როგორ იშოვა ქართველმა სტუდენტმა 3000$ NFT-ის გაყიდევით – თეონა ფორჩხიძის ამბავი

სტუდZona

თეონა ფორჩხიძე 20 წლის სტუდენტია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საინფორმაციო ტექნოლოგიებს სწავლობს. გვიყვება, რომ ბავშვობიდან ხატვა უყვარს. ალბათ ამ გავლენით სასიამოვნო სასარგებლოს დაუკავშირა და პროგრამირების ენების ადამიანებად დახატვა დაიწყო. შემდეგ კი NFT- ებად, ანუ ელექტრონულ ნახატებად აქცია და გაყიდა.

NFT შეიძლება იყოს ნებისმიერი ციფრული პროდუქტი, ფოტო, ვიდეო, ნახატი, მუსიკა თუ სხვა. NFT ცნობილი კრიპტოვალუტის – ეთერიუმის ბლოკჩეინშია განთავსებული, ანუ მონაცემების ჯაჭვში, რომელიც საშუალებას გვაძლევს ინფორმაცია დაცულად შევინახოთ და ტრანზაქციები შუამავალი პირების გარეშე შევასრულოთ. თითოეული NFT უნიკალურია და მისი მეპატრონე ციფრული აქტივების მფლობელი ხდება. NFT-ის მფლობელს კი ციფრულ სამყაროში სხვადასხვა უპირატესობები აქვს, მაგალითად, NFT-ებს ყველაზე ხშირად კომპიუტერულ თამაშებში იყენებენ.

NFT-ის შექმნა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მის გასაყიდად კი ინტერნეტში სხვადსხვა პლათფორმები არსებობს.

თეონამ ერთ თვეში საკუთარი 106 NFT ნახატით კოლექცია შექმნა და opensea.io – ზე გაყიდა და ჯამში 3000 დოლარზე მეტი გამოიმუშავა. NFT რომელიც საკოლექციო ხასიათისაა უფრო ძვირადღირებულია.

„NFT-ების გაყიდვა 1 თვის წინ დავიწყე. თუმცა, მაშინვე მქონდა გააზრებული, რომ როცა ქართველი 20 წლის სტუდენტი გოგო აკეთებს NFT-ებს გარემოში, სადაც ხალხის უმეტესობას არცკი გაუგია ეს სიტყვა, რთული იქნებოდა. NFT-ის გასაყიდად ძალიან მნიშვნელოვანია აუდიტორია გყავდეს, ამიტომ გადავწყვიტე ეს გარემო ქართულ პირობებში შემექმნა და მეტი ადამიანი დამეინტერესებინა. დავიწყე სტატიების წერით, შემდეგ Facebook ჯგუფის მოდერატორი გავხდი, რაც ვიცი იქ ვასწვლი და ვუზიარებ ხალხს. პარალელურად კი მათ ჩემს კოლექციას Programmer Loves -საც ვთავაზობ“, – გვიყვება თეონა.

სტუდენტის კოლექციიდან ერთ-ერთი ნახატი 204 დოლარად გაიყიდა, ეს იყო მის მიერ შექმნილ NFT-ში გადახდილი ყველაზე დიდი თანხა. აი მისი კოლექციის ზოგიერთი NFT:

თეონას თქმით, დიდ NFT პროექტებზე სამუშაოდ საჭიროა გუნდი გყავდეს, რომელიც არამარტო შექმნაზე, არამედ ამ ყველაფრის პოპულარიზაციაზეც იზრუნებს. როგორც STUDINFO.GE-ს უთხრა, ახლა საკუთარი კოლექციის დახვეწაზე მუშაობს, სამომავლოდ კი გლობალური NFT პროექტების კეთება სურს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები