რა ღირს სტუდენტის ყოველდღიურობა თბილისში – მინიმალური და მაქსიმალური ხარჯები

სტუდენტური ცხოვრება

კარგი უმაღლესი განათლება ადამიანის წარმატებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამისთვის ახალგაზრდები ყოველწიურად ათასობით ლარს იხდიან უნივერსიტეტებში. თუმცა, ეს სტუდენტების რეალური ხარჯის მხოლოდ ნაწილია.

ის, თუ რა ჯდება სტუდენტობა ყოველთვიურად, დამოკიდებულია სტუდენტის საცხოვრებელ ადგილზე და იმაზე, თუ რამდენად ეხმარება მას ოჯახი. რადგან ახალგაზრდებს, რომლებიც რეგიონებიდან დედაქალაქებში ჩამოდიან ან ოჯახთან ერთად არ ცხოვრობენ, სხვა ხარჯებთან ერთად, ბინის ქირაშიც უწევთ ფულის გადახდა.

ბინის ქირა კი, ამ ბოლო პერიოდში, საკმაოდ გაძვირდა. თბილისში მცხოვრები სტუდენტებისთვის ეს პრობლემას თითქმის არ წარმოადგენს, ხოლო რეგიონებიდან ჩამოსულ ახალგაზრდები ყველაზე დიდ თანხას სწორედ საცხოვრებელი სახლების ქირაში იხდიან.

როგორც STUDINFO.GE-მ სტუდენტებთან საუბრისას და სხვადასხვა ვებ-გვერდების კვლევისას გაარკვია, ახალგაზრდებისთვის შესაფერისი, ნორმალური ბინის ყოველთვიური ქირა 400-დან 1000-ლარამდე მერყეობს. ბინების ფასები განსხვავებულია უბნების მიხედვითაც. გარეუბნებში მდებარე ბინები უფრო იაფია, ვიდრე ქალაქის ცენტრში.

როგორც სტუდენტებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს,  ისინი ეკონომიის მიზნით, სწორედ გარეუბნებს ირჩევენ საცხოვრებლად. ამასთან ერთად, თბილისში რეგიონებიდან სასწავლებლად ჩამოსული ახალგაზრდების დიდი ნაწილი, სახლს რამდენიმე მეგობართან ერთად ქირაობს და გადასახადებს მათთან ერთად ინაწილებს, რაც, მათი თქმით, ფულის დაზოგვას უფრო მარტივს ხდის.

STUDINFO.GE-ს რესპონდენტი გიორგი მიქელაძე, რომელიც თბილისში სასწავლებლად 2018 წელს ქობულეთიდან ჩამოვიდა, ბინის ქირასა და სხვა გადასახადებს კიდევ ორ მეგობართან ერთად ინაწილებს. გიორგი ამბობს, რომ მას ნამდვილად გაუმართლა და დედაქალაქში მარტო არ მოუწია ჩამოსვლა. 

„2018 წელს ბინის ქირაში 630 ლარამდე ვიხდიდით. თუმცა, მას შემდეგ რაც დოლარის კურსი მკვეთრად გაიზარდა, ყოველთვიური გადასახადი 700 ლარზე მეტი გახდა. გამიმართლა, რომ ორ მეგობართან ერთად ვცხოვრობ და ამიტომ თითო ჩვენგანი მხოლოდ 210 ლარს იხდიდა ყოველ თვე. ახლა კი, პანდემიის პირობებში, ბინის მფლობელმა გადასახადი დაგვიკლო და მხოლოდ 400 ლარს ვიხდით ყოველთვიურად, გარდა ამისა, ვიხდით ინტერნეტისა და კომუნალურების გადასახადებსაც“, – გვიყვება გიორგი საკუთარ ბიუჯეტის დათვლისას.

კომუნალური გადასახადები და ინტერნეტი, დღევანდელ დროში, სტუდენტის ყოველდღიური ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესია. ინტერნეტის ფასი ერთ თვეში 30 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს თუმცა, ყველაზე იაფიანი, 30-ლარიანი პაკეტი სრულიად საკმარისია სტუდენტური საქმიანობისთვის.

რაც შეეხება სხვა კომუნალურ გადასახადებს, სტუდენტების თქმით, ეს წლის სხვადსხვა მონაკვეთში განსხვავებულია. მაგალითად ზამთარში, გადასახადი უფრო მეტია ვიდრე ზაფხულში. უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ:

  • ზამთრის პერიოდში სტუდენტები გაზის გადასახადში 50 ლარიდან 70-ლარამდე იხდიან. ზაფხულის პერიოდში კი 20-დან 30-ლარამდე უჯდებათ.
  • ელექტროენერგიის გადასახადში 30-დან 50-ლარამდე იხდიან.
  • წყლის გადასახადი შედარებით დაბალია და სტუდენტებისთვის, ყოველთვიურად, 5-დან 10-ლარამდე ჯდება.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზაფხულის პერიოდში სტუდენტებს, კომუნალურებსა და ინტერნეტში 100 ლარიდან 120-ლარამდე ეხარჯებათ. ზამთარში კი ეს გადასახადი 120 ლარიდან 190-ლარამდე მერყეობს.

მაღალი ინფლაციის ფონზე, სტუდენტისთვის ასევე დიდი გასავალია კვების ხარჯებიც, რაშიც ყოველთვიურად, დაახლოებით, 300-დან 500-ლარამდე იხარჯება. ესეც დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ საიდან მოდის სტუდენტის კვების ძირითადი რაციონი, ეხმარება თუ არა მას ოჯახი. რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტების ნაწილს ხშირად სოფლის პროდუქტიც თან მოაქვს ან უგზავნიან, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დანახარჯებს. როგორც გიორგი მიქელაძემ გვითხრა, მისი ხარჯი საკვებისთვის 50%-ით უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა სოფლიდან წამოღებული პროდუქტი.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სოფლიდან ჩამოსვლისას, ჩვენთვის საჭირო პროდუქტი თან წამოვიღოთ. ეს ერთგვარი ბენეფიტია ჩემთვის. რომ არა ეს პროდუქტი, ჩვენი ხარჯი კვების მხრივ, ალბათ 50%-ით უფრო მეტი იქნებოდა“, – აღნიშნავს გიორგი

დედაქალაქში ცხოვრება სამგზავრო ხარჯის გარეშე შეუძლებელია. თუმცა, რადგან სტუდენტები მერიის შეღავათით სარგებლობენ და მეტროსა თუ  ავტობუსში 20 თეთრს იხდიან, მათ მგზავრობა ძვირი არ უჯდებათ.

გარდა ამისა, ხანდახან არის საჭიროებები, როცა სტუდენტს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაგივრად ტაქსით სარგებლობა უწევს. ასევე, რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები სახლში ჩასასვლელად და დედაქალაქში დასაბრუნებლად კერძო ტრანსპორტს იყენებენ, რაც ასევე დამატებითი სამგზავრო ხარჯია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სტუდენტების სამგზავრო ხარჯი ყოველთვიურად 50 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს, იმის მიხედვით, თუ რა ინტენსივობით მგზავრობენ ისინი. 

ყველას სურს, რომ კარგად გამოიყურებოდეს. ამიტომ, ტანსაცმელი სტუდენტური ხარჯის განუყოფელი ნაწილია. გარდერობის განსაახლებელი თანხების მობილიზება სტუდენტებისთვის ყოველთვიური აუცილებლობა არ არის, მაგრამ თითო შენაძენზე ისინი ტანსაცმელში საშუალოდ 200-დან 400 ლარამდე ხარჯავენ.

სტუდენტური ცხოვრება არ არსებობს გართობის გარეშე. ეს ის ერთადერთია რამეა, რაშიც ახალგაზრდების უმეტესობას თანხის გადახდა არ ენანება. იქნება ეს კლუბები, ბარები, წვეულებები, თუ უბრალოდ კონკრეტული ჰობი, ყველაფერს სჭირდება ფული. ერთი თვის განმავლობაში, სტუდენტები გართობისთვის 150 ლარიდან 300-ლარამდე ხარჯავენ. ესეც დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის როგორი სახის გართობა მოსწონს და როგორი შესაძლებლობები აქვს.

ყველაზე ცოტა ფული სტუდენტებს სწავლისთვის საჭირო ინვენტარში და საკანცელარიო ნივთებში ეხარჯებათ. გამომდინარე იქიდან, რომ ახლა ბევრი რესურსი ციფრულია, სტუდენტები თითქმის აღარ ყიდულობენ სასწავლო მასალას, რვეულებს, კალმებს და მათ ნაცვლად ციფრულ ტექნოლოგიებს იყენებენ. შესაბამისად, სწავლისთვის საჭირო ნივთებში, სტუდენტები, დაახლოებით, 20-დან 50-ლარამდე იხდიან.

საბოლოო ჯამში, სტუდენტების პასუხებზე დაყრდნობით და ჩვენი დაკვირვებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტების ყოველთვიური ხარჯი დედაქალაქში 750 ლარიდან 2000-ლარამდე მერყეობს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეკონომიურად ხარჯავს სტუდენტი ფულს, მარტო ცხოვრობს თუ მეგობრებთან ერთად და ეხმარება თუ არა მას ოჯახი.

ხოლო რაც შეეხება სტუდენტებს, რომლებიც თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობენ, მათი თვიური ხარჯი ბევრად უფრო ნაკლებია. მათ არ უწევთ ბინის ქირის გადახდა, არ ყიდულობენ ყოველდღიურ საკვებს და ნაკლებად იხდიან კომუნალურ გადასახადებს. თუ ამ ყველა ხარჯს გამოვაკლებთ, ვნახავთ, რომ ასეთი სტუდენტების გასავალი ყოველთვიურად 500 ლარიდან 900-ლარამდეა. 

ასევე იხილეთ:

“განათლების სისტემა პროფესიონალ უმუშევრებს გვაწვდის” – ვინ სჭირდება შრომის ბაზარს და ბიზნესს

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები