მომავალი უკვე აქ არის – როგორ იყენებენ ვირტუალურ რეალობას განათლების სფეროში

შემეცნება

15 წლის ვიყავი ვირტუალურ რეალობასთან პირველად რომ მქონდა შეხება. ერთერთ მოლში შესასვლელთანვე შევამჩნიე სტენდი, სადაც ახალგაზრდების დიდი ჯგუფი ფუსფუსებდა. სტენდის უკან მდგარი ქალბატონი კი ყველა მათგანს რიგრიგობით არგებდა თავზე ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობ მოწყობილობას.

ბავშვების გაოგნებულმა სახეებმა დიდი ინტერესი გამოიწვია და მეც მათთან ერთად ჩავდექი რიგში.

დიდი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, მოვიდა ჩემი დროც. სპეციალურად გამზადებულ სკამში ჩამსვეს, მეტი უსაფრთხოებისთვის ღვედიც დამიმაგრეს და თავზე ვირტუალური რეალობის სათვალე ჩამომაფხატეს.

გამოსახულებად ყველასთვის ნაცნობი, ამერიკული გორაკების ვიდეო შემირჩიეს. გამოსახულება მაშინ იმდენად რეალურად მომეჩვენა, ღვედით რომ არ ვყოფილიყავი დაბმული ნამდვილად გადმოვვარდებოდი.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, ვირტუალური რეალობა უფრო ფართოდ გავრცელდა სხვადასხვა სფეროებში. მათ შორის, ძალიან წარმატებულად დაინერგა განათლებაშიც.

მარტივად რომ ავხსნა, ვირტუალური რეალობა, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, 3D სიმულაციური სამყაროს შექმნას გულისხმობს. ახლანდელი შესაძლებლობებით, ამ სიმულაციურ სამყაროში „მოხვედრა“ სპეციალური ჩაფხუტის, ე.წ vr Box-ის დამხარებით ხდება, რომელიც თავის მხრივ კომპიუტერს ან ტელეფონს უკავშირდება. ვიზუალის გენერირებასთან ერთად, კომპიუტერი ხმის სიმულაციასაც ახდენს და მაქსიმალურად რეალურ შეგრძნებებს იწვევს.

ვირტუალური რეალობის მოწყობილობის ორი ტიპი არსებობს. ერთი პერსონალურ კომპიუტერს უკავშირდება და შედარებით უფრო კომპლექსური გამოსაყენებელია, მეორისთვის კი უბრალოდ სმარტფონიც საკმარისია.

ძალიან მარტივად შეგიძლიათ მოათავსოთ თქვენი ტელეფონი ვირტუალური რეალობის ჩაფხუტში, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი აპლიკაცია ან ვიდეო და იმოგზაუროთ არარსებულ რეალობაში დაუსრულებლად.

ამ მოწყობილობით შეგიძლიათ ითამაშოთ, იმოგზაუროთ და თქვენი თვალით ნახოთ ისეთი ადგილები, სადაც რეალურად ვერ შეძლებდით წასვლას.

სწორედ ამ ფუნქციის გამო, ბევრს მიაჩნია, რომ ვირტუალურ რეალობას განათლების სფეროში რევოლუციის მოხდენა შეუძლია.

წარმოიდგინეთ, რამხელა პლუსია, როცა სტუდენტებს ან მოსწავლეებს შეუძლიათ მასწავლებლებისა და ლექტორების მიერ ახსნილი მასალის ვიზუალურად წარმოდგენა. ეს უფრო სახალისოსაც და უფრო ეფექტურსაც ხდის სალექციო პროცესს.

ვირტუალური რეალობის შესაძლებლობები განათლების სფეროში კარგად გაიაზრეს დიდ ბრიტანეთში, კომპანია CLASSVR-ის შემქმნელებმა. კომპანია 2017 წელს დაარსდა და მისი მთავარი მიზანი მთელი მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვირტუალური რეალობის გავრცელებაა.

