თსუ-ის სტუდენტების ნაწილი ონლაინ გამოცდების მოთხოვნით, რექტორთან შეხვედრას ცდილობს

სტუდენტური პრობლემები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარების მოთხოვნით, უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარაშიძესთან შეხვედრას ითხოვს.

აქციის მონაწილეები დღეს, 30 მაისს რექტორის კაბინეტთან შეიკრიბნენ და მასთან შეხვედრა მოითხოვეს. სტუდენტების ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და გიორგი შარვაშიძის კაბინეტთან დაცვის მობილიზებაც მოხდა, რის შემდეგაც უკმაყოფილო სტუდენტებმა 214-ე ოთახში გადაინაცვლეს და ამ დრომდე უნივერსიტეტში რჩებიან.

როგორც საპროტესტო აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა, საბა ქექაძემ STUDINFO.GE-ს უთხრა, სტუდენტები უნივერსიტეტისგან სამ რამეს ითხოვენ. ესენია: სტუდენტების საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, სასწავლო ფორმატის ჰიბრიდულად გაგრძელება ყველა სტუდენტისთვის და ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარება.

მისივე სიტყვებით, მართალია უნივერსიტეტმა სწავლის ჰიბრიდულ რეჟიმში გაგრძელების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 11 მაისს გამოაცხადა, მაგრამ იგი ამ დრომდე არ სრულდება ბოლომდე.

„ეს არის მხოლოდ იმიტაცია, რომ თითქოს ჰიბრიდული სწავლება მიმდინარეობს უნივერსიტეტში. რექტორი პირდაპირ იტყუება, როდესაც გადაცემაში მიდის და ამბობს, რომ უნივერსიტეტმა დაიწყო ჰიბრიდული სწავლება და თსუ-ს გამართული აქვს სისტემა. რეალურად, ჰიბრიდული სწავლება გულისხმობს, რომ უნივერსიტეტს უნდა ეზრუნა იმაზე, რომ შედარებით გამართული ინტერნეტი ყოფილიყო შენობაში, შესაბამისი ტექნიკით ყოფილიყო აქაურობა აღჭურვილი, რომელიც დააკმაყოფილებდა იმ მინიმალურ მოთხოვნებს, რომლებიც სტუდენტებს ჰქონდათ, უნივერსიტეტი კი ამას არ აკეთებს“, – გვითხრა საბამ.

სტუდენტები უნივერსიტეტში გაჩერებას მანამდე აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სხვა შემთხვევაში კი უფრო მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გამართვას აანონსებენ.

შეგახსენებთ, რომ თსუ-ის სტუდენტების ნაწილი უკვე თვეზე მეტია რაც სასწავლო პროცესისა და გამოცდების ჰიბრიდულ რეჟიმში გადატანას ითხოვს.

ასევე იხილეთ:

პროტესტს უფრო მასშტაბური სახე ექნება“ – როგორ ასრულებს თსუ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას

რას პასუხობს თსუ სტუდენტებსრომლებიც 2 მაისიდან სწავლის სრულად აუდიტორიებში განახლებას აპროტესტებენ – დეტალები | Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები