„ვისურვებდი ბავშვების თვალებში ბედნიერების მუდმივ ნათებას“ – საახალწლო განწყობა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში

სტუდZona

როგორი იქნებოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკაკი წერეთელი თუ ახლა ცოცხალი იქნებოდა, რას დაამატებდა ის და რომელია თქვენი საუკეთესო საახალწლო სურვილი რომელიც აგისრულდათ და საოცნებო, რომელსაც ყოველ ახალ წელს ჩაიფიქრებთ? – ამ კითხვებზე დაფიქრება ითხოვა STUDINFO.GE-მ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან და მათ საახალწლო ემოციებს წარმოგიდგენთ.

ტარიელ ხურციძე, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საჯარო მმართველობის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი:

აკაკი კარგი იუმორით გამოირჩეოდა და, ალბათ, ამ პანდემიის დროსაც თავისებური იუმორით გაგვახალისებდა. რას შეცვლიდა არ ვიცი, მაგრამ ალბათ სტუდენტებთან ხშირი შეხვედრები ექნებოდა და ჩვენ შეგვცვლიდა პიროვნულად. გართობაც უყვარდა, ალბათ, ყოველი თვის დასაწყისში „ველქამ ფართის“ მსგავსი გვექნებოდა.

ასრულებულ და საოცნებო სურვილებზე რომ მოგიყვეთ, ბავშვობაში ალბათ ეს იყო დისტანციური მართვის სათამაშო მანქანა, რომელიც ამისრულდა და ახლაც ვინახავ. რაც შეეხება ახლანდელ ნატვრას, ყოველ წელს ახალი მანქანა ძალიან კარგი იქნებოდა, თან დისტანციური აღარ მაკმაყოფილებს და თოვლის ბაბუას ვთხოვ ნამდვილს, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, სრულწლოვნების სურვილებს აღარ ითვალისწინებს.

კესო ბანძელაძე, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სამართლის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი:

ალბათ, აკაკისთან უფრო მეტ სხვადასხვა საინტერესო საკითხზე და ლიტერატურაზე ვისაუბრებდით და სხვა ხიბლი ექნებოდა. საინტერესო იქნებოდა სხვადასხვა სამართლებრივი საკითხების განხილვა მისეული იუმორნარევი პირდაპირობით. ვფიქრობ, აკაკის ახალ ნაწარმობებსაც, პირველად ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები გავეცნობოდით.

ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი, თოვლის ბაბუას ჩემთვის ტკბილეულობით სავსე დიდი ყუთი მოეტანა, რომელიც მხოლოდ ჩემი იქნებოდა და ამ სურვილს ფრთები მშობლებმა შეახსეს. ახლა, როცა უკვე დიდი ვარ, ყოველ ახალ წელს ვინატრებდი, რომ იმ ბავშვების სურვილები ასრულდეს, რომელთაც მშობლები არ ჰყავთ ან რიგი მიზეზების გამო, მათგან შორს არიან. ვისურვებდი ბავშვთა სახლების ბავშვების თვალებში ბედნიერების მუდმივ ნათებას.

დავით რუხაძე, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სამართლის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი აკაკის როლზე თანამედროვეობაში არასდროს მიფიქრია, მაგრამ მისი გამოჩენა ყოველთვის დიდი ზეიმი იქნებოდა. მე მგონია, რომ სატირისა და იუმორის შესახებ რაიმე ცალკე კურსს დაამატებდა, რადგან ეს საუკეთესო ჟანრებია თვითგამოხატვისთვის. ალბათ, საინტერესო რჩევებს და ხედვებს გაგვიზიარებდა.

რას შეეცება ახლენილ და საოცნებო სურვილებს, ქუთაისში გაბაშვილის სახელობის პარკი გვაქვს და ბავშვობაში სულ მინდოდა რომ ეს პარკი ჩემი ყოფილყო, რათა ყველა ატრაქციონზე მეთამაშა. საახალწლო სურვილადაც ამას ვწერდი, ნაწილობრივ ამისრულდა. მშობლებმა წამიყვანეს და მაქსიმალურად ვიჯერე გული. ახლა ყოველ ხალ წელს მოგზაურობაში წასვლას ვთხოვდი თოვლის ბაბუას. სხვადასხვა ხალხების კულტურის გაცნობა ახლოდან ჩემი დიდი სურვილია. ეს ძალიან დიდი გამოცდილება იქნებოდა. როცა ასაკში შევიდოდი, მერე, შეიძლება წიგნიც დამეწერა ჩემს თავგადასავლებზე.

STUDINFO.GE– აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თითოეულ სტუდენტს უსურვებს ჩანაფიქრების ასრულებას.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები