თუ ახალ საკითხავს ეძებ – ქართველი სტუდენტების საყვარელი ლიტერატურა

ლიტერატურული გვერდი

თუ ახალ საკითხავ წიგნებს ეძებ და ჯერ ვერ იპოვე ის ერთადერთი – ეს რუბრიკა სწორედ შენთვის არის. EDU.ARIS.GE საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს მათი საყვარელი მწერლებისა და წიგნების შესახებ ესაუბრა და მათი რჩეული ლიტერატურის თქვენთვის გაზიარება გადაწყვიტა. მოკლედ, რას კითხულობენ ქართველი სტუდენტები?

ეს კითხვა, თავდაპირველად, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტს, თემო კობახიძეს დავუსვი:

“ამ შეკითხვაზე პირველი ლუთერ ნიუტონ ჰეისის წიგნი, ჩინური დრაკონი მახსენდება. წიგნის ავტორი მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩინეთში წავიდა, დრაკონებზე ადგილობრივი მითებისა და ლეგენდების შესაგროვებლად. ფაქტიურად მთელი ცხოვრება ამ კვლევას შეალია და საბოლოოდ ძალიან საინტერესო რაღაც გამოუვიდა. ეს წიგნი არც ისე ცნობილია საზოგადოებაში და ამიტომ, ყველას ვურჩევ რომ წაიკითხონ,“ – თქვა თემომ და ისიც აღნიშნა, რომ იგი, ძირითადად, კვლევით და სამეცნიერო წიგნებით არის დაინტერესებული.

განსხვავებული ჟანრის წიგნზე მესაუბრა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი, ანა რობაქიძე.

მისი თქმით, მისთვის ყველაზე მიმზიდველი ლიტერატურული ჟანრი აბსურდული ფილოსოფიაა და სწორედ ამან განაპირობა ისიც, რომ მისი საყვარელი მწერალი ალბერტ კამიუა.

„ალბერტ კამიუს – „უცხო“ იყო ის წიგნი, რომლის წაკითხვის შემდეგაც, ფაქტიურად, შოკირებული დავრჩი. წიგნის სტილი და იდეა ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო. განსაკუთრებით, წიგნის მთავარი პერსონაჟით, მერსოთი მოვიხიბლე, რადგან ეს არის პერსონაჟი, რომელიც საზოგადოებაში არსებულ ყველა ნორმასა თუ ჩარჩოებს სრულიად არღვევს,“ – აღნიშნავს ანა.

თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის – აისეტის სტუდენტმა, ანასტასია ჩხენკელმა, უფრო ღრმა ბავშვობა გაიხსენა და ჯერომ სელინჯერის კლასიკად აღიარებული წიგნის „თამაში ჭვავის ყანაშის“ შესახებ მესაუბრა:

„სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ ჩემთვის ყველაზე რეალურ შეგრძნებებს აღწერს. ეს წიგნი არაჩვეულებრივად გვაჩვენებს იმას, თუ როგორი მძიმეა ზრდასრულ სამყაროში შებიჯება და ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნა. როდესაც „ჭვავის ყანაში თამაშის“ უდარდელ და უმანკო ეტაპიდან გამოდიხარ, ძალიან რთულია რომ კლდის პირიდან არ გადავარდე და როგორღაც შეინარჩუნო შენი თავი, შენი ღირებულებები, არ შეერიო და არ გადაიჩეხო სიყალბის იმ უფსკრულში, რომელიც ასე ძალიან არ მოგწონს,“ – განმარტავს ანასტასია და საუბარს იმ შეგრძნებებზე აგრძელებს, რომელიც ამ წიგნის პირველი წაკითხვისას დაეუფლა.

„ეს წიგნი დამეხმარა გამეაზრებინა, რომ ის რასაც ამ კლდის პირას მდგარი განვიცდიდი, ნორმალური იყო, ნორმალური იყო როცა, როცა თავს დაკარგულად და გახლეჩილად ვგრძნობდი, როცა ჭვავის ყანისა და უფსკრულის გასაყარზე ვიდექი და არ ვიცოდი სად ან როგორ წავსულიყავი. ესეც ხომ ცხოვრების გარდაუვალი ეტაპია. ჰოლდენი ამბობს, „მინდა ჭვავის ყანაში დამჭერად ვმუშაობდე. ვაფრენ ხო იცი.“ თუმცა მე მივხვდი რომ ჰოლდენი სულაც არ „აფრენს“, და მეტიც, რომ მთლიანად ჩემზე იყო დამოკიდებული  ამ სამყაროში რა ადგილს დავიმკვიდრებდი და ვიპოვიდი თუ არა ჩემს თავში ძალას რომ ჭვავის ყანის მიჯნაზე მდგარი, კლდის პირიდან უფსკრულში არ გადავვარდნილიყავი,“ – ამბობს ანასტასია EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.

თქვენი საყვარელი წიგნი ან მწერალი რომელია? – გვითხარით კომენტარებში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები