ძალიან ბევრი წელია, საპროტესტო აქციებზე სტუდენტების ასეთი მობილიზება არ გვინახავს, როგორც ეს 2022 წლის 20 და 24 ივნისის საპროტესტო აქციებზე იყო.
სტუდენტებმა მოახერხეს და ერთი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების იდეის ქვეშ გაერთიანდენ და ამავე მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციებსაც შეუერთდნენ.
სტუდენტების მობილიზება გასაკუთრებით შესამძნევი იყო 24 ივლისს, როცა ისინი რუსთაველის მეტროსთან, მთავარი აქციის დაწყებამდე 1 საათით ადრე შეიკრიბნენ.
ჰოდა, არ შეიძლებოდა, რომ ამ ამბის გასაშუქებლად მათი შეკრების ადგილას არ მივსულიყავით. STUDINFO.GE-ს დააინტერესა, თუ რატომ უნდათ სტუდენტებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და რას მოელიან მისგან.
რუსთაველის მეტროს ტერიტორია ხალხის ნაკლებობას არასდროს უჩივის, მაგრამ ეს დღე განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა.
საღამოს 6 საათიდან, მეტროს წინ ასობით სტუდენტმა მოიყარა თავი, რომლებიც ხან საქართველოს, ხან უკრაინის, ხან ევროკავშირის და ხანაც თავისი უნივერსიტეტის დროშების ფრიალით აცნობდნენ იქ გამვლელებს საკუთარ მესიჯს.
„ჯიუტად ევროპისკენ“ – ეწერა სტუდენტების მიერ გაშლილ ყველაზე გრძელ ბანერს. რომ ვიკითხე, რატომ ჯიუტად მეთქი, მიპასუხეს : „სიჯიუტე სტუდენტების განსაკუთრებული ძალაა და ყველაზე უფრო დაგვეხმარება მიზნის მიღწევაშიო.“
აქციაზე კიდევ მოგროვდნენ სტუდენტები და იქაურობას ნელ-ნელა დაემატა ჭრელა-ჭრულა ბანერები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ერთი და იგივე სურვილს გამოხატავდნენ.
„საქართველოს უნივერსიტეტის“ სტუდენტი და მოძრაობა „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ჟამერაშვილი თვლის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით, ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემის, განათლების ხარვეზის მოგვარება შეიძლება.
მისივე თქმით, ეს პროცესი ქვეყნის მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი და მომავალი სხვა არავისზე არ არის დამოკიდებული თუ არა ახალგაზრდებზე.
„მიუხედავად იმისა, რომ მე ბევრს ვშრომობ, ასეთ ქვეყანაში პერსპექტივას მაინც ვერ ვხედავ. ვფიქრობ, რომ პერსპექტივა, მომავალი და უფრო მეტი გასაქანი მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება თუ ევროკავშირის ნაწილი გავხდებით,“ – ამბობს გიორგი ჩემთან საუბრისას.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სტუდენტი, ამბობს, რომ ევროკავშირი სითამამესთან ასოცირდება, ამიტომ ადამიანების გარკვეულ ნაწილს მისდამი შიშის შეგრძნება აქვთ, რაც უსაფუძვლოა და ახალგაზრდები მისი გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცნენ.
„ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ ევროკავშირი არაფერი არ არის გარდა ევროპული ქვეყნების ერთობისა, რომლებიც ერთმანეთს განვითარებაში მაქსიმალურად ეხმარებიან. ამისთვის გვინდა ჩვენც ევროკავშირის წევრობა და არა სხვა რამის გამო,“ – ამბობს იგი STUDINFO.GE-სთან საუბრისას.
ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ ერთი სტუდენტი, ნიკოლოზ ჯალაბაძე კი ფიქრობს, რომ ახლა არ აქვს მნიშვნელობა ვისთვის არის მოსაწონი ევროკავშირი და ვისთვის არა. ახლა მთავარია, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარეს იყოს და ეს სწორი მხარე ახლა სწორედ ევროკავშირთანაა.
ნიკოლოზმა მიმდინარე პროცესებში სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი:
„ყოველთვის სტუდენტებისგან იწყება ყველა დიდი მოძრაობა. ახლაც მოხდა ისე რომ, ვხედავთ ჯერ არნახულ ორგანიზებას სტუდენტების მხრიდან. ჩემი აზრით ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს,“ – თქვა ნიკოლოზ ჯალაბაძემ.
„ჩვენ ვირჩევთ ევროკავშირს“, „მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი“,- ისმოდა სტუდენტების შეძახილები მსვლელობისას, რომელსაც დასარტყამი ინსტრუმენტების ბრაგუნი კიდევ უფრო აძლიერებდა.
ასე ხმაურით შეუერთდა სტუდენტების მსვლელობა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციას, სადაც საკუთარი 12 პუნქტიანი მანიფესტიც წაიკითხეს, რომელსაც STUDINFO.GE უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს სტუდენტებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ახლა, როდესაც ჩვენი სამშობლო ასე ახლოს არის ამ მიზანთან, საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, ყველაფერი გააკეთოს, რათა არ მოხდეს ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება.
- ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ევროპას;
- ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ოლიგარქიისგან თავისუფალ სახელმწიფოს;
- ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანას;
- ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ სიტყვის თავისუფლებას;
- ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ევროპულ განათლებას;
- ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ დამოუკიდებელ სასამართლოს;
- ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ სამართლიან არჩევნებს;
- ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ თანასწორობას;
- ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ წარმატებულ ეკონომიკას;
- ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ღირსეულ სამუშაო გარემოს;
- ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ანტირუსეთულ პოლიტიკას;
- ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ თავისუფალ, მშვიდობიან, ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრებას”.