ძლიერი ჯარი, ერთიანი საქართველო და ნაკლები საშიშროება – რა სურთ ეთას იუნკერებს საქართველოსთვის 2022 წელს

სტუდZona

ძლიერი ეკონომიკური კავშირები, ნაკლები საშიშროება, ურთიერთობათა განახლება და ნაკლები შეზღუდვები – STUDINFO.GE-მ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიის იუნკერების საახალწლო სურვილები შეაგროვა. გვაინტერესებდა რას ისურვებდნენ საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოებისთვის 2022 წელს, როგორია მათი სასურველი სამშობლო და რა მოლოდინები აქვთ შემეცნების კუთხით მომავალი წლისგან.

იუნკერების განწყობა პატრიოტული, ამაღლებული და ოპტიმიზმით სავსეა.

იუნკერი ბექა ელიავა, სასწავლო ბატალიონის IV კურსი: როგორც დევნილი, 2022 წელს, საქართველოს ვუსურვებ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებასა და ერთიანობას. ბავშვობიდანვე ჩემი ოცნება იყო, მეცხოვრა ისეთ ქვეყანაში, რომელიც იქნებოდა ეკონომიკურად განვითარებული და სადაც ფასდება შრომა, ცოდნა და თავისუფლება. დღესდღეობით, საქართველო მიეკუთვნება განვითარებადი ქვეყნების სიას და ვიმედოვნებ, რომ მომავალში გვექნება ისეთი სამშობლო, როგორის შექმნაზეც ზრუნავდნენ და ვზრუნავთ. მსურს გვყავდეს ისეთი ჯარი რომელიც შეძლებს გაუმკლავდეს მომავალ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, როგორც რეგიონალურ ისე გლობალურ დონეზე.

2022 წელს იწყება ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რადგან 4 წლიანი სწავლისა და შრომის შემდეგ, ვასრულებ ჩემს მოღვაწეობას ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში და ვხდები ოფიცერი. მინდა ყველა იუნკერს ვუსურვო სამხედრო კარიერული წინსვლა და საკუთარი მიზნების მიღწევის შესაძლებლობა.

იუნკერი დაჩი ფიჩხნარაშვილი, სასწავლო ბატალიონის IV კურსი: 2022 წელს გვსურს პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების საბოლოოდ დაძლევა, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულ კალაპოტში დაბრუნება, ურთიერთობათა განახლება და რა თქმა უნდა ნაკლები შეზღუდვები. რაც შეეხება სურვილს ჩვენი სამშობლოსთვის, გვსურს რომ გვქონდეს ძლიერი, ერთიანი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც მუდამ განვითარებასა და ჯანსაღი საზოგადოების ყოლაზე იქნება ორიენტირებული. ასევე, ძლიერი ეკონომიკური კავშირები და ნაკლები საშიშროება რომელიც, ჩვენს მეტად კომპლექსურ და დაძაბულ რეგიონში სუფევს.

2022 წელს უკვე ჩემი ცხოვრების მიზანს ავიხდენ. გავხდები თავდაცვის ძალების ოფიცერი, რაც მომცემს საშუალებას ჩემს პროფესიაში ჩემივე უნარები დავხვეწო და განვავითარო. ჩემს პროფესიას ბევრი გამოწვევა აქვს, საკითხი კომპლექსურია, მაგრამ როგორც ახალგაზრდა ოფიცრისთვის, ვფიქრობ, საწყის ეტაპზე ეს მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი იქნება მართვის უნარების დახვეწა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენს პროფესიაში.

იუნკერი ვერიკო თორდია, სასწავლო ბატალიონის IV კურსი: ჩემს თაობას, საქართველოს უახლესი ისტორიის თანამედროვეს, კარგად ახსოვს ის მძიმე პერიოდი და დაძაბული ატმოსფერო, რომელიც დიდი ხნის მანძილზე სუფევდა ქვეყანაში. ჩემთვის, როგორც ქართველი სამხედრო მოსამსახურისათვის, უმნიშვნელოვანესია უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა საქართველოსთვის, მოქალაქეებისთვის, რომლებიც დიდ იმედებს ამყარებენ თავდაცვის ძალებზე. ვისურვებ, რომ 2022 წელი იყოს ურთიერთობების დათბობის, სახელმწიფო ინტერესების მიღწევისა და ეროვნული გამთლიანების მომტანი. აუცილებელია, საქართველოს ყოველმა მოქალაქემ და საქართველოს ყოველმა გულშემატკივარმა, თავისი, თუნდაც მცირე, წვლილი შეიტანოს ქვეყნის აღმშენებლობასა და განვითარებაში.

2022 წელი, ჩემი ოთხ წლიანი იუნკერობის პერიოდში უმნიშვნელოვანესი პერიოდია, რადგან სწორედ ამ წელს ვხდები საქართველოს თავდაცვის ძალების უმცროსი ოფიცერი. სწორედ ახლა მაქვს შესაძლებლობა განვვითარდე სასურველი სამხედრო პროფესიით და მაქსიმალურად გამოვიყენო ის რესურსები, რომლებსაც მთავაზობს აკადემია აქ სწავლის პერიოდში. მომავალი – 2022 წელი ასოცირდება ძალიან დიდ გამოწვევებსა და სირთულეებთან, რომელთა გადალახვა მოუწევს ყველა იუნკერს. მთავარი არის მოტივაცია და მონდომება, რათა მივაღწიოთ სასურველ დასახულ მიზანს და ნაყოფიერად გამოვიყენოთ აკადემიაში მოღვაწეობის დარჩენილი წლები.

STUDINFO.GE– დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის თითოეულ იუნკერს უსურვებს ჩანაფიქრების ასრულებას.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები