საქართველოს უნივერსიტეტებში სასწავლო წლის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, მეოთხე კურსელებისთვის საბაკალავრო ნაშრომის წარდგენის დროც დგება. STUDINFO.GE კი, ტრადიციულად ცდილობს, რომ სტუდენტებს მაქსიმალურად გაუმარტივოს დავალების შესრულება.
სწორედ ამ მიზნით, 27 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, ლუიზა არუთინოვს დავუკავშირდით და ვკითხეთ, თუ რა შეცდომებს უშვებენ აბიტურიენტები ყველაზე ხშირად საბაკალავრო ნაშრომების წერისას და როგორ შეუძლიათ მათ ამ შეცდომების გამოსწორება.
პროფესორმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ უცხო ენების არცოდნის გამო, სტუდენტებისთვის, ხშირად რთული ხდება ნაშრომში გამოსაყენებელი საჭირო მასალის ინტერნეტში მოძიება.
„სტუდენტების ნაწილისთვის პრობლემურია წვდომა ისეთ ლიტერატურაზე, რაც მათ თემას, მათ საკითხებს პირდაპირ ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში თითქმის ყველა თემაზე უზარმაზარი ლიტერატურის მოძიება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი, სტუდენტებს ამაში ხელს უცხო ენების არცოდნა უშლის. ამიტომ, ისინი ცდილობენ, რომ ინფორმაცია ქართულენოვანი წყაროებიდან მოიძიონ. ამის გამო, ნაშრომებში გამოყენებული მასალა ხშირად მეორდება და ზოგჯერ პლაგიატსაც ვაწყდებით“, – თქვა ლუიზა არუთინოვმა STUDINFO.GE-სთან საუბრისას.
პროფესორმა სტუდენტების მხრიდან ემპირიულ, ანუ ადამიანის გამოცდილებაზე დაყრდნობილი მონაცემების მოპოვების პრობლემებზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, სტუდენტებს უჭირთ ასეთი ინფორმაციაზე წვდომა, რადგან, როგორც წესი, არასწორად შერჩეული რესპონდენტები ზედაპირულად, ზედმეტი ჩაღრმავების გარეშე ავსებენ მათ მიერ შექმნილ კითხვარებს, ეს კი ნამდვილ სურათს არ იძლევა.
„ყველა ნაშრომი, იქნება ეს საბაკალავრო, თუ სამაგისტრო, მოითხოვს სტუდენტის მხრიდან გარკვეულ ორიგინალურ მონაპოვარს, რომელიც მხოლოდ მას ექნება. ამის კარგი გზა კი ემპირიული კვლევის ჩატარებაა. მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია, რომ გამოკითხვაში არ იყოს მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით გაცემული პასუხები და ზედაპირულად შეფასებული მასალა. ამიტომ, კარგი იქნება, თუ რამენაირად შეძლებენ სტუდენტები და უმისამართოდ, ყველასთან არ გააგზავნიან საკუთარ კითხვარებს“, – ურჩევს პროფესორი მეოთხე კურსელებს.
ლუიზა არუთინოვმა STUDINFO.GE-სთან ამ პრობლემების მოგვარების გზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეცდომების მაქსიმალურად შესამცირებლად, მნიშვნელოვანია, სტუდენტები მიჰყვნენ ხელმძღვანელების რჩევებს, რადგან საბაკალავრო ნაშრომზე მუშაობისას, ხელმძღვანელის ჩართულობა ყველა ნაწილში მნიშვნელოვანია, რადგან ისინი სტუდენტებს დამატებით საკითხავ მასალებს უზიარებენ და მოპოვებული ინფორმაციის სწორად გაანალიზებაში ეხმარებიან.