რომელია მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული 5 უნივერსიტეტი

განათლება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ სასურველი უნივერსიტეტის ძიებისას ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი სწავლის ხარისხია. რაც უფრო მაღალია განათლების ხარისხი მით უფრო პრესტიჟულია უნივერსიტეტი , ხოლო რაც უფრო პრესტიჟულია უნივერსიტეტი მით უფრო მოთხოვნადია იგი.

STUDINFO.GE-მ გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს 5 ყველაზე პოპულარული უნივერსიტეტის შესახებ მოეყოლა თქვენთვის. უნივერსიტეტების სიას ბრიტანული გამოცემა The Times Higher Education აქვეყნებს.

ოქსფორდის უნივერსიტეტი

არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ პრესტიჟული უნივერსიტეტების სათავეში ბრიტანული ოქსფორდის უნივერსიტეტი მოექცა. კვლევის თანახმად, ამ უნივერსიტეტში 20,835 სტუდენტი სწავლობს. მათი 42% უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ოქსფორდი ერთერთი ყველაზე ძველი უნივერსიტეტია მთელს მსოფლიოში, რომელიც უამრავმა წარმატებულმა ადამიანმა დაამთავრა. გამოცემა Times Higher Education-ის ინფორმაციით,  ამ უნივერსიტეტში სწავლობდა მსოფლიო ქვეყნების 30 ლიდერი, ბრიტანეთის 28 პრემიერ-მინისტრი, ნობელის პრემიის 55 გამარჯვებული და 120-ზე მეტი ოლიმპიური მედლის მფლობელი.

ჰარვარდის უნივერსიტეტი

სიაში მეორე ადგილს ჰარვარდის უნივერსიტეტი იკავებს. ეს ერთერთი საკმაოდ პოპულარული უნივერსიტეტი 1636 წელს დაარსდა. ის ყველაზე ძველი უნივერსიტეტია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჰარვარდში 21,574 სტუდენტი სწავლობს, მათი 23% კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

კალიფორნიის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი

Times Higher Education-ის მონაცემებში ჰარვარდის უნივერსიტეტთან მეორე ადგილს იყოფს კალიფორნიის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი. თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით, აქ საკმაოდ ცოტა სტუდენტი სწავლობს, მათი რიცხვი 2,233-ს შეადგენს. სტუდენტების 34% უცხო ქვეყნის მოქალაქეა. უნივერსიტეტი 130 წლის წინ, 1891 წლის 23 სექტემბერს დაარსდა. კალიფორნიის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი 76-მა ნობელის პრიზის გამარჯვებულმა დაამთავრა.

სტენდფორდის უნივერსიტეტი

სტენფორდის უნივერსიტეტი კიდევ ერთი ამერიკული უნივერსიტეტია, რომელიც ამ სიაში მოხვდა. არსებული მონაცემების თანახმად, აქ 21,574 სტუდენტი სწავლობს, მათი 24% უცხოელია.

სტენფორდის უნივერსიტეტის 74 კურსდამთავრებული მილიარდელი გახდა. ასევე, ეს უნივერსიტეტი დაამთავრა 34-მა ნობელის პრემიის ლაურეატმა და პულიცერის პრიზის ოთხმა მფლობელმა. Times Higher Education წერს, რომ სტენდფორდის უნივერსიტეტი იყო ადგილი სადაც ისეთი კომპანიების იდეები დაიბადა როგორებიც არის: Nike, Instagram, Google, Snapchat, Linkedin და ასე შემდეგ.

კემბრიჯის უნივერსიტეტი

კემბრიჯის უნივერსიტეტი 1209 წელს დაარსდა. იგი 31 ავტონომიური კოლეჯისგან შედგება. ამ უნივერსიტეტში 19,681 სტუდენტი სწავლობს. მათი 39% უცხოელია.

სასწავლო დაწესებულებაში 100-ზე მეტი ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს. მათ შორის ყველაზე ცნობილი რენის ბიბლიოთეკაა, სადაც  ეი. მილნის ცნობილი წიგნის ვინი პუჰის ხელნაწერი, ისააკ ნიუტონის სამუშაო წიგნაკი და შექსპირის ნამუშევრების ადრინდელი ვერსიები ინახება.

თქვენთვის რომელი უნივერსიტეტია განსაკუთრებით საინტერესო? გვითხარით კომენტარებში

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები