„ბუდაპეშტის უნივერსიტეტში წასვლამდე ფსიქოლოგებმა შემამოწმეს, რამდენად გამძლე ვიყავი“ – როგორ გახდა ქარელელი გოგონა უნგრეთის მთავრობის სტიპენდიანტი

სტუდZona

მარიამ ქებაძე დაბა ქარელში დაიბადა და გაიზარდა. მე-11 კლასის მოსწავლე იყო, როცა მიხვდა, იმაზე მეტს ვეღარაფერს ისწავლიდა თავის პატარა ქალაქში, რაც უკვე იცოდა და ინტერნეტის საშუალებით თბილისის გზას ისე დაადგა, მშობლებს არც უთხრა. „აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ევროპულ სკოლაში” ჩაირიცხა და მისი თავბრუდამხვევი წარმატების თავგადასავალიც დაიწყო.

მარიამი ახლა ბუდაპეშტში, უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამით, ეტვეშ ლორანდის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობს. სანამ შორეული ქვეყნის გზას დაადგებოდა, საქართველოშივე მოუხდა რამდენიმე გამოცდის ჩაბარება, რომელთა შორის ფსიქოლოგთან გასაუბრება უმნიშვნელოვანესი იყო, რათა დაედგინათ, შეძლებდა თუ არა პატარა გოგონა, რომ საერთაშორისო დონეზე აღიარებული ერთ-ერთი ურთულესი სასწავლო პროგრამა გაევლო.

მარიამ ქებაძე პირველი კურსის სტუდენტია. ბუდაპეშტში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სწავლობს. ამბობს, რომ ევროპული განათლებით სამშობლოში დაბრუნდება და ყველაფერს იღონებს, რომ ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთო გააკეთოს.

მარიამ ქებაძე თავის თავგადასავალს მოგვიყვა:

“უნგრეთში, ბუდაპეშტში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვსწავლობ. Eötvös Loránd University – ELTE – ასე ჰქვია ჩემს უნივერსიტეტს. სრული, 100%-იანი დაფინანსება მაქვს უნგრეთის მთავრობის მიერ. მაქვს აგრეთვე ყოველთვიური სტიპენდია და საცხოვრებელი ადგილი”

როგორ მოხვდით ბუდაპეშტში, რა გზის გავლა მოგიწიათ?

– მანამდე თბილისში „ახალი სკოლის“ (New School – International School of Georgia) ბაზაზე, ევროკავშირის მიერ შექმნილი „აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ევროპული სკოლა“ (Eastern Partnership European School) დავამთავრე. მე ვიყავი ამ სკოლის პირველი ნაკადის გამოშვება. მერე, საქართველოდან ხუთნი აგვარჩიეს და დაგვაფინანსეს სრული სასწავლო პაკეტით საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამაზე. ეს საერთაშორისო დონეზე აღიარებული ერთ-ერთი ურთულესი სასწავლო პროგრამაა. წინასაუნივერსიტეტო პროგრამად ითვლება და მოსამზადებელი კურსი ორწლიანია. ამ კურსის გავლის შემდეგ საშუალება მომეცა, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტი ამერჩია და იქ გამეგრძელებინა სწავლა. დაფინანსება მოვიპოვე ბუდაპეშტში, ELTE-ში, რომელიც წამყვანი და ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია უნგრეთში. ამ სკოლაში მოხვედრამ განაპირობა ჩემი შემდგომი წარმატებები და მან გამიღო კარი სხვა ასპარეზზე გასასვლელად.


„აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ევროპულ სკოლაში“ მოსახვედრად, მათემატიკისა და ინგლისური ენის გამოცდები ჩავაბარე და შემდეგ ფსიქოლოგთან ინტერვიუ გავიარე. მანამდე ქარელში ვცხოვრობდი და იქ ვსწავლობდი მე-2 საჯარო სკოლაში. მე-11 კლასიდან განვაგრძე სწავლა თბილისში.

ოჯახი გადმოვიდა საცხოვრებლად ქარელიდან თბილისში?

– არა, ჩემი ოჯახი ქარელში დარჩა. მე თავად ვიფიქრე, რომ ჩემი შესაძლებლობები უკვე ამოწურული მქონდა ჩემს პატარა ქალაქში და სხვა რამ მჭირდებოდა. ამიტომ, გადავწყვიტე, რამე მეღონა და ჩემი შესაძლებლობები სხვაგან მეცადა. ინტერნეტის საშუალებით მივაგენი „ახალ სკოლას“. მათ მიღების პირველი წელი ჰქონდათ მაშინ. ჩავაბარე ყველა გამოცდა, რეკომენდაციების დაწერა ვთხოვე ჩემს მასწავლებლებს… აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ მაღალი აკადემიური მოსწრება მქონოდა. ყველაფერი რომ გავიარე და ჩავირიცხე, მერე ვუთხარი მშობლებს. მშობლები მხარში დამიდგნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ქარელის მე-2 საჯარო სკოლა არის ის სკოლა, რომელმაც უდიდესი შესაძლებლობა მომცა, რომ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობა გამეფართოებინა. არასოდეს არავის არაფერში შევუზღუდივარ. „აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ევროპული სკოლაში“ რომ დამეწყო სწავლა, აუცილებელი იყო, მცოდნოდა ინგლისური ენა. არ მოვმზადებულვარ რეპეტიტორთან, სკოლაში მიღებული ცოდნის საფუძველზე B2 დონეზე ვიცოდი ინგლისური ენა.

ჩემი ოჯახი ქარელში დარჩა, მე გადავედი თბილისში და იქვე ვცხოვრობდი სკოლის ბაზაზე. ევროკავშირმა უზრუნველყო ჩვენი ცხოვრება, კვება… ყველანაირი ინვენტარით მოგვამარაგეს, იქნებოდა ეს მობილური ტელეფონი თუ კომპიუტერი. ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიყავი იმ ორი წლის განმავლობაში.

საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამა ითვალისწინებდა აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყნის წარმომადგენლების არჩევას. საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია – ამ ქვეყნებიდან 5-5 ბავშვი, სულ 30 უნდა არჩეულიყო გამოცდების საფუძველზე და მხოლოდ ეს 30 მოსწავლე გააგრძელებდა სწავლას საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამაზე ამავე სკოლაში. მომიწია, მესწავლა სხვადასხვა ეროვნების ბავშვებთან ერთად. შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი ის იყო, რომ მაღალი შედეგები უნდა დამედო მათემატიკისა და ინგლისურის ტესტებში. ინტერვიუ კი პროგრამის კოორდინატორთან მქონდა, რომელიც ჟენევიდან იყო, ასევე – სკოლის დირექტორთან, ევროკავშირის წარმომადგენელთან…. სხვადასხვა სახის ინტერვიუ გავიარე მრავალ ადამიანთან. მთავარი კი ფსიქოლოგთან ინტერვიუ იყო, რადგან აუცილებლად უნდა მეჩვენებინა, რომ მზად ვიყავი ამ პროგრამისთვის. ვინაიდან ერთ-ერთი ურთულესი სასწავლო პროგრამაა მსოფლიოს მასშტაბით, აუცილებელია, რომ გამძლეობა და მზაობა გქონდეს.

ეს კურსი რომ დავამთავრე, საქართველოში დარჩენა აღარც განმიხილავს, რადგან აღნიშნული პროგრამა იმდენად ძლიერია, ალბათ საქართველოს უნივერსიტეტების პროგრამების უფრო მაღალ საფეხურზე დგას.

შეგეძლოთ, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში გესწავლათ, მაგრამ ცივი უნგრეთი აირჩიეთ. რატომ?

– სტერეოტიპია, თითქოს უნგრელებს არ უყვართ უცხოელები და ა.შ., მაგრამ იმდენად თბილი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება დამხვდა, მეც მიკვირდა. სულ სხვაგვარი გარემო და ცხოვრების ტემპია. საქართველოს საელჩოც დიდ ყურადღებას იჩენს და მუდამ გვამოწმებს, ხომ ყველაფერი კარგად გვაქვს. ბუდაპეშტში გავიცანი სხვა ქართველი სტუდენტები. ვხვდებით და სასიამოვნო გარემოს ვუქნით ერთმანეთს. აუცილებელია ეს ურთიერთობა და ერთმანეთის დახმარება, რომ გაგვიადვილდეს სამშობლოდან შორს ყოფნა.

სხვადასხვა უნივერსიტეტებში ჩავაბარე საბუთები და ნიდერლანდებში წასვლაც მინდოდა, მაგრამ საბოლოოდ, უნგრეთზე იმიტომ გავაკეთე არჩევანი, რომ ევროპაში ერთ-ერთი ხელმისაწვდომი ქვეყანაა ჩემთვის. ჩვენს სახელმწიფოსთანაც კარგი ურთიერთობა აქვს და ეს ურთიერთობა გამარტივებულიცაა. სასტიპენდიო პროგრამაც უცხოელებისთვის არის შექმნილი. ჩვენი მთავრობაც ზრუნავს, რომ სტუდენტებმა მოიპოვონ სრული დაფინანსება და ისე ისწავლონ. უნგრეთში ყველაფერი სტუდენტებზეა მორგებული. ძალიან ბევრი უცხოელი სტუდენტია ქვეყანაში და თითქოს ეს გზა უკვე გაკვალულია. ეს ქვეყანა აუცილებლად გაძლევს სტუდენტს ბინადრობის უფლებას, რაც ძალიან ამარტივებს ყველაფერს. თუნდაც მოგზაურობას უნგრეთში თუ სხვა ქვეყნებში და შეგიძლია ბევრი ღირსშესანიშნაობა ნახო. სტუდენტებისთვის ბევრი ხელმისაწვდომი ტარიფია თუნდაც ტრანსპორტის მხრივ. ბევრი სტუდენტური აქტივობაა. სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას იქაურ სამოქალაქო აქტივობებში თუ სხვადასხვა ღონისძიებაში.

საქართველოსა და უნგრეთს შორის სახელმწიფო დონეზეა შექმნილი უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოდან ყოველწლიურად ირჩევენ ბაკალავრისა და დოქტორანტურისთვის გარკვეული რაოდენობის სტუდენტებს, რომლებიც აგრძელებენ სწავლას უნგრეთში სრულიად უფასოდ იმ უნივერსიტეტში, სადაც ისინი მოხვდებიან. ავირჩიე უნივერსიტეტი და შემდეგ მოვამზადე საბუთები ასევე სასტიპენდიო პროგრამისთვის. როდესაც დამიდასტურეს, რომ ნამდვილად ჩავირიცხე, შემდგომ უკვე სტიპენდიაც მოვიპოვე.

როგორც ჩანს, ფსიქოლოგთან გასაუბრებით გამძლეობაც გამოავლინეთ. ამის მიუხედავად თუ წააწყდით რაიმე სიძნელეს, რამე თუ გაგიჭირდათ?

– რთული ოჯახიდან შორს ყოფნაა და ისიც, როდესაც მშობლიურ ენაზე არ სწავლობ. ინგლისურ ენაზე სწავლა არც თუ ისე მარტივია და ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. თბილისში რომ ვსწავლობდი საერთაშორისო ბაკალავრიატზე ამ პროგრამამ მომამზადა უნივერსიტეტისთვის. მაშინ გამომიმუშავდა სხვადასხვა უნარჩვევები, როგორიც არის თუნდაც დროის სწორი მენეჯმენტი, რაც აუცილებელია. აგრეთვე, უნდა გესმოდეს, რომელი სამუშაოა უფრო მეტად პრიორიტეტული და დაახარისხო გონებაში. ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ გამიმარტივდა სწავლა უნივერსიტეტში და ვხვდები, რომ სხვებთან შედარებით ბევრ რამეს მართლა უფრო მარტივად ვაკეთებ, რადგან უკვე გამომუშავებული უნარ-ჩვევები მეხმარება.

საკმაოდ რთულია ბუდაპეშტში ბიუროკრატიულ ამბებთან გამკლავება და ასევე ისიც, რომ ყველა მაინც არ არის კეთილგანწყობილი.

რა სახის ბიუროკრატიასთან გქონდათ შეხება?

-საქართველოში არსებობს კონკრეტული ბაზები და იმ ერთიან ბაზაში ხარ შენც, იქნება ეს პირადი ნომერი რომ მაქვს მონიჭებული, თუნდაც ის, რომ სტუდენტი ხარ და ა.შ. უნგრეთში კი ჯერ უნდა აიღო რაღაც კონკრეტული ნომერი, რომ სტუდენტი ხარ. მერე, იმ ნომრით უნდა აიღო ის საბუთი რაც გეხმარება დაადასტურო, რომ გადასახადების გადახდა შეგიძლია და ამით ბანკის ანგარიშის გახსნის უფლება გაქვს… თითოეული საბუთის მოსაპოვებლად მრავალი პროცედურა უნდა გაიარო. საქართველო კი ამ მხრივ ბევრად წინ არის და ამაყიც ვარ ამ ფაქტით. ახლა თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ პირველი სამი თვე ყველა სტუდენტი გადართული იყო იმაზე, რომ ცალკე უნივერსიტეტის ნომერი აეღო, ცალკე სტუდენტური და ა.შ. დროში იწელება ეს ამბები, მაგრამ მერე ლაგდება და გამოცდილებას რომ იღებ, სხვებსაც ეხმარები. ძალიან მომწონს, ქართველები რომ ერთმანეთს ვეხმარებით და ვაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ უნდა გავიაროთ თითოეული პროცედურა.

საკმაოდ რთულ, პანდემიურ პერიოდში მოგიწიათ წასვლა. როგორი რეგულაციები მოქმედებს სტუდენტებისთვის?

-თავიდან აუდიტორიაში დავიწყეთ სწავლა, მაგრამ ეპიდსიტუაცია გაუარესდა და ონლაინზე გადასვლა მოგვიწია. ონლაინ ლექციები ვფიქრობ, არცთუ სახარბიელოა სტუდენტებისთვის მენტალური მდგომარეობის მხრივ, რადგან არც ისე მარტივია ყოველდღიურად ერთი და იმავე რუტინის გამეორება, რომ „ლეპტოპი“ უნდა გახსნა, შეხვიდე ონლაინ ლექციაზე… ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაცია გვჭირდება. ამ რუტინამ ისე იმოქმედა, რომ კი აღარ მიხაროდა სწავლა, თავს ვაძალებდი, გავაკეთებ ახლა ამას, რადგან აუცილებელია-მეთქი. ახლა მოგვივიდა უკვე ინფორმაცია, რომ მეორე სემესტრიდან დასწრებულ სწავლაზე გადავდივართ, თუმცა, ვისაც საჭიროება აქვს, შეუძლია, ონლაინაც ისწავლოს. უნგრეთში რომ წავედი, საქართველოში უფრო მეტი რეგულაცია და უფრო უარესი სიტუაცია იყო, ვიდრე ბუდაპეშტში. თავისუფლად შემეძლო მოძრაობა და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების მონახულება, მაგალითად, ბუდას სასახლე, ბუდაპეშტის ხიდები, ეროვნული პარკები, ეროვნული მუზეუმი… ეს ძალიან კარგი იყო იმისთვის, რომ არ დავითრგუნე და უფრო ლაღად დავიწყე სასწავლო პროცესი. ნელ-ნელა რომ გაუარესდა სიტუაცია, ჩვენც რაღაცნაირად დავითრგუნეთ, მაგრამ მგონი, უკეთესობისაკენ იცვლება ყველაფერი.

როგორია განათლების სისტემა და თუ იცით, რით განსხვავდება ქართულისგან?

– როგორც შევამჩნიე, ბუდაპეშტში ორიენტირება კეთდება თვითსწავლაზე. ლექტორები გვაძლევენ მასალას, თუ რა უნდა წავიკითხოთ. წინასწარ ჩაწერილ ვიდეომასალასაც გვაწვდიან, სადაც თვითონ ხსნიან და მერე ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვისწავლით და ავითვისებთ. გაძლევენ მიმართულებას და იმას უნდა მიჰყვე. საქართველოში უფრო გაკონტროლებს და გამოწმებს ლექტორი, ჩვენ კი თავისუფლება გვაქვს და ჩვენზევეა დამოკიდებული, როგორ ვისწავლით. მთავარია, გამოცდაზე შედეგი დადო. რა საგნებსაც გავდიოდი, აუცილებელი იყო, იმ საგნისთვის მანამდე მოვმზადებულიყავი, რომ წინარე, ზოგადი ცოდნა მქონოდა.

ვისაც სტიპენდია აქვს, ყველა სწავლობს მაქსიმალურად. თუ მაინც მოხდა ისე, რომ ვინმე არ სწავლობს, ადმინისტრაცია მათ აკადემიურ მოსწრებას ამოწმებს და თუ ეს კონკრეტულ ზღვარს ჩამოსცდა, სტიპენდია უუქმდება და რისკის ქვეშ დგება მისი სწავლის ამბავი. ესეც ჩვენი გადასაწყვეტია, გვინდა თუ არა სტიპენდიით სწავლის გაგრძელება და რამდენად ვიმსახურებთ.

რა რჩევები გექნებათ აბიტურიენტებისათვის, რა უნდა გაითვალისწინონ, თუ ბუდაპეშტის პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლას გადაწყვეტენ?

-საქართველოში პოპულარულია ერასმუსის გაცვლითი პროგრამით წასვლა საზღვარგარეთ რამდენიმე სემესტრით, მაგრამ ვისაც სურს, უმაღლესში სწავლა დაიწყოს სკოლის შემდგომ პირდაპირ უცხოეთში, მიუწვდომლად არ უნდა მოეჩვენოს ეს ამბავი. მეც მიუწვდომელი მეჩვენებოდა, სანამ მივხვდებოდი, რომ ეს შესაძლებელი იყო. ამიტომაც, ყველას ვეტყვი, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ მოვინდომებთ. წინასწარ უნდა ჩამოწერო შენი სამომავლო მიზნები. აუცილებლად კარგად უნდა გაიაზრო თუ რას ითხოვს თითოეული პროგრამა, რა კრიტერიუმები აქვს და შენი ორიენტირი იქით მიმართო. მე ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალობით და ამ მიმართულებით დავწერე კონკრეტული ესეები პოლიტიკურ ვითარებებზე, საერთაშორისო, გლობალურ პოლიტიკაზე და ა.შ. ამას ითხოვდა ის პროგრამა და მეც ამ კონკრეტულ სფეროში გავიფართოვე ცოდნა. პესიმისტურად არ უნდ აიყო განწყობილი და თუ რაიმეში გარკვევა გიჭირს, მინიმუმ მათ უნდა ჰკითხო, ვისაც გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, ერთმანეთის გამოცდილებების გაზიარებით უნდა წავიდეთ წინ და მე ბედნიერი ვარ ხოლმე, თუ სხვას ვეხმარები. მხოლოდ გამიხარდება, თუ ჩემ მიერ გავლილ გზას, სხვა უფრო მარტივად გაივლის.

თავად დაგეხმარათ ვინმე?

-ჩემი სკოლა, „ახალი სკოლა“ დამეხმარა. საბედნიეროდ, იქ გვყავდა კოორდინატორი, ვინც უზრუნველყოფდა უცხოეთში წასვლას, ბავშვების წინასწარ მომზადებას. შესაბამისი საინფორმაციო შეხვედრები გვქონდა, სადაც გვეუბნებოდნენ, მაგალითად, რომელი კონკრეტული საგანი უნდა გვცოდნოდა კარგად და ა.შ. ამ ყველაფრის საფუძველზე ვისწავლე და მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა. მათ, ვისაც არ აქვთ საშუალება, რომ ჰყავდეთ სპეციალური კოორდინატორი, ვინც დაარიგებს და ასწავლის, რა როგორ უნდა გაიარონ, თუნდაც მე მომმართონ ან სხვას, ვისაც გამოცდილება აქვს. არ დამეზარება, რომ გავუზიარო ჩემი გამოცდილება და ყველაფერში დავეხმარო. საქართველოს მომავალი ხომ დღევანდელ ახალგაზრდებზეა დამოკიდებული და სწორედ ჩვენ თავად უნდა დავუდგეთ ერთმანეთს მხარში.

როგორც ჩანს, სწავლის დამთავრების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას აპირებთ, რაზეც, როგორც წესი, ბევრი უარს ამბობს.

– ჩემი მიზანი სწორედ ეგ არის, რომ იმ ცოდნით, რასაც საზღვარგარეთ შევიძენ, აუცილებლად დავბრუნდე საქართველოში. სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია. შეიძლება წლების შემდეგ დავბრუნდე, მაგრამ ეს დაბრუნება აუცილებლად ნაყოფიერი იქნება. ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობ უცხოეთში მყოფ სტუდენტებს, რომლებსაც ზუსტად იგივე მიზანი ამოძრავებთ – დაბრუნდებიან და თავიანთ ცოდნას საქართველოში გამოიყენებენ. ჩვენი ევროპაში შეძენილი ცოდნა კი საქართველოს გამოადგება შემდგომი განვითარებისთვის.

ჩვენს ქვეყანაში არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა, რომ დასაქმდე და ნორმალურად იცხოვრო. როგორ ფიქრობთ, შეძლებს თქვენი თაობა რაიმე სასიკეთოს გაკეთებას, თუნდაც აქ დასაქმებას ნორმალური პირობებით?

– ერთად იმ გზასაც გამოვნახავთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა პრაქტიკაში. თუ ჩამოვალთ და წინაღობა გვექნება და ვერ გამოვიყენებთ ჩვენს ცოდნას, არ უნდა დავნებდეთ, რადგან გამოსავალი აუცილებლად მოიძებნება. ხშირად იმედგაცრუებული ადამიანებისგან გამიგია, ვისწავლე, ჩამოვედი, მაგრამ ვერაფერი გავაკეთე და უკან წავედიო. აუცილებლად უნდა გამოვნახოთ გზა და არ უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი იმაზე, რომ მალე ვნახოთ თუნდაც ფინანსური მოგება თუ სწრაფი განვითარება, სწრაფი დაფასება. ძალიან რთულია, მოკლე ვადაში დიდი მიღწევა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია, არ დავნებდეთ და ერთიანი ძალებით გამოვნახოთ გამოსავალი.

რა ფაქტორები მიგაჩნიათ წარმატების საწინდრად?

– ალბათ ბევრი ფაქტორია ერთად. მოქმედებს თუნდაც ის გარემო, სადაც იზრდები, ასევე, მშობლების, ოჯახის თუ მასწავლებლების მხარდაჭერაა აუცილებელი. პიროვნული მიზანსწრაფვა უნდა გქონდეს… ყველა ეს ფაქტორი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ჩამოყალიბებაზე. ძალიან გვეხმარება სხვების მხარდაჭერა. რომ არა ის ადამიანები, ვინც ყოველთვის მამხნევებდნენ და შთამაგონებდნენ, რომ შემეძლო უფრო ბევრი რამის გაკეთება და შორს წასვლა, ალბათ მეც დავნებდებოდი რაღაც მომენტში. სულ წარმატებები არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. როცა წარუმატებლობა მქონდა, არ დავნებებულვარ და პირიქით, უფრო მეტი მიშრომია და უფრო მეტისთვისაც მიმიღწევია. შესაბამისად, ჩვენს მენტალურ მდგომარეობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ის, თუ რა წრეში ვართ, როგორ გარემოში ვიზრდებით, ვინ ახდენს ჩვენზე გავლენას, ვინ არის ჩვენი სამაგალითო ადამიანი და თავისთავად, – შრომისმოყვარეობაც.

სპეციალურად STUDONFO.GE-სთვის
მოამზადა რუსუდან ადვაძემ (EDU.ARIS.GE)

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები