სტუდენტი ამბობს: რამდენად რეალურია მითები ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის შესახებ

სტუდენტური ცხოვრება

საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებზე უამრავი მითი რომ არის შექმნილი, ეს ალბათ თქვენც გექნებათ გაგონილი, მაგრამ მათში განსაკუთრებით ერთი უნივერსიტეტის გარშემო შეთხზული ამბები გამოირჩევა.

მითების ჩემპიონატი რომ არსებობდეს,  აუცილებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაიმარჯვებდა.

 „გეპეის ტუალეტში შუქი რომ აანთო წყალი წამოვა“, „მანდ ლექციებზე მარტო ჯოკრის თამაშს გასწავლიან ძმა“ – ამ და კიდევ სხვა მრავალ ტერმინს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ საუბრისას უბრალოდ ვერ აცდები.

როგორ აგორდა ეს მითები და რამდენად სიმართლეა ისინი?

ეს კითხვები ჩვენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტს და თვითმმართველობის წევრს, მარიამ ანდღულაძეს მივმართეთ.

მარიამმა აგვიხსნა, რომ სტუ-ს შესახებ მითები მასაც გაუგია, მაგრამ მათი უმეტესობა სიცრუეა. მეტიც, სტუ-ში სწავლის იმაზე ბევრად უფრო მაღალი დონეა ვიდრე ეს სხვებს ჰგონიათ.

„ოთხი წელია ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობ და ასეთი შემთხვევას, რომ ვინმეს ლექციაზე ჯოკერი ეთამაშა, არასდროს შევხვედრილვარ. ზოგი ლექტორი იმდენად მომთხოვნია და ისე მკაცრად უდგება საკუთარ საქმეს, რომ ლექციაზე ჯოკრის თამაში კი არა ტელეფონის გამოყენებასაც გვიზღუდავენ ხოლმე“, – ამბობს მარიამი.

მისივე თქმით, უნივერსიტეტის გარშემო შექმნილი მითები მისთვის ერთგვარი დამაბრკოლებელი ბარიერი იყო ჩაბარებისას.

„უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, თავიდან ამ სტერეოტიპებმა ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე. როცა იგებდნენ სად ვსწავლობდი, სულ მეკითხებოდნენ მანდ რა მინდოდა, ამბობდნენ, რომ იქ თურმე გოგოები არ სწავლობდნენ, რომ განათლების დაბალი დონე იყო და ა.შ. ამ რეპლიკებმა თითქოს დამაფიქრა, რომ აქ არ უნდა ჩამებარებინა, თუმცა როგორც კი აქტიურად ჩავერთე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურ ცხოვრებაში, ყველა ეჭვი და ფიქრი გამიქრა,“ – თქვა მარიამმა STUDINFO.GE-სთან საუბრისა.

მარიამი ამ მითების და უნივერსიტეტზე ნეგატიური წარმოდგენის გავრცელების მიზეზებსაც განმარტავს. როგორც სტუდენტი ამბობს, გარკვეული ფაქტორების გამო სტუ-ში მოხვედრა მარტივია. შესაბამისად, იქ ასევე ხვდებიან ისეთი სტუდენტები, რომლებისთვისაც სწავლა დიდ პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ასეთი სტუდენტები ლექციებს არ ესწრებიან, შესაბამისად ვერც გამოცდებს აბარებენ და უნივერსიტეტზე გაბრაზებულები ნეგატიურ ინფორმაციას ავრცელებენ.

„ვინც ნამდვილად სწავლისთვის დადის უნივერსიტეტში, ასეთი სტუდენტები უმცირესობაში ვართ. გამომდინარე აქედან, სტუდენტებს რომლებიც უბრალოდ არ დადიან ლექციებზე, არ უნდა ქონდეთ პრეტენზია განათლების ხარისხზე. სტუ-ს ლექტორები თავიანთ მაქსიმუმს დებენ ჩვენი განათლებისთვის“, – ამბობს მარიამი.

ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი EDU.ARIS.GE-ს მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის საქართველოს უნივერსიტეტების რეიტინგულ სიაში კარგად მომზადებული აბიტურიენტების მიხედვით მე-17 ადგილს იკავებს.

ასევე იხილეთ:

ტიპS AND ხრიკS, ანუ როგორ გადავრჩეთ გეპეიში

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები