„ყველაფერი ნეგატიური და დამთრგუნველი 2021-ს გავატანოთ და ლაღად ვისწავლოთ“ – ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების საახალწლო ფიქრები

სტუდZona

რა მოლოდინი გაქვთ 2022 წლისგან, რა თხოვნა გექნებათ თქვენს უნივერსიტეტთან და რა არის თქვენი მთავარი საახალწლო სურვილი? – გაინტერესებთ რა უპასუხეს STUDINFO.GE-ს ამ კითხვებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა? – უპირველესი სურვილი სტუდენტებისთვისაც კორონაპანდემიით შეზღუდული ერთობის დაბრუნებაა, მაგრამ მათ სხვა ოცნებებიც გაგვიზიარეს:

ალექსანდრე წილქვაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი:

არ მეგულება ადამიანი, მით უმეტეს ახალგაზრდა, რომელსაც გარდა პანდემიის დასრულებისა, რაიმე სხვა პრიორიტეტული სურვილი აქვს. სრულფასოვანი რეალიზაციისთვის ეს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია. სწავლის პარალელურად, ვმუშაობ და კოვიდრეგულაციებმა ბევრი სირთულე შემიქნა. ნამდვილად არ არის იოლი პარალელურ რეჟიმში დისტანციური სწავლა და მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს უნივერსიტეტში და სამსახურშიც ძალიან მიწყობენ ხელს. რთულია, მუდმივად იჯდე კომპიუტერთან და ვერ ხვდებოდე ლექტორებს, ჯგუფელებს, მეგობრებს. მე ჩემი მოლოდინი მაქვს 2022 წლისგან და დარწმუნებული ვარ, მილიონობით ჩემი თანატოლიც იმავეს გაიზიარებს – მინდა, რომ ყველაფერი ნეგატიური, დამთრგუნველი 2021-ს გავატანოთ, მინდა, ყველას მოგვეცეს საშუალება ვიცხოვროთ და ვისწავლოთ კოვიდის გარეშე, ლაღ გარემოში, გამოვადგეთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს – აი, ეს არის უმთავრესი და მასთან შედარებით, სხვა ყველაფერი ძალიან უმნიშვნელოა.

რა თქმა უნდა, მაქვს საახალწლო სურვილი – ჩემი სპეციალობით გაცვლით პროგრამაში მოხვედრა და ევროპის ცნობილ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. ამის საშუალებას ტექნიკური უნივერსიტეტი მაძლევს. მთავარია, პანდემია დასრულდეს, მთავარია, მეცნიერებმა შეიმუშაონ მედიკამენტი, რომელიც კოვიდ-19-ს დაამარცხებს.

სალომე ჭიღლაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი:

2021 წელი საქართველოსთვის, ისევე როგორც მსოფლიოსთვის, მძიმე იყო. პანდემიის გამო, სტუდენტებმა სასწავლო წელი, ძირითადად, აუდიტორიების მიღმა გავიარეთ. სასიხარულოა ის, რომ ასეთი ვითარების მიუხედავად, ერთმანეთი არ დაგვიკარგავს და არც ლექტორებისთვის გაუცხოვებულვართ. მთელი წელი ვსწავლობდით კომპიუტერებთან, ონლაინ. მინდა ისიც ვთქვა, რომ სწავლების შერეულ ფორმატს და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა კარგად გაართვა თავი.

რას ველი მომავალი წლისგან? – კარგი იქნება, თუ მთლიანად აუდიტორიებში განახლდება სასწავლო პროცესი. ამისთვის ჩვენც, სტუდენტებიც უნდა ვიყოთ მზად. თუ გვინდა, რომ სასწავლო პროცესმა აუდიტორიებში გადაინაცვლოს, ყველანი უნდა ავიცრათ. უნივერსიტეტი, თავის მხრივ, მზად არის რეგულაციების დაცვა მთლიანად უზრუნველყოს. მინდა, ყველა სირთულე 2021-ში დარჩეს. მინდა, რომ სტუდენტური წლები ფერადი და ლამაზი იყოს.

ერეკლე თაბაგარი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის მესამე კურსის სტუდენტი:

დიდი მოლოდინი მაქვს, რომ 2022 წელს უნივერსიტეტში, აუდიტორიებში დავბრუნდებით, რომ დასრულდება დისტანციური სწავლება, დისტანციური ურთიერთობა ლექტორებთან, მეგობრებთან – ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის ეს არის მთავარი. ყველა ახალგაზრდა ხომ ასე წარმოვიდგენთ სტუდენტურ ცხოვრებას – სიცოცხლით სავსეს, აქტივობებით დატვირთულს, უნივერსიტეტის კედლებში… უნდა აღვნიშნო ისიც, რომ პანდემიისა და დისტანციური სწავლების მიუხედავად, ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის დონის ასამაღლებლად, სტუდენტურ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად და სტუდენტური სერვისების განვითარების მხრივაც ბევრი სიახლე გვაქვს და ბევრიც – 2022 წელს იგეგმება. ძალიან მინდა, რომ სტუდენტური ღონისძიებები, აქტივობები, რაც ჩვენი უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით არის დაგეგმილი, განხორციელდეს. მაგრამ ამისთვის ჯანსაღი გარემოა აუცილებელი. დიდი იმედი მაქვს, მომავალი წელი ისევ არ ჩაგვკეტავს და ყველა ჩვენი მოლოდინი და გეგმა განხორციელდება.

მთავარი საახალწლო სურვილი დასრულებული პანდემია, ჯანმრთელობა და სტუდენტებით სავსე უნივერსიტეტია. მანამდე კი, უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს.

STUDINFO.GE– საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თითოეულ სტუდენტს უსურვებს საახალწლო ჩანაფიქრების ასრულებას.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები