„სტუდენტთა სიმრავლე უნივერსიტეტში და ახმაურებულ აუდიტორიები“,- SANGU-ში ახალ, 2022 წელს ელიან

სტუდZona

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ახალ წელს ახალი იმედებითა და სურვილებით ელიან. სტუდენტებმა STUDINFO.GE-ს გაუმხილეს მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, რა თხოვნა აქვთ უნივერსიტეტთან და რა ახალი მიზნებითა და იმედებით ხვდებით ახალ წელს.

სალომე სისაური ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსზე სწავლობს და ამასთან სანგუს თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელია. სურს რომ სტუდენტთა ცხოვრება მეტად საინტერესო, სხვადასხვა შემეცნებითი თუ სახალისო აქტივობებით იყოს დატვირთული და ამისთვის მათ აქტიურობისკენ მოუწოდებს:

„გვაქვს ბერკეტი და შესაძლებლობა იმისა, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში სურვილების განხორციელება შევძლოთ. პირველ რიგში, სტუდენტებს ვთხოვ, თვითმმართველობის წევრებს გაგვიზიარონ ინტერესები, სურვილები, იდეები, საჭიროებები, რათა უნივერსიტეტის დახმარებით შევძლოთ მათი სისრულეში მოყვანა.

„რაც შეეხება თხოვნას უნივერსიტეტთან, გულწრფელად რომ გითხრათ, ბევრი ვიფიქრე, რა შეიძლება მეთხოვა ისეთი, რაც არ გვაქვს, ან რის გამოსწორებასაც ვისურვებდი. თხოვნად დავტოვებდი იმას, რომ ის სიყვარული, მხარდაჭერა, მზრუნველობა, რასაც ყოველთვის ვგრძნობთ სტუდენტები, კიდევ მრავალი წელი გაგრძელდეს და ის ახალგაზრდები, ვინც წმიდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ჩააბარებენ, ისევ ისეთი ატმოსფერო დახვდეთ, როგორიც დღეს არის.

„ყველაზე დიდი სურვილი და უკვე ნატვრა, რაც მაქვს, ეს არის პანდემიის დასრულება, ან სიტუაციის მკვეთრად გაუმჯობესება ისე, რომ შევძლოთ ჩვეული რიტმით ცხოვრება. იმედი მაქვს, მომავალი ახალი წელი, მეტად მშვიდი და სასიამოვნო იქნება. ვისურვებდი ისეთ წელს, როცა არ შეგვეშინდება ერთმანეთთან ფიზიკური სიახლოვის, ადამიანებთან ჩახუტების და ღიმილის გამოჩენის, რომელიც ამშვენებს ადამიანს. ვთხოვ სამყაროს, რომ ამ წლიდან დაიწყოს ცვლილებები უკეთესობისკენ, რათა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაც უფრო ხალისიანი იყოს. მოუთმენლად ველი სტუდენტთა სიმრავლეს უნივერსიტეტში და ახმაურებულ აუდიტორიებს. იმედი მაქვს, გაზაფხულის სემესტრში გვექნება შესაძლებლობა, რომ ყველა დავუბრუნდეთ დასწრებული ფორმით სწავლას. რაც შეეხება მიზნებსა და სურვილებს საგანმანათლებლო კუთხით, მინდა, რომ კიდევ უფრო ნაყოფიერი წელი მქონდეს, გონივრული გადაწყვეტილებებითა და ქმედითი ნაბიჯებით დატვირთული. გავაკეთებ ყველაფერს, რომ კიდევ ერთხელ ვიგრძნო ის ბედნიერება, რასაც სტიპენდიანტობა ჰქვია. და მაინც, მჯერა, რომ სამყარო ჩემ თხოვნას შეისმენს!“

ქეთი კაცელაშვილი ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი და ამავდროულად, წმ. ანდრიას უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე პრეზიდენტია:

„ვფიქრობ, უნივერისტეტს რაც სჭირდება ყველაფერი გვაქვს და მეტიც, ძალიან კარგი დამოკიდებულება, რაც ყოველდღიურად იგრძნობა. სითბო, სიყვარული, თანადგომა, მუდმივი სვლა განვითარებისაკენ ეს ისაა, რაც არასდროს მინდა დაკარგოს ჩემმა უნივერსიტეტმა. ბედნიერებაა სწავლობდე წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში. დიდი სურვილი მაქვს ჩვენს შესახებ გაიგოს ყველამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციიის დახმარებით.

ვფიქრობ, მომავალი წელი ბევრად პროდუქტიული იქნება როგორც ჩემთვის ასევე უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისათვის, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველაზე მრავალფეროვანი და ბედნიერი დღეები გვქონდეს უნივერსიტეტში. მიხარია ამ უნივერსიტეტის სტუდენტი რომ ვარ. SANGU-ს სახელით ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს ვულოცავ ახალ წელს, მიზნების და ოცნებების ახდენის წელი გქონოდეთ!

STUDINFO.GE– წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის თითოეულ სტუდენტს უსურვებს საახალწლო ჩანაფიქრების ასრულებას!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები