„მე ახლაც მჯერა, რომ სანტა კლაუსი არსებობს“ – „ალტე უნივერსიტეტის“ სტუდენტები ზღაპრის გმირების როლში

სტუდZona

და თქვენ რას მოიმოქმედებდით 2022 წელს ზღაპრის გმირის როლში? – STUDINFO.GE-მ ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფანტასმაგორიული კითხვა დაუსვა: ზღაპრის კეთილი გმირი რომ იყოთ, რას გააკეთებდით ან შეცვლიდით თქვენი უნივერსიტეტისა და სტუდენტებისთვის?

ნინი ტოხიშვილი „ალტე უნივერსიტეტის“ ბიზნეს სკოლის სტუდენტია და ერთი ჯადოსნური ჯოხით სურს პანდემიის გაქრობა.

„ზღაპრის კეთილი გმირი თუ ვიქნებოდი, ზუსტად ვიცი, რომ პანდემია აღარ იარსებებდა და უკლებლივ ყველა სტუდენტს მოვუყრიდი თავს ჩვენს საოცარ შენობაში, რათა წინა საახალწლო ემოციები პირადად გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის“, – გვითხრა ნინიმ.

ჩვენს მეორე კითხვაზე, რა ემოცია ჰქონდა, როცა გაიგო რომ, რომ სანტა კლაუსი მხოლოდ ბავშვებისთვის გამოგონილი პერსონაჟია და სინამდვილეში არ არსებობს, „ალტე უნივერსიტეტის“ სტუდენტისგან მოულოდნელ და კეთილი პასუხი მივიღეთ:

„მე ახლაც მჯერა, რომ სანტა კლაუსი არსებობს. ყოველი წლის დასაწყისი ახალი შესაძლებლობების დასაწყისიც არის, სწორედ ამიტომ, ბავშვურად წვერიანი ბაბუის სახის არა, მაგრამ იმ ფაქტის მჯერა, რომ ჩვენი საახალწლო სურვილები მთელი წლის განმავლობაში გროვდება და გვისრულდება.

ეველინა ნაგიევა კი, რომელიც „ალტე უნივერსიტეტის“ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტია, მადლიერია თავისი უნივერსიტეტის, რომ ყველა ის მოლოდინი გაუმართლა, რაზეც ბავშვობაში უოცნებია.

„ყველა ის დადებითი ემოცია, რომელიც მსურდა საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან მიმეღო, მივიღე. მაგრამ, თუკი ვიქნებოდი ზღაპრის კეთილი გმირი, კიდევ უფრო ბევრ-ბევრ და კიდევ ერთხელ, ძალიან ბევრ უცხოელ ლექტორს მოვიწვევდი და მეც სიამოვნებით მოვისმენდი მათ გამოცდილებას სხვა სტუდენტებთან ერთად“, – ამბობს ეველინა.

მისთვის ახალი წელი საყვარელი დღესასწაულია და თვლის რომ ბავშვობის წარსულში დატოვების მიუხედავად, ყველას გვყავს სანტა, რომელიც ყოველ წელს ზრუნავს:

„ახალი წელი ყველასათვის საყვარელი დღესასწაულია, თუმცა ამ დღეს განსაკუთრებით მაინც ბავშვები ელიან. მთავარი მიზეზი, ცხადია თოვლის ბაბუაა, რომელსაც ნანატრი საჩუქრები მოაქვს. როცა გავიგე სანტა კლაუსის შესახებ, გულწრფელად გეტყვით, ძალიან დამწყდა გული და ტირილი დავიწყე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ უბრალოდ ყველას ჩვენი საკუთარი სანტა გვყავს და მეც გავიაზრე, რომ ჩემი და იყო ჩემი პირადი სანტა კლაუსი. ვფიქრობ, რომ დღემდე ასეა. მიუხედავად იმისა, რომ დრო გადის და ვიზრდებით, ყველას გვყავს ჩვენი ერთგული სანტა, რომელიც მუდმივად ზრუნავს ჩვენზე“, – გვითხრა „ალტე უნივერსიტეტის“ სტუდენტმა.

STUDINFO.GE– „ალტე უნივერსიტეტის“ თითოეულ სტუდენტს უსურვებს საახალწლო ჩანაფიქრების ასრულებას.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები