რატომ არ აგრძელებენ სტუდენტები მაგისტრატურაზე სწავლას მასობრივად? – ექსპერტის მოსაზრება

სტუდენტური პრობლემები

ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან ერთად ახლოვდება სამაგისტრო გამოცდებიც. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2022 წელს მაგისტრანტობის სურვილი 9,500-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. ეს იმ ფონზე, როცა საბაკალავრო გამოცდისთვის 41,000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

მაგისტრანტობის მსურველების რიცხვი წელს, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 3,300 კანდიდატით შემცირდა.

მაგისტრის საფეხურზე არსებულ დაბალ აქტივობაზე მიუთითებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს უახლესი მონაცემებიც. კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, 2021/2022 სასწავლო სემესტრში მაგისტრატურაზე 21,510 სტუდენტი სწავლობს, ამავე პერიოდში კი საბაკალავრო საფეხურზე 76,242 ადამიანი ირიცხება.

რატომ არ აგრძელებს სტუდენტთა ნაწილი სამაგისტრო საფეხურზე სწავლებას, STUDINFO.GE სტუდენტების პოზიციით დაინტერესდა და ეს შეკითხვა „საქართველოს უნივერსიტეტის“ მეოთხე კურსის სტუდენტს, ირაკლი მოდებაძეს დაუსვა.

ირაკლის თქმით, მას საქართველოში მაგისტრატურაზე სწავლა არ სურს, რადგან აქაური სამაგისტრო პროგრამები მისთვის უინტერესოდ და უპერსპექტივოდ მოჩანს.

„საქართველოში მაგისტრატურაზე სწავლა ნამდვილად არ მინდა, რადგან აქ სასურველი ფაკულტეტები ვერ მოვიძიე. რასაც გადავხედე, ან არ მაინტერესებდა ან უპერსპექტივო იყო. სწავლას ალბათ დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში გავაგრძელებდი, რადგან ვიცი, იქ უფრო მეტი არჩევანი მექნება, უფრო ძლიერი სწავლება იქნება და იქაური დიპლომით უფრო გამიმარტივდება საქართველოში დასაქმება“, – გვითხრა ირაკლიმ.

საკითხზე საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატმა, ფილოსიფიის მეცნიერებათა დოქტორმა და თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ლალი სურმანიძემ. 

როგორც დოქტორმა გვითხრა, ნორმალურია, როდესაც მაგისტრატურის საფეხურზე უფრო ცოტა აბარებს ვიდრე ბაკალავრზე, რადგან ეს უფრო მაღალი საფეხურია და მის მოთხოვნებს ყველა სტუდენტი ვერ აკმაყოფილებს და მიაჩნია რომ, მაგისტრანტების სიმცირეზე გავლენა ასევე იქონია კორონავირუსის პანდემიამ, რადგან ამ პერიოდში ზოგადად სტუდენტების რაოდენობაც შემცირდა.

„ჩემი დაკვირვებით გეტყვით, რომ სტუდენტების ნაწილს უცხოეთში წასვლა უნდა. როცა ისინი ამბობენ, რომ საქართველოში სასურველ განათლებას ვერ მიიღებენ, ეს სწორი არ არის. მაგალითისთვის, მე მყავს დოქტორანტები, რომლებმაც ისე ბრწყინვალედ დაიცვეს ხარისხი, რომ დღემდე ვლაპარაკობთ მათზე. ამასაც რომ დავანებოთ თავი, საზღვარგარეთის ქვეყნებში ამ სტუდენტებზე ტაციაობაა. ანუ, თუ მოინდომე, აქაც მშვენივრად შეგიძლია გააკეთო ყველაფერი და გახდე კვალიფიციური პროფესიონალი“, – უთხრა STUDINFO.GE-ს ლალი სურმანიძემ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები