სტუდენტები საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

სტუდZona

უკვე ერთი კვირაა, რაც უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ამ მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, ქართველმა სტუდენტებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინის მხარდაჭერაში საკუთარი წვლილი შეიტანონ და საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი უკრაინელების დასახმარებლად გაერთიანდნენ.

ინიციატივა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჯიპას, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, სეუ-ს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით.
მათ ერთ უკრაინელ ოჯახს უკვე გადასცეს საყოფაცხოვრებო ნივთები.

სტუდენტებმა Facebook-ზე სპეციალური ჯგუფი Ukraine Support შექმნეს და დახმარების მიღებისა და გაცემის მსურველებს, ინფორმაციის ნახვა სწორედ ამ ჯგუფში შეუძლიათ. ამავე ჯგუფში ქვეყნდება უკრაინაში მიმდინარე ყოველდღიური ამბებიც.

„უკრაინელ ხალხს გვინდა მორალური და მატერიალური დარტყმა შევუმსუბუქოთ. ამ მიზნით სტუდენტებმა გაერთიანება და ამ ადამიანების დახმარება გადავწყვიტეთ. ვაგროვებთ თანხასა და სხვადასხვა ნივთებს. ვინაიდან ბავშვებთან ერთად მოუწია ბევრ ოჯახს სამშობლოს დატოვება ან საქართველოში დარჩენა, მათ სჭირდებათ ბავშვის საკვები და ჰიგიენის ნივთები. ასევე ვაგროვებთ პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთებსაც“, – ამბობს „GIPA”-ს სტუდენტი, მარიამ ჭითანავა STUDINFO.GE-სთან საუბარში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები