ქართველმა 20-21 წლის ბიჭებმა ვირტუალურ რეალობაში მოძრაობის მექანიზმი გამოიგონეს. ფიქრების მეშვეობით, შეხების გარეშე, მოქმედებების შესრულების, ერთი შეხედვით უცნაური იდეის სულისჩამდგმელი 20 წლის ზვიად ბიბილაშვილია, რომელიც სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია.
ზვიადმა წლების წინ ერთ-ერთ კლინიკაში მოხვდა და მაშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნეიროქირურგი გამოვიდოდა და სამედიცინოზე სწავლა გადაწყვიტა.
„15 წლის ვიყავი, საზღვარგარეთ მაღალი ტექნოლოგიების საავადმყოფოში მოვხვდი და ნეირომეცნიერების, ტვინის შესწავლა მომინდა. მაინტერესებდა, როგორ მუშაობდა ტვინი, როგორი იყო გააზრების, ფიქრის, სიზმრების პროცესი. შეიძლება იყოს უცხოპლანეტელი, რომელსაც არ გააჩნდეს არანაირი მგრძნობელობა, არც სმენა თუ მხედველობა, მაგრამ აღიქვას სიხშირე. კოსმოსში რომ „ჩაკრულო“ გაუშვეს, ეს გააკეთეს არა მუსიკის, არამედ იმ სიხშირისთვის, რომელსაც ვიღაც მაინც გაიგებდა“, – გვიყვება ზვიად ბიბილაშვილი.
წლების წინ საქართველოში ჩატარებულ ტექნოლოგიების ფესტივალზე ზვიადსა და მის მეგობრებს ჰკითხეს: როგორ ფიქრობთ, რით გაერთობა ხალხი მომავალში ისე, რომ დღევანდელი ტექნოლოგიები გამოვიყენოთ. მომავლის გასართობი საშუალების მოფიქრებაში ბიჭები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ:
„ადრე ფიზიკური შესაძლებლობები უფრო გამოიყენებოდა, მერე კი გონებრივმა შესაძლებლობებმა წამოიწია წინა პლანზე. ახლა ცოდნას უფრო არ აქვს ფასი, ვიდრე აზროვნებას და კრეატიულობას, რადგან ამას „გუგლი“ ვერ მოგცემს. გვინდოდა, გაგვეკეთებინა აზროვნების ვიზუალიზაციის ერთ-ერთი გამოხატულება ისე, როგორიც არის მაგალითად, მათემატიკა, თუ რაიმე თემის დაწერა ქართულში ან სულაც მხატვრობა. როგორ შეიძლება აზროვნების ვიზუალიზაცია გავაკეთოთ? ტვინიდან შეგვიძლია მივიღოთ რაღაც ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ზუსტად თავის ტვინის ელექტრული აქტივობაა. ჩვენ რომ მხოლოდ აზროვნების ვიზუალიზაცია გაგვეკეთებინა, დავკარგავდით თავის ტვინის ძალიან ბევრ შესაძლებლობას. ანუ მხოლოდ ვიწრო ხედვით რომ გავყოლოდით ამ ამბავს, არ გვექნებოდა საშუალება, მრავალფუნქციური რამ გაგვეკეთებინა. ახლა კი შეგვიძლია მოძრაობის ფუნქციები დავამატოთ ან გავარჩიოთ, რას, რომელ საგანს უყურებს ადამიანი. ანუ თავის ტვინის უფრო მეტ ფუნქციას ვანიჭებთ ჩვენს კონტროლერს“, – გვიყვება ზვიადი.
აღნიშნულ პროდუქტზე ოთხნი მუშაობენ. დემეტრე ჩალიგავა ინჟინერ-პროგრამისტია და რობოტო ტექნიკა აქვს ნასწავლი – აკეთებს სქემას, რომელიც ზვიადს ეხმარება წაიკითხოს ადამიანის თავის ტვინის ელექტრული აქტივობა. ალექსანდრე თექთუმანიძე მათემატიკისა და პროგრამირების სპეციალისტია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს. გიორგი გოგოჭური კი ფინანსისტია, რომელიც ფინანსების ამბავს აგვარებს.
ზვიადი ამბობს, რომ ძირითადი დრო, სანამ მეგობრები კონკრეტულ მიღწევამდე მივიდოდნენ, იმის გარკვევაში წავიდა, თუ რის მიღება შეიძლებოდა თავის ტვინიდან, რომელსაც მაქსიმალურად გამოიყენებდნენ. კითხვაზე, ნუთუ არავის მოსვლია მსგავსის გაკეთების იდეა აქამდე, ზვიადი ამბობს, რომ სხვა კომპანიებიც ნახეს, რომლებიც თავის ტვინის ელექტრულ აქტივობას ფუნქციებად გარდაქმნიან. შესაბამისად, დადგნენ ამოცანის წინაშე – უნდა მოეფიქრებინათ, რაიმე ახალი და ამიტომ გადაწყვიტეს, გაეკეთებინათ ვირტუალური სამყარო და ამ ვირტუალური სამყაროს მთავარი ეფექტი ყოფილიყო ის, რომ მას მატერიალურ სამყაროსთან შეხება არ ჰქონოდა.
„როდესაც ვირტუალური სამყაროს სათვალე გვიკეთია, ვთამაშობთ ჯოისტიკით, ანუ რაღაც მოწყობილობებს ვეხებით. ეს გვიკარგავს იმის შეგრძნებას, რომ ვირტუალურ სამყაროში ვართ. როდესაც ერთი ფუნქცია გავტესტეთ, ძალიან ემოციური და სასიამოვნო შეგრძნება იყო ის, რომ ვირტუალურ სამყაროში რაიმე ქმედებას ასრულებ“, – მოგვიყვა ზვიად ბიბილაშვილი.
ზვიადი აღნიშნულ კვლევებს საკუთარ თავზე ატარებს, რადგან ფიქრობს, სხვა შემთხვევაში ძალიან რთულია, მიიღოს ის შედეგი, რაც მას უნდა.
„ფიქრის გაკონტროლება ძალიან რთული პროცესია. შედარებით ასაკოვან ადამიანს რომ მისცეთ კლავიატურა და მაუსი, რომელსაც კომპიუტერთან შეხება არ ჰქონია, ის ნელ-ნელა ისწავლის, როგორ და სად დააჭიროს. აქაც იგივეა – ჩვენ კლავიატურას ვაკეთებთ, ოღონდ ტვინზე“, – ამბობს ახალგაზრდა გამომგონებელი, რომლისთვისაც აღნიშნული სამუშაოები, რომელშიც დღე და ღამე ჩართულია, ინტერესის გარდა, გართობაც არის.
„პირველ რიგში, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. მუშაობის პროცესი, როგორც ჰობი და გართობა, ისეთია. არასოდეს ვართ ერთ ეტაპზე. სულ ვვითარდებით. ძალიან საინტერესოა, როდესაც ისეთ საქმეს აკეთებ, რომელიც ბევრისთვის ცნობილი არ არის. თან, ექსპერტების გათვლით, მომავალი 10 წელი იქნება ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური. ამასთანავე, როგორც იცით, თამაშების ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი სფეროა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩვენი გამოგონება უნდა გვექცია შემოსავლიან ბიზნესად, გადავწყვიტეთ, თამაშების ინდუსტრიაში შეგვებიჯებინა, რათა ჩვენით დაგვეინტერესებინა ვინმე. ვერც ვხვდებით, როგორ გადის დრო მუშაობაში და როგორც ფინანსური მხარე ახდენს მოტივაციას, ასევე მუშაობის პროცესი, რომელიც ჩვენთვის რამ შეიძლება ჩაანაცვლოს, არც კი ვიცით“, – ამბობს ზვიად ბიბილაშვილი და ახალი მოწყობილობის მექანიზმს ასე გვიხსნის:
„თავზე ვიკეთებ ელექტროდებს. ჩათვალეთ, რომ ჩვენ ვაკეთებთ ჯოისტიკს, რომელსაც რამდენიმე ღილაკი აქვს. ერთი ღილაკი არის სიარულის, ერთი – მარჯვენა ფეხის აწევის, მეორე – მარცხენის და ასევე, ერთი მარცხენა ხელის აწევის და მეორე – მარჯვენა ხელის, ერთიც – გონების დაძაბვის. ჩვენ ადამიანის თავის ტვინის უბნების აქტივობას ვიყენებთ, როგორც ღილაკებს თამაშებისთვის. თავის ტვინის უბნებს აქვთ თავისი ფუნქციები. ჩვენ სენსორების საშუალებით ვაკვირდებით თავის ტვინის იმ უბნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მოტორულ ფუნქციონირებაზე, აზროვნებაზე და ა. შ. და ამ უბნების გააქტიურების მომენტს ვიჭერთ. როდესაც თავის ტვინის გარკვეული უბანი გააქტიურდება, კომპიუტერს ვეუბნებით, შეასრულოს რაღაც მოქმედება. შემდეგ, ამ ყველაფერს ვაკავშირებთ ვირტუალური რეალობის სათვალეებთან და ვქმნით ნეირონულ ქსელს, რომელიც შეისწავლის, რეალურად რა არის ხელის თუ ფეხის აწევა.
”შემდგომ, მომხმარებელს ექნება საშუალება ვირტუალური რეალობის სათვალე მოირგოს და იფიქროს ხელის თუ ფეხის აწევაზე და ვირტუალურ რეალობაში შესრულდეს ის საბაზისო მოქმედებები, რომელიც ექნება ჩვენს გამოგონებას. ადამიანს, იმისთვის, რომ ვირტუალურ რეალობაში ირბინოს, დასჭირდება ზუსტად ისეთი მოქმედების შესრულება და წარმოდგენა, რისიც უწევს რეალურ ცხოვრებაში. რეალურ ცხოვრებაში როდესაც ფიქრობ სიარულზე, ვირტუალურ რეალობაშიც სიარულზე უნდა იფიქრო. ვირტუალური რეალობის სათვალე უკვე არსებობს. ჩვენ ვაკეთებთ ჯოისტიკს, რომლის სენსორები, სინამდვილეში, თავის ქალაზე უნდა განვალაგოთ არაინვაზიური მეთოდით. როგორც ქუდს, ისე დავიფარებთ.
„ბევრი წამიკითხავს, თუ როგორ უნდა აკონტროლო ფიქრები. შესაბამისად, უფრო მიმარტივდება ფიქრების გაკონტროლება, რომელიც ამ შემთხვევაში მჭირდება და უფრო მარტივად შემიძლია იმ ინფორმაციის მიღება, რაც მინდა. ამიტომაც, ჯერ ჩემს თავზე ვტესტავ, რამდენად შეიძლება დავინახო ელექტრულ აქტივობაში ის ფიქრი თუ მოქმედება, რომელიც კონკრეტულად მჭირდება. მერე კი მეგობრებზე ვაგრძელებ კვლევებს. ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადი და დროში გაწელვადია, მაგრამ მიძლებენ მეგობრებიც“, – ამბობს ზვიად ბიბილაშვილი.
ზვიად ბიბილაშვილმა და დემეტრე ჩალიგავამ თავიანთი იდეა პირველი არხის სატელევიზიო გადაცემაში, – „შარქ თენქ საქართველო“ – წარადგინეს, სადაც შოუში მონაწილე ხუთი ბიზნესმენი დააინტერესეს და მათგან 100 000 ლარის ინვესტიცია მიიღეს კომპანიის 50%-იანი წილის სანაცვლოდ. თანხის ნახევარი, 50 000 ათასი ბიჭებმა უკვე მიიღეს, რაც საკმარისია იმისთვის, რომ პროდუქტის ნიმუში წარმოადგინონ.
ჩვენს კითხვაზე, ბიზნესში ჩართულმა ნეიროქირურგობა ხომ არ გადაიფიქრა, ზვიადი ამბობს, რომ ამ პროფესიას მომავლისთვის ბევრი სიკეთის გაკეთება შეუძლია და ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი წელი უნდა ისწავლოს.
„რა თქმა უნდა, ნეიროქირურგია ისევ მაინტერესებს, რადგან თავის ტვინის ჩიპებს რომ აკეთებენ, ძალიან სასარგებლოა ადამიანებისთვის. მაგალითად, ამ ჩიპების დახმარებით ბრმები ხედავენ უკვე. ამავე ტექნოლოგიის მეშვეობით, ალცჰაიმერის დაავადების საბოლოოდ დასრულებისკენ მიდის. აგრეთვე, ვინც ხელებს და ფეხებს ვერ ამოძრავებს, თავის ტვინის ჩიპების მეშვეობით სიცოცხლის აზრი უბრუნდებათ. ძალიან ემოციურია, როდესაც ადამიანს იმედს აძლევ და შენ თავზე იღებ პასუხისმგებლობას, რომ ადამიანებს ცხოვრების ხარისხი დაუბრუნო. ჯერ კიდევ ბევრი წელი მჭირდება სწავლა, ნეიროქირურგობამდე რომ მივიდე. ამ ჩემს საქმეში ძალიან გამომადგნენ ჩემი უნივერსიტეტის ლექტორები, ნეიროფიზიოლოგი და ნეიროჰისტოლოგი ირინა ვაშაკიძე და მაია ბარბაქაძე, რომლებიც თავიანთ პროექტებზეც მუშაობენ თავის ტვინთან დაკავშირებით და მეც თუ რამე მაინტერესებს, მათ ვაკითხავ. ასევე, ენცეფალოგრაფისტთ-ნევროლოგთან გავდივარ ხშირად კონსულტაციას. მაია ხაბუძანიაა ძალიან ცნობილი დიაგნოსტიკი ნევროლოგიის დარგში, რომლის აზრის მოსმენა იმ სფეროში, რომელსაც ჩვენ ვეხებით, ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ძალიან რთულია ისეთი ადამიანების მოძებნა, რომელიც ამ საკითხში კარგად ერკვევიან და კვლევებიც აქვთ ჩატარებული. ამ შემთხვევაში კი პატარა-პატარა დეტალებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
„მაგალითად, ელექტროენცეფალოგრამას ვიყენებთ დიაგნოსტიკური კვლევებისთვის და ეს გვიჩვენებს, მუშაობს თუ არა თავის ტვინის ესა თუ ის ზონა. მუხტები და იმპულსებით ვიგებთ, მუშაობს თუ არ მუშაობს ის უბანი. ელექტროენცეფალოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო კვლევაა მედიცინაში. მისი ხშირი მოხმარება არანაირ გავლენას არ ახდენს თავის ტვინზე. რენტგენის სხივებს თუ ემერაის გადაღებას კი ზიანი მოაქვს ორგანიზმისთვის. ჩვენი მთავარი სიახლე და უპირატესობა ნეირონული ქსელი და ის შესაძლებლობებია, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვეძლება ადმიანის თავის ტვინის აქტივობა არამხოლოდ გავარჩიოთ, არამედ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ადამიანმა კონკრეტული ფუნქციები შეასრულოს ვირტუალურ რეალობაში. იქიდან გამომდინარე, რომ ტვინის მართვადი რამაა, არაპროფესიონალისთვის დაუჯერებლად ჟღერს ის, რასაც ვამბობთ. რთულია, კვლევების ჩანაწერის ჩვენება და იმის ახსნა, თუ რატომ ვაკვირდებით იმ უბნებს, როგორ გადაადგილდება იმპულსი და ა. შ. ეს მომენტები თავიდან ბოლომდე, მეცნიერულად რომ აღვწეროთ და გავაცნოთ ადამიანებს, სულაც არ მოგჩვენებათ არც სიგიჟედ და არც რისკიანად“, – ამბობს მომავალი ექიმი.
ახლა საკითხავია, რამდენად გაამართლებს ქართველი ახალგაზრდების უცნაური იდეა და რამდენად რეალური გახდება ის ოცნება, რომელსაც 20 წლის ბიჭები მთელ თავიანთ ნიჭსა თუ უნარს ახმარენ და რამდენად ინოვაციურ საქმეში ჩადეს ქართველმა ბიზნესმენებმა თანხა
სპეციალურად STUDONFO.GE-სთვის
მოამზადა რუსუდან ადვაძემ (EDU.ARIS.GE)