რატომ და როგორ უნდა გადაჯდეთ ველოსიპედებზე? – სტუდენტები, რომლებმაც ტრანსპორტი ველოსიპედებით ჩაანაცვლეს

სპორტი

შუქნიშანზე წითელი ფერი აინთო და ისედაც მანქანებით გადატვირთულ გზაზე კიდევ გაჩერება მოგვიწია. წყნეთის გზატკეცილი სავსე იყო მანქანებით. საათზე დიდ ხანს გაგრძელდა საცობი, ეს განუწყვეტელი სიგნალი და მძღოლების ყვირილიც ძალიან მოქმედებდა ნერვებზე.

მამაჩემისგან განსხვავებით, რომელიც მანქანას მართავდა, მე მალევე დავნებდი, უკანა სავარძელზე წამოვწექი და ფანჯრიდან დავიწყე მანქანების თვალიერება იმ იმედით, რომ ამ წყეული საცობიდან მალე გავაღწევდით.

უეცრად, ჩვენს მანქანას ველოსიპედმა ჩაუქროლა. მომცრო ზომის ორბორბლიანი, უძრავო ტრანსპორტი ისე ნაზად მიდი-მოდიოდა მანქანებს შორის, თითქოს საცობი საერთოდაც არ ყოფილა.

ველოსიპედისტი მალევე მიეფარა თვალს და სანამ ჩვენ საცობში ვიტანჯებოდით, უკვე კარგა ხნის გასული იყო სამშვიდობოს.

რა კარგი იქნებოდა იქ რომ მე ვმჯდარიყავი არა? იქნებ თქვენც გიფიქრიათ ველოსიპედზე გადაჯდომაზე?

მე თუ მკითხავთ, ველოსიპედი ყველაზე ჯანსაღი და მოსახერხებელი ტრანსპორტია და მისი შეძენა არც თუ ისე ძვირი ღირს. ბოლო პერიოდში კი, აშკარად შეამჩნევდით, რომ თბილისის ქუჩებში მართლაც მოიმატა ველოსიპედისტების რიცხვმა.

გარდა გართობის მიზნით გამოყენებისა, ველოსიპედს ხშირად იყენებენ ყოველდღიურ ტრანსპორტადაც. ველოსიპედისტები ორბორბლიანი ტრანსპორტით მიდიან სამსახურებში, უნივერსიტეტებში და როგორც თვითონ ამბობენ, ხშირ შემთხვევაში, ეს მანქანით გადაადგილებაზე უფრო სასიამოვნო და კომფორტული პროცესია.

ასე თვლიან STUDINFO.GE-ს დღევანდელი რესპონდენტებიც. სტუდენტები, ირაკლი ქსოვრელი და ნინი მაჭავარიანი თითქმის ყოველდღიურად ველოსიპედებით გადაადგილდებიან.

ირაკლი ქსოვრელი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლობს და უკვე 7 წელია, რაც ქალაქში ველოსიპედით გადაადგილდება. STUDINFO.GE-მ მას საკუთარი გამოცდილების შესახებ ჰკითხა:

-როდის და რატომ გადაწყვიტე ქალაქში გადასაადგილებლად ველოსიპედის გამოყენება?

-ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც მე და ჩემი მეგობარი დავიღალეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობით. ეს ძალიან დიდი დისკომფორტი და ბევრი დროის ტყუილი ხარჯვა იყო ჩვენთვის. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ველოსიპედებით გავსულიყავით ქალაქში. თავდაპირველად, ჩვენს უბანში დავიწყეთ მოძრაობა, შემდეგ შედარებით შორ ქუჩებზე და ასე ნელ-ნელა ვსწავლობდით თბილისის გზებს. დროთა განმავლობაში, ველოსიპედი ჩემთვის დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალება და სამყაროს შემეცნების ახალი გზა გახდა.

ველოსიპედით გადაადგილების პლუსებთან დაკავშირებით რომ გვესაუბრო ცოტა, რა უპირატესობები აქვს მას სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით?

-ველოსიპედი ბევრად უფრო ეკოლოგიური და ეკო მეგობრული ტრანსპორტია ვიდრე სხვა სატრანსპორტო საშუალებები (მათ შორის ელექტრომობილებიც).  ამ ტრანსპორტს არ აქვს შემაწუხებელი ხმა,  მინიმალურად აზიანებს გარემოს და არც საწვავს მოიხმარს.

ველოსიპედისტებს ასევე გვაქვს ზებრაზე და ტროტუარზე გადაადგილების უფლებაც, გარკვეული უსაფრთხოების წესების დაცვით. ველოსიპედით გადაადგილება გვეხმარება მუდმივად შევინარჩუნოთ ფიზიკურად აქტიური ფორმა, ვწვავთ უსარგებლო ცხიმს, ვაძლიერებთ კუნთებს და გამოვყოფთ ბედნიერების ჰორმონს – სეროტონინს.

მისი გამოყენება ერთი კაცის გადაადგილებისთვის ბევრად უფრო ოპტიმალური ვარიანტია, ვიდრე ნებისმიერი საშუალო ზომის ავტომობილის, დიდ ჯიპზე აღარ მაქვს საუბარი. ამასთან ერთად, ველოსიპედისტებს არანაირი პრობლემა არ გვაქვს პარკინგთან დაკავშირებით, შეგვიძლია სრულიად უფასოდ გავაჩეროთ ყველგან.

-როგორია საზოგადოების ცნობიერების დონე ამ მხრივ? იციან თუ არა როგორ იმოძრაონ ველოსიპედების გვერდით ისე რომ საფრთხე არავის შეუქმნან?

-წინა წლებთან შედარებით, საზოგადოების ცნობიერება საკმაოდ ამაღლდა. თუმცა, მანქანის მძღოლებმა (ყველაზე არ ვსაუბრობ) ჯერ ბოლომდე მაინც ვერ გაიაზრეს, რომ ველოსიპედიც საგზაო მოძრაობის მონაწილეა და აქვს უფლება, გადაადგილდეს გზის სავალ ნაწილზე.

მიუხედავად ამისა, გარკვეულ პროგრესს მაინც მივაღწიეთ. 5 წლის წინანდელ მდგომარეობას რომ შევადაროთ, დღეს მოხშირდა ისეთი სიტუაციები, როცა მანქანები გზას მითმობენ. თუნდაც, საცობში მდგომი მძღოლები, სარკეში როცა მხედავენ, რომ ველოსიპედით მოვდივარ, რამდენიმე სანტიმეტრით წინ იწევიან ხოლმე, ველოსიპედისთვის კი ეს მცირედიც საკმარისია, რომ გაძრომა შეძლოს.

-შენი დაკვირვებით, რამდენად ხშირად მოძრაობენ სტუდენტები ველოსიპედებით, თუ არის ეს ტრანსპორტი ახალგაზრდებში პოპულარული?

-ჩემი დაკვირვებით, არც ისე ბევრი სტუდენტი დადის ველოსიპედით, მათ შორის არც უნივერსიტეტში. ამის ორ ძირითად მიზეზს გამოვყოფდი, უნივერსიტეტამდე, სკოლაში ბავშვებს არ ასწავლიან ალტერნატიული, ეკო მეგობრული სატრანსპორტო საშუალების – ველოსიპედის შესახებ.

მიუხედავად ამისა, ჩემს უნივერსიტეტში 2-3 სტუდენტი მაინც დავდივართ ველოსიპედებით. ერთხელ ეს სტუდენტები ლექტორთან შევთანხმდით, რომ ველოსიპედით მოვიდოდით ლექციაზე და იმ დღეს უნივერსიტეტის ეზოში 5 ველოსიპედი ეყენა, მათ შორის ერთ-ერთ ლექტორის იყო. რომ ვუყურებდი გულს უხაროდა. ძალიან სასიამოვნოა, როცა უნივერსიტეტში მიდიხარ და ერთი ველოსიპედი მაინც გხვდება დაყენებული, იცი რომ ლექციაზე შენი ველო მეგობარი გელოდება.

ირაკლის მსგავსად, ქალაქში ველოსიპედით გადაადგილდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, ნინი მაჭავარიანი.

ნინიმ ველოსიპედის ტარება ბავშვობიდან ისწავლა, თუმცა მისი ქალაქში გადასაადგილებლად გამოყენება 2021 წლიდან დაიწყო, როცა კავკასიის ველო ქსელის ველო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

-ნინი, როდის დაიწყე ველოსიპედის ტრანსპორტად გამოყენება და როგორ შეეჩვიე ქალაქში მოძრაობას?

-ორგანიზაცია კავკასიის ველო ქსელის დამსახურებაა ის, რომ დღეს ველოსიპედს ტრანსპორტადაც ვიყენებ. სხვა ველო მოყვარულებთან ერთად, ჯგუფურად ქალაქში გადაადგილებამაც თავი მეტად უსაფრთხოდ მაგრძნობინა, ვისწავლე ქალაქში სიარულის წესები, ქუჩები და გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდეგ გადავწყვიტე უკვე დამოუკიდებლად დამეწყო ველოსიპედის ტრანსპორტად გამოყენება.

-რამდენად ერგება ქალაქის ინფრასტრუქტურა ველოსიპედებს? რა არის ის ძირითადი პრობლემები, რასაც გადაადგილებისას აწყდები?

-ხშირად მეკითხებიან, რატომ არ მეშინია ქალაქში ველოსიპედით გადაადგილების. ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ ჩვენს ქვეყანაში საავტომობილო ტრანსპორტი არის პრიორიტეტული და ქალაქის ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად არის მორგებული მათზე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ველოსიპედებზე უარი უნდა ვთქვა, პირიქით, ეს უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს. რაც უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს ველოსიპედით გადაადგილებას, მით უფრო დიდი შანსია იმისა, რომ ჩვენს ეკო მეგობრულ ტრანსპორტსაც მოარგებენ ქალაქს.

საბედნიეროდ, გარკვეულ ქუჩებზე გვაქვს ველო ბილიკები, თუმცა დღე არ გავა, რომ ზედ ვიღაცამ მანქანა არ შეაყენოს. ვცდილობ, რომ ყოველთვის გავჩერდე და მივუთითო შეცდომაზე, მაგრამ პასუხად სულ ვიღებ: „სხვაგან სად გავაჩერო აბა!?“. ძალიან იშვიათია რომ ბოდიში მოიხადონ და მანქანა გაიყვანონ.

ვფიქრობ, მთავარი პრობლემა იმაშია, რომ პოლიციას არ აქვს შესაბამისი რეაგირება დარღვევაზე, ჯარიმებიც რეალურად არ იწერება და მძღოლებს ამ კუთხით დისკომფორტი საერთოდ არ ექმნებათ.

რას ურჩევდი ადამიანებს, რომლებმაც შენსავით ქალაქში ველოსიპედით გადაადგილება გადაწყვიტა, რა არის ის მნიშვნელოვანი წესები და ნორმები რაც უნდა გაითვალისწინონ?

-საკუთარი გამოცდილებით მათ ვურჩევდი, პირველ რიგში დარწმუნდნენ, რომ ველოსიპედს კარგად მართავენ. ამას გამოცდილება განაპირობებს, ამიტომ  თუ თქვენთვის ეს ყველაფერი ახალია, უმჯობესია გარკვეული დრო ისეთ ადგილებში იაროთ, სადაც ნაკლები ავტომობილი მოძრაობს, მას შემდეგ, რაც მიხვდებით, რომ მზად ხართ ქალაქში, სამანქანო გზებზე გადაადგილებისთვის, უმჯობესია, ეს მარტომ არ დაიწყოთ და თუნდაც ჩემსავით, ქალაქის ველო მსვლელობებს შეუერთდეთ, ამით თავს უფრო უსაფრთხოდ იგრძნობთ და შემდეგ უფრო თავდაჯერებულები გახვალთ ქალაქში.

აუცილებლად იზრუნეთ თქვენს უსაფრთხოებაზე და ატარეთ ჩაფხუტი. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა სწორედ ჩაფხუტის დახმარებით გადარჩა ველოსიპედისტი. ასევე, მნიშვნელოვანია ისწავლოთ ავტომობილის მძღოლებთან კომუნიკაცია თვალებისა და ხელების საშუალებით, რომ მარტივად ანიშნოთ რას აპირებთ და საით მიდიხართ. საკუთარი გამოცდილებიდან ძალიან ბევრი რამის სწავლა შეგიძლიათ. მთავარია, დაიწყოთ და პატარ-პატარა ნაბიჯებით მალევე დაიხვეწებით.

-რა მანძილს გადიხარ უნივერსიტეტამდე და თუ ახერხებ, რომ ყველა ლექციაზე ველოსიპედით მიხვიდე?

მე პირადად, დიღმის მასივიდან დავდივარ ვაკეში, დაახლოებით 10 კილომეტრი გამოდის ერთი გზა, ანუ საშუალოდ 20 – 25 კილომეტრს გავდივარ დღეში, თუ კიდევ სხვაგან არ მომიწია წასვლა.

დიღმიდან რამდენიმე აღმართის ავლა მიწევს. თავდაპირველად ძალიან მიჭირდა გაგარინის აღმართის დაძლევა, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ შევეჩვიე და ახლა უკვე მგონია, რომ ჩვეულებრივ სწორ გზაზე მივდივარ. ვერ ვიტყვი, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს საერთოდ აღარ ვიყენებ, თუმცა ძალიან იშვიათად. მთავარ ტრანსპორტად მაინც ველოსიპედი მყავს.

-გამომდინარე იქიდან, რომ ველოსიპედი სხვა ტრანსპორტთან შედარებით ნელია, ხშირად აგვიანებ ლექციაზე?

-ლექციაზე დაგვიანების პრობლემა მაშინ უფრო დგას, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივდივარ უნივერსიტეტში. კონკრეტულად, ვაკეში ავტობუსით საშუალოდ ერთი საათი მჭირდება, თუ პიკის საათია – უფრო მეტი. ამას ემატება ის ფაქტორი, რომ არ იცი, ავტობუსს თუ სამარშუტო ტაქსს რამდენი ხანი დასჭირდება მოსასვლელად.

ასევე გასათვალისწინებელია საცობი, რაც კიდევ უფრო ზრდის დაგვიანების შანსს. ეს პრობლემები ველოსიპედზე არ მაქვს, ვიცი, რომ ზუსტად ნახევარი საათი მჭირდება ვაკეში მისასვლელად და დროც უფრო ზუსტად მაქვს გათვლილი.

STUDINFO.GE-ს რესპონდენტები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ველო კულტურის წასახალისებლად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა იყოს განვითარებული.

არსებობს ასეთი სტატისტიკა – ველოსიპედის ქალაქების ინდექსი, რომელსაც რამდენიმე წელიწადში ერთხელ ონლაინ გამოცემა Luko აქვეყნებს და იგი მსოფლიოს 90 ქალაქის ველო ტრანსპორტთან თავსებადობას შეისწავლის. ბოლოს ეს სტატისტიკა მიმდინარე წლის 5 ივნისს განახლდა. მონაცემების მიხედვით, ველო ტრანსპორტთან თავსებადობის მხრივ, პირველ ადგილზე ნიდერლანდების ქალაქი უტრეხია, მეორე ადგილზე გერმანიის ქალაქი მიუნსტერი, ხოლო მესამე ადგილზე ბელგიის ქალაქი ანტვერპენი.

სიაში თბილისიც მოხვდა. საქართველოს დედაქალაქმა 90 ქალაქიდან 87-ე ადგილი დაკავა.

ასევე იხილეთ: მასწავლებელი, რომელიც სკოლაში ველოსიპედით დადის – „ასე სხვაგვარი თავისუფლება მეუფლება“

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები