32 უნივერსიტეტი და 1 700-მდე მონაწილე სტუდენტი – ვინ მოიგებს ჯომარდობის ჩემპიონატს?

სპორტი

საქართველოში სტუდენტებისთვის „ჯომარდობის ჩემპიონატი 2022“ დაიწყო. ტურნირის პირველი შეჯიბრი 7 ივნისს გაიმართა. ღონისძიების ხანგრძლივობა მეტეოროლოგიურ პირობებზე იქნება დამოკიდებული და იგი სავარაუდოდ 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნინო გიგინეიშვილმა STUDINFO.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, ჩემპიონატში მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული 32 უნივერსიტეტის 1 500-დან 1 700-მდე სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.

პროექტში მონაწილე უნივერსიტეტებს შორის არიან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სპორტის სასწავლო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და კიდევ მრავალი სხვა.

შეჯიბრებები ფასანაურში, კერძოდ კი სოფელ გვრიტოში სპეციალურად ჯომარდობისთვის მოწყობილ ადგილას გაიმართება.

ჩემპიონატში გამარჯვებულებისთვის 3 საპრიზო ფონდია დაწესებული. პირველ ადგილზე გასული გუნდი 3 000 ლარს მოიპოვებს, მეორე ადგილზე გასული გუნდი 2 000 ლარს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი 1 000 ლარით დაჯილდოვდება.

წესების მიხედვით, შეჯიბრში გამარჯვებული ის გუნდი იქნება, რომელიც წინასწარ განსაზღვრულ მონაკვეთზე ყველაზე სწრაფად შეძლებს დაშვებას.

„ჯომარდობის ჩემპიონატი 2022“ საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები