თსუ-ის სტუდენტებისთვის დასკვნითი გამოცდები თბილისის გარდა, სხვა ქალაქებშიც ჩატარდება – რა პოზიცია აქვთ სტუდენტებს

უნივერსიტეტების სიახლეები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისთვის, ვისაც დედაქალაქში ჩამოსვლა და დასკვნით გამოცდებზე დასწრება არ შეუძლია,  ახალი შეთავაზება ექნება. კერძოდ, როგორც STUDINFO.GE-მ გაარკვია, დასკვნითი გამოცდების ჩატარება სხვა ქალაქებშიც იგეგმება და ამისთვის უნივერსიტეტმა მუშაობაც დაიწყო:

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია  აქტიურად მუშაობს დასკვნითი გამოცდების თბილისის გარდა, დამატებით ალტერნატიულ ლოკაციაზე დასწრებით ფორმატში ჩატარების საკითხზე. ეს გაზრდის სტუდენტების დასწრებით ფორმატში გამოცდებში მონაწილეობის ხელმოსაწვდომობას. საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი“, – განუცხადეს 19 მაისს STUDINFO.GE-ს თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, რომელ ქალაქებზეა საუბარი.

თავდაპირველად, აღნიშნული ინფორმაცია, თსუ-ში სააუდიტორიო რეჟიმში სწავლის დაწყების მოწინააღმდეგეების „ფეისბუკ“ ჯგუფში გავრცელდა და როგორც თსუ-ის ერთერთმა სტუდენტმა, სოფი მოლაშხიამ დაწერა, უნივერსიტეტი გეგმავს რომ დასკვნითი გამოცდები სამ დიდ ქალაქში, თბილისში, ახალციხესა და ქუთაისში ჩაატაროს.

„სააუდიტორიო რეჟიმის მოწინააღმდეგეებმა თსუ-ს შევთავაზეთ რომ ან ჰიბრიდულ ფორმატში გვქონოდა გამოცდები, ან ონლაინ. ჰიბრიდულზე უარი გვითხრეს, ონლაინის შეთავაზება კი განხილვაშიც არ მიუღიათ და ამის მაგივრად შემოგვთავაზეს, რომ დიდ ქალაქებში გახსნიდნენ საგამოცდო ცენტრებს. ისინი აპირებენ, რომ გამოცდები, თბილისის გარდა, ქუთაისსა და ახალციხეშიც ჩაატარონ“, – უთხრა STUDINFO.GE-ს სოფი მოლაშხიამ.

სოფი ამბობს, რომ ეს სტუდენტების პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან იმ სტუდენტების ნაწილი, რომლებიც თბილისში ვერ ახერხებდნენ ჩამოსვლას, კვლავ ვერ შეძლებს ქუთაისში ან ახალციხეში გამოცდის დასაწერად ჩასვლას.

მისივე ინფორმაციით, უკმაყოფილო სტუდენტები საპროტესტო აქციებს იგივე მოთხოვნებით გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი უკვე თვეზე მეტია რაც სასწავლო პროცესისა და გამოცდების ჰიბრიდულ რეჟიმში გადატანას მოითხოვს.

ასევე იხილეთ:

„პროტესტს უფრო მასშტაბური სახე ექება“ – როგორ ასრულებს თსუ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას

რას პასუხობს თსუ სტუდენტებს, რომლებიც 2 მაისიდან სწავლის სრულად აუდიტორიებში განახლებას აპროტესტებენ – დეტალები | Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები