მეტი საერთაშორისო კონფერენცია და კარგი ინტერნეტი – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების საახალწლო ჩანაფიქრები

მხიარული ინფო

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ახალ წელთან შესახვედრად ემზადებიან. იქამდე კი, საახალწლო განწყობები, სურვილები თუ მოლოდინები STUDINFO.GE-ს გაუზიარეს. უნივერსიტეტის სამ სტუდენტს ჩვენ ორი კითხვა დავუსვით. გვაინტერესებდა რა სურთ მომავალი წლისგან და რა მოლოდინი ან თხოვნა აქვთ აქვთ თავიანთ უნივერსიტეტთან. თითოეულ მათგანს სჯერა, რომ ახალი წელი სიახლეების ათვლის წერტილია და ამიტომ თამამად ოცნებობენ. დარწმუნებულები არიან იმაში, რომ „ჯადოსნურ ღამეს“ ჩაფიქრებული ყველა სურვილი აუცილებლად აუსრულდებათ.

20 წლის მარიამ მაზანაშვილი სპორტის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. ის თოვლის ბაბუას სწავლის დაფინანსებას სთხოვს, უნივერსიტეტისგან კი მისივე პროფესიის განვითარებისთვის ბევრ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას ელის.

“მე მჯერა “ჯადოსნური ღამის” და ამიტომ წელს საკმაოდ კარგი სურვილები მაქვს. იმედი მაქვს, რომ ამ სურვილებს თოვლის ბაბუა ყურადღებით მოისმენს და შემისრულებს. მინდა რომ სპორტის ფაკულტეტისთვის იყოს ბევრი გაცვლითი პროგრამები და მონაწილეობა მივიღო. გარდა ამისა, წელს არ დავფინანსდი და მინდა, რომ სწავლის გადასახადისგან გავთავისუფლდე, ერთი წლით მაინც“, – გაგვიმხილა მარიამ მაზანაშვილმა.

განსხვავებული საახალწლო სურვილები აქვს 20 წლის ანა ჩოჩიას, რომელიც ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს. მესამე კურსის სტუდენტი მომავალ წელს უკეთესის იმედით ხვდება და სურვილების ასრულებაშიც დარწმუნებულია.

“როგორც ყველა, მეც ახალ 2022 წელს ველოდები იმედით და მაქვს რამდენიმე კარგი სურვილი, რომელსაც დიდი სიამოვნებით გაგიმხელთ. ყველაზე მეტად მინდა, რომ რაიმე პროგრამით სასწავლებლად საზღვარგარეთ წავიდე, მაგრამ არ ვიცი რამდენად მოხერხდება. რაც შეეხება უნივერსიტეტს, მსურს რომ უნივერსიტეტისგან მივიღოთ უფრო მეტი საერთაშორისო კონფერენციები ან საერთაშორისო ღონისძიებები, რადგან ეს უფრო შეგვიწყობს ხელს, განსაკუთრებით ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებს, რათა გავიღრმაოთ ენის ცოდნა”.

სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტს, ხატია ხაბაშვილს კი სურს, რომ ის ხარვეზები, რაც მიმდინარე წელს დისტანციური სწავლების პროცესში ჰქონდა, აღმოიფხვრას.

“მე ვცხოვრობ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში. გამომდინარე იქიდან, რომ სოფელი სრულად არ არის დაფარული ინტერნეტით, მაქვს როგორც ინტერნეტის პრობლემა, ასევე ტექნიკის პრობლემა და შესაბამისად ონლაინ ლექციებზე დასწრება, ჩემთვის საკმაოდ პრობლემურია. ამიტომ, ჩემი დიდი სურვილია, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს მომავალ წელს. სწორედ ამას ჩავიფიქრებ ახალ წელს. რაც შეეხება უნივერსიტეტს, მინდა რომ იყოს ცალკე დაფინანსება გამოყოფილი სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რათა ჩვენ საკუთარი პროექტების განხორციელება შევძლოთ”, – გვითხრა ხატია ხაბაშვილმა.

STUDINFO.GE– გორის უნივერსიტეტის თითოეულ სტუდენტს უსურვებს ჩანაფიქრების ასრულებას.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები