სტუდენტები 26 მაისზე: დამოუკიდებლობას უფრო მძაფრად მაშინ იაზრებ, როცა განცდილი გაქვს, როგორ არ შეგიძლია შენს მიწაზე მშვიდად სიარული

სტუდენტი ამბობს

104 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მართალია ქვეყანამ ეს მონაპოვარი 3 წელიწადში დაკარგა, მაგრამ ამ პერიოდს მაიც ძალიან დიდი გაველნა ქონდა საქართველოს მომავალზე, კერძოდ კი 1991 წლის 9 აპრილზე, როდესაც საქართველომ კიდევ ერთელ გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

საინტერესოა, რა გავლენა აქვს დამოუკიდებლობას ქართველ სტუდენტებზე. იაზრებენ თუ არა მის მნიშვნელობას და ხვდებიან თუ არა როგორი იქნებოდა ცხოვრება ამ დღის გარეშე.

ამ კითხვებით STUDINFO.GE-მ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმართა, რომლებმაც საკმაოდ საინტერესო პასუხები გაგვცეს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი, ლიანა უზარაშვილი აფხაზეთიდან არის და გვეუბნება, რომ ისიც რა განსხვავებაა ოკუპაციასა და დამოუკიდებლობას შორის.

ლიანა: 26 მაისი უმნიშვნელოვანესი დღეა თითოეული ქართველის ცხოვრებაში. მე პირადად აფხაზეთიდან ვარ და ვიცი, რა განსხვავებაა ოკუპაციასა და დამოუკიდებლობას შორის. ორივე მაქვს ნანახი და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულად მიყვარს დღევანდელი დღე.

„დამოუკიდებლობის მნიშვნელობას უფრო მძაფრად მაშინ იაზრებ , როცა შენით გაქვს განცდილი როგორ არ შეგიძლია შენს მიწაზე მშვიდად სიარული, მშობლიურ ენაზე საუბარი და სწავლა. ეს ცალკე მტკივნეული საკითხია. რომ არა დამოუკიდებლობა, ალბათ, ვერც ქართულ ენაზე ვისწავლიდით, ისე როგორც ეს აფხაზეთში ხდება დღეს. იქ, ქართული ენა, როგორც უცხოური ისე ისწავლება და მგონია, რომ 26 მაისი და 9 აპრილის დღეები რომ არა, ჩვენ ამის ფუფუნებაც არ გვექნებოდა”.

საქართველოს უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი, ნიკალა მახარობლიშვილისთვის 26 მაისი ის დღეა როცა ჩვენი ქვეყანა ყველაზე დიდ ღირებულებას ზეიმობს და ბუნებრივია, ეს ყველაფერი თავისუფლებასთან და დამოუკიდებლობასთან ასოცირდება.

ნიკალა: ის რომ, ჩვენთვის დემოკრატია და თავისუფლების უფლება ყველაზე ფასეული რამაა, სწორედ 26 მაისის დამსახურებაა.

„ეს ჩემთვის ერთგვარი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, რადგან ძვირფას მონაპოვარს კარგი გაფრთხილებაც სჭირდება. მე ვიაზრებ, რომ როგორც ახალგაზრდამ, დამოუკიდებლობის ტვირთი და სიამაყე ერთად უნდა ვატარო, – სწორედ ეს მომცდა დღევანდელმა დღემ.

„დამოუკიდებლობა რომ არა, ჩვენი ცხოვრება, ალბათ, ისეთივე უინტერესო და არაფრისმომცემი იქნებოდა, როგორიც ეს რუსეთის იმპერიაში შემავალ მარიონეტულ სახელმწიფოებშია, კონკრეტულად არ ჩამოვთვლი რომლებში“.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი, მარიამ სანდუხაძე გვიხსნის რა ძალა მისცა დამოუკიდებლობამ.

მარიამი: როგორც ყველა ქართველისთვის, ისე ჩემთვის, ეს დღე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.  როცა იზარებ რომ ქართველების ბრძოლამ შედეგი გამოიღო, მაშინ შენც ძლიერდები და ხვდები რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია – მეც ეს მომცდა დამოუკიდებლობამ. მადლობა ჩვენს წინაპრებს ამისთვის და დიდი პატივისცემა.

“დამოუკიდებლობამ, პირველ რიგში, თავისუფლების შეგრძნება და სიტყვის თავისუფლება მომცა. მე მიხარია, რომ ვიცი საქართველოს ისტორია, რომელიც დღემდე გამოვიარეთ. რომ არა ეს დღე, ჩვენ არ გვეცოდინებოდა ვინ ვართ, საიდან ვართ და რას წარმოვადგენთ”.

თბილისის საელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, გიორგი ჩაჩხიანი ამბობს, რომ დამოუკიდებლობა მისთვის – ესაა მუდმივი პროგრესი, განვითარება და უკეთესი მომავლის შენებისკენ სწრაფვა, როგორც საზოგადოებრივი, ისე ინდივიდუალური.

გვითხრა, რომ ბევრი დღესასწაულია, რომელიც უბრალოდ სტატიკურობით ხასიათდება, იცი რა მოხდა, რატომ მოხდა, როდის მოხდა და რატომ აღნიშნავ, მაგრამ ეს არ შეიძლება ითქვას 26 მაისზე – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე.

გიორგი: 26 მაისი ჩემთვის პირადად სახელმწიფოებრივ (არაქრისტიანულ) დღესასწაულებს შორის ყველაზე მეტად დინამიურია, რადგან ასაკის მატებასთან, ღირებულებების გადაფასებასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შეფასებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო მეტად იცვლება მისი მნიშვნელობის გააზრება.

„ბავშვობაში ეს დღე მიხაროდა იმიტომ, რომ რუსთაველის გამზირზე დიდი ინტერესით ვათვალიერებდი გამოფენილ სამხედრო ტექნიკას, ქართველ ჯარისკაცებს ვესალმებოდი და მამაჩემის ნაყიდ საქართველოს დროშას მთელი ძალით აქეთ-იქით ვაქნევდი ხოლმე. მერე მივხვდი, რომ საბჭოთა დროშის ნაცვლად, მხოლოდ საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის ქნევა არ არის დამოუკიდებლობა. შესაძლოა, ქვეყნის შიგნით არსებობდეს ბევრი პრობლემა, სხვადასხვა ხელისუფლების მმართველობის პირობებში, ეჭვები ცალკეული ინსტიტუტების რეალურ დამოუკიდებლობასთან მიმართებით, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობების მხრივ, სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთქმედებისას სახელმწიფოს არჩევანი, გაიკვალოს თავისი გზა მსოფლიოს ასპარეზზე, ხალხთა უფლება, შეინარჩუნონ ეროვნული იდენტობა და არ იცხოვრონ დაწესებულ ჩარჩოებში, რომელებიც სულს გიხუთავს, თავისუფლებას გართმევს, იმედს გაკარგვინებს – სწორედ ესაა დამოუკიდებლობა.

“დამოუკიდებლობა ჩემთვის იმედია, იმედი იმისა, რომ სანამ თავისუფალი ხარ, როგორი არასახარბიელოც არ უნდა იყოს დღეს არსებული სიტუაცია, ხვალ ყოველთვის შეგეძლება, რომ რაღაც შეცვალო, რადგან დამოუკიდებლობის დროს, ნებისმიერი შიდასახელმწიფოებრივი პროცესის წარმართვა ამ სახელმწიფოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული“.

მისი თქმით, მარტივი გაგებით, სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ვლინდება ამ სახელმწიფოს მოქალაქეთა არჩევანში ისეთი ყოველდღიური საკითხების მიმართ, როგორებიცაა – გქონდეს საკუთარი კანონები, რომელიც არ გიკარნახებს იმას, თუ როგორ უნდა ჩაიცვა, რას უნდა უყურო, რა უნდა იყოს შენი ქონების ზედა ზღვარი, ვის უნდა შეხვდე, რომელ ქვეყანაში წახვიდე სამოგზაუროდ და სხვა.

თქვენში რა ემოციებს აღძრავს დამოუკიდებლობის დღე? მოგვიყევით კომენტარებში

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები