიების დასასრულს კი, სტუდენტებისთვის DJ დაუკრავს.
ევროპის უნივერსიტეტის ეზოს ტერიტორია საზეიმოდ არის მოწყობილი და 10 მეტრის სიგრძის ულამაზესი ნაძვის ხე ამშვენებს.
ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ამჟამად მიმდინარეობს საუნივერსიტეტო სივრცის ამერიკული შობის სტილში მორთვა, უამრავი ფერადი ნათურით, თოვლიანი ნაძვის ხითა და საშობაო ფიგურებით. როგორც ადმინისტრაციაში გაგვიმხილეს, შენობა და მიმდებარე ტერიტორია მაგიურ საახალწლო განწყობას შექმნის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
23 დეკემბრისთვის სრულად დასრულდება GAU-ს კამპუსის საახალწლოდ განათება, 29 დეკემბერს კი, სტუდენტებთან ერთად საშობაო წვეულებით გააცილებენ 2022 წელს და საზეიმო განწყობით შეხვდებიან კიდევ უფრო მრავალფეროვან 2023 წელს. სუსხიანი ზამთრის საღამოს, სტუმრებს დარიჩინის სურნელით გაჟღენთილი გლინტვეინით შეუქმნიან საახალწლო განწყობას, მუსიკალურად კი ღონისძიებას გააფორმებენ, ბენდი Seenთეზი და სპეციალურად მოწვეული Dj.
რაც შეეხება, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს (SEU), აქ სტუდენტებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე თბილისიდან მოშორებით, თოვლიან ბაკურიანში იზრუნეს. ზამთრის სკოლა სეუ ბაკურიანი 2022-ის ფარგლებში, უნივერსიტეტმა სტუდენტებს ტრენინგებთან ერთად, საახალწლო განწყობის ამაღლებისკენ მიმართული არაერთი აქტივობა და ღონისძიება შესთავაზა.
სეუ-მ ორივე კამპუსი საზეიმოდ მოაწყო და სტუდენტების მონაწილეობით, სოციალური ქსელებისთვის საახალწლო, გასართობი ვიდეოები მოამზადა, რომელიც ახალი წლის პერიოდში გამოქვეყნდება.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი, საახალწლო ღონისძიება 27 დეკემბერს გაიმართება. 2022 წლის სტუდენტური ღონისძიებების ფარგლებში, გამარჯვებულ სპორტულ გუნდებს, მუსიკალურ ჯგუფებსა და მათ ხელმძღვანელებს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.
დაჯილდოების ცერემონიალი საახალწლო კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის მუსიკალური და ქორეოგრაფიული ჯგუფები – ბსუ – ის ბენდი „OFFSIDE“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „ტბეთი“, გოგონათა და ვაჟთა ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „თირინი“ და მხიარულთა და საზრიანთა გუნდი. ასევე, პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც სტუდენტებთან ერთად პოპულარულ მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ. ბსუ-ის საახალწლო ღონისძიების ფარგლებში სტუდენტთა ნახატების გამოფენა მოეწყობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების 50- მდე ნახატი.
უნივერსიტეტების ნაწილი, საახალწლო ღონისძიებებით არა, მაგრამ ჯადოსნური გარემოს შექმნით ცდილობს სტუდენტებისთვის წინა საახალწლო დღეების უფრო მეტად გალამაზებას.