ამ დროისთვის კომპანიამ მოახერხა და საკუთარი სერვისი მიაწოდა შუა აღმოსავლეთის ქვეყნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ავსტრალიას, ჩინეთს და კიდევ 60-მდე ქვეყანას.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები გვიხსნიან, CLASSVR-ის მოწყობილობები ბავშვებს ისეთი ადგილების დათვალიერების საშუალებას აძლევს, რომლის ნახვაც მათ სინამდვილეში არ შეუძლიათ. მოსწავლეებმა თავად გამოსცადეს როგორია მთვარეზე მოგზაურობა, პირადად გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნების კულტურებს და გრაფიკული სიმულაციის დახმარებით, პირველი მსოფლიო ომის პერიოდშიც კი დაბრუნდნენ.

ვირტუალური რეალობის განათლების სფეროში გამოყენებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ციფრული კოლეჯის კამპუსის შექმნაც, რომელიც კომპანია Victory Xr-ის პროექტია. Victory RX-ის კამპუსი ათამდე უნივერსიტეტის მეტავერსს აერთიანებს, სადაც სტუდენტებს 50-მდე სხვადასხვა დანიშნულების კურსი უტარდებათ. ეს კურსები მოიცავს: ანატომიას, ასტრონომიას, ბიოლოგიას, პალეონტოლოგიას, ისტორიას და ა.შ.

ციფრული კამპუსები აქვთ შექმნილი ისეთ უნივერსიტეტებს და კოლეჯებს, როგორებიც არიან: მორჰაუსის კოლეჯი, კანზასის უნივერსიტეტის საექთნო სკოლა, სამხრეთ დაკოტას სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასავლეთ ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ასე შემდეგ.

ვირტუალურ რეალობაზე ქართული უნივერსიტეტებიც მუშაობენ. მათ შორის არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიების ლაბორატორია „უნილაბი“, სადაც VR მოწყობილობებზე მუშაობა 2017 წლიდან, ფსიქოლოგებთან თანამშრომლობით დაიწყეს.

STUDINFO.GE „უნილაბის“ ხელმძღვანელს სანდრო ასათიანს გაესაუბრა, რომელმაც საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა.

მოგვიყვა, რომ ილიას უნივერსიტეტმა ვირტუალურ რეალობაზე მუშაობა კვლევითი ექსპერიმენტით დაიწყო, რომელიც ფსიქოლოგებთან თანამშრომლობით ჩაატარა.

„ჩვენ ფსიქოლოგებს ვკითხეთ, თუ რა პრობლემებს აწყდებოდნენ ყველაზე ხშირად მათი თანამშრომლები. ფსიქოლოგებმა კი გვიპასუხეს, რომ მათთან ხშირად დადიოდნენ ადამიანები, რომლებსაც სახალხოდ გამოსვლის შიში ჰქონდათ და ამის დაძლევა უნდოდათ. ასეთი რაღაც მოვიფიქრეთ: სპეციალური, 360-გრადუსიანი კამერით გადავიღეთ აუდიტორია, რომელიც ჯერ ცარიელი იყო, მერე ემატებოდა ხალხი და ბოლოს სულ მთლიანად ივსებოდა დამსწრეებით. შენ კი ვირტუალური რეალობის სათვალეს რომ იკეთებდი, თითქოს აუდიტორიაში ხვდებოდი. ეს ძალიან კარგი გზა გამოდგა შიშის დასაძლევად. როცა ასეთი შიშების მკურნალობას იწყებენ, ფსიქოლოგები პაციენტებს ავალებენ, რომ სახლში, დღეში დაახლოებით 10 წუთი წარმოიდგინონ, რომ არიან ხალხმრავალ ადგილას და გამოდიან სიტყვით. ვირტუალური რეალობის დახმარებით კი ამის წარმოდგენა საჭირო არ არის“, – გვითხრა სანდრო ასათიანმა.

ვირტუალურ რეალობას რომ მართლა შეუძლია ადამიანებისთვის შიშების დაძლევაში დახმარება, ამას მრავალი კვლევა ადასტურებს.

ასეთივე წარმატებით გამოიცადა ვირტუალური რეალობა განათლების სფეროში. როგორც აღმოჩნდა, მოსწავლეები, რომლებსაც წიგნიდან ამოკითხვის ნაცვლად ვირტუალური რეალობის სათვალით აჩვენეს კონკრეტული ადგილი, უფრო მარტივად იმახსოვრებდნენ მის შესახებ ინფორმაციას ვიდრე ის მოსწავლეები, რომლებიც ტრადიციული ხერხით სწავლობდნენ.

იმავეს ამბობს სანდრო ასათიანი ჩვენთან საუბრისას. მისი აზრით, VR-ს საგანმანათლებლო პროცესში ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს.

„ვირტუალურ რეალობას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საგანმანათლებლო სივრცეში. იგი ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, რომ გაჩნდეს იქ სადაც ყოფნა შეუძლებელია, ძვირია ან სიცოცხლისთვის საშიშია. ამ მხრივ ძალიან დიდი პლუსი აქვთ სტუდენტებს და მოსწავლეებს. მათ შეუძლიათ VR-ის დახმარებით ნახონ, ვთქვათ, ქიმიური რეაქციები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში საშიშია მათთვის, ნახონ ისტორიული ადგილები ან მოვლენები, რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს. ერთია ამ ყველაფრის წიგნში ამოკითხვა, მეორე, როცა ვიდეოში ნახავ და მესამე, როცა თავად აღმოჩნდები იმ გარემოში“, – ამბობს სანდრო ასათიანი განათლების სფეროში ვირტუალური რეალობის როლზე საუბრისას.

გასაგებია, რომ ვირტუალურ რეალობას მართლაც შეუძლია საგანმანათლებლო პროცესის ბევრად უფრო გაუმჯობესება, მაგრამ მეორე ფაქტორია რამდენად ხელმისაწვდომია იგი ყველასთვის?

ამისთვის ჩვენ სხვადასხვა ტექნიკის მაღაზიები და ვებსაიტები დავათვალიერეთ, სადაც ვირტუალური რეალობის სათვალეები იყიდება. როგორც აღმოჩნდა, მათი ფასი 50 ლარიდან იწყება და ზოგიერთი მოწყობილობის ღირებულება 2,000 ლარსაც კი აღწევს. ისინი რა თქმა უნდა განსხვავდებიან შესაძლებლობებით, მაგრამ სწორად გამოყენების შემთხვევაში, ყველაზე იაფიან მოწყობილობასაც კი შეუძლია გააუმჯობესოს საგანმანათლებლო პროცესი.

როგორც სანდრო ასათიანი ამბობს, ვირტუალური რეალობის სათვალეების ნაწილი მარტივად ხელმისაწვდომია და საკმაოდ იაფიც ღირს. აქ უფრო პრობლემურია თავად პროგრამები და აპლიკაციები, რომლებიც VR-ის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის არის საჭირო, მიუხედავად ამისა, ინტერნეტში საკმაოდ დიდი რესურსის მოძიება მაინც არის შესაძლებელი.

მაგალითად, ყველასთვის საყვარელ პლატფორმა „იუთუბზე“ ბევრი არხის პოვნა შეიძლება, მათ შორის თავად „იუთუბის” ოფიციალური არხის,  რომელიც კონკრეტულად ვირტუალური რეალობის ვიდეოებს ქმნის. გარდა ამისა, საქართველოსთვის ხელმისაწვდომია რამდენიმე ათეული აპლიკაცია, რომელიც „იუთუბისგან“ განსხვავებით, მთლიანად ვირტუალურ რეალობაზეა ფოკუსირებული.

შესაბამისად, რესურსი ვირტუალური რეალობისთვის ნამდვილად არსებობს. ამასთან ერთად, საგანმანათლებლო სივრცეში VR სათვალის მიერ მოტანილი სარგებელი ბევრად უფრო მაღალია ვიდრე მისი ფასი. ამ ტექნიკის დანერგვას სკოლებში, უნივერსიტეტებში და ზოგადად საგანმანათლებლო სივრცეებში მცირე რესურსი და კეთილი ნება სჭირდება, საპასუხოდ კი, იგი საგრძნობლად გააუმჯობესებს სასწავლო პროცესის ხარისხს და უფრო სახალისოს გახდის მას.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები