ჩინური უნივერსიტეტის სწავლის სისტემა და ქართველი გოგონას უჩვეულო ამბები ხანგჭოუდან

სტუდენტური სახე

ჩინეთში, ქალაქ ხანგჭოუში, ჭეძიანგის უნივერსიტეტში ქართველი გოგონა სწავლობს. ნენე ახობაძე ჩინეთში პირველად 2015 წელს, სტუდენტური გაცვლითი პროგრამით წავიდა. მაშინ ის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე არაბისტიკას და სინოლოგიას სწავლობდა.

სინოლოგია – „ჩინეთმცოდნეობა“ -მრავალდარგოვანი სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც მეცნიერულად შეისწავლის და იკვლევს ჩინურ ენას და ლიტერატურას, ჩინეთის ისტორიას, ეკონომიკას, პოლიტიკას, ფოლკლორს და საერთოდ ჩინელებთან და მათ ქვეყანასთან და კულტურასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს – ვიკიპედია)

გოგონა, ჩინეთში წასვლამდე, თსუ-ში გარკვეულ ბარიერებს წააწყდა, თუმცა უკან არ დაიხია და მოგვიანებით, ჩინეთის მთავრობის დაფინანსებაც მოიპოვა ორჯერ. ახლა ჭეძიანგის უნივერსიტეტში უახლეს და თანამედროვე ჩინეთის ისტორიას სწავლობს, რის უფლებასაც, ჩინეთის უნივერსიტეტები, უცხოელს იშვიათად აძლევენ. პარალელურად, ნენე ქართველებს ონლაინ ასწავლის ჩინურ ენას.

ნენე ახობაძე საკუთარ გამოცდილებას STUDINFO.GE-ს მკითხველს უზიარებს.

ნენე, როგორ მოახერხეთ ჩინეთში წასვლა თავის დროზე, რა ეტაპები გაიარეთ?

– თსუ-ს მიერ უცხოურ უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულებით შეუძლია ისარგებლოს ნებისმიერმა თსუ-ს სტუდენტის სტატუსის მქონე პირმა, თუმცა ამაზე თავად უნივერსიტეტის საგარეო საქმეთა დეპარტამენტში ძალიან ცოტა ინფორმაცია აქვთ და განსაკუთრებით, ჩინეთს რაც შეეხება.

2015 წელს პირველად ვცადე ჩინეთის მთავრობის სტიპენდიის მოპოვება, მაგრამ ვერ შევძელი. ამის შემდეგ გადავწყვიტე, გაცვლითი პროგრამით მესარგებლა. თსუ-ში მომთხოვეს ინგლისური ენის ცოდნის სერტიფიკატი. მაშინ ინგლისური საერთოდ არ ვიცოდი, რადგან სკოლაში გერმანულს ვსწავლობდი. ინგლისურის ცოდნა გჭირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩინური საერთოდ არ იცი ან გინდა, ინგლისურ სპეციალობებზე ისწავლო. მე სინოლოგიაზე ვსწავლობდი და ცოტა ჩინური ვიცოდი. რეალურად, ინგლისურის ცოდნა აქ არაფერში გადგება, რადგან ეს ენა ფაქტობრივად არავინ იცის.

პირდაპირ ჩინურ უნივერსიტეტს მივწერე. გასაუბრება ონლაინ შედგა და მითხრეს, რომ მიმიღებდნენ. მხოლოდ სასწავლო კურსი ფინანსდებოდა. საცხოვრებლის გადასახადზე, კვებაზე და ა. შ. მე უნდა მეზრუნა.

ამ შეთანხმების მიუხედავად, თსუ მაინც უარს მეუბნებოდა ჩინეთში წასვლაზე და ბოლომდე ახლაც არ ვიცი, რატომ. თსუ-მ სტუდენტის სტატუსი შემიჩერა, მაგრამ ამის მიუხედავად, მთხოვდა სწავლის საფასურის გადახდას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მემუქრებოდნენ ჩინეთის უნივერსიტეტთან პრობლემების შექმნით. ბოლოს ყველაფერი გავარკვიე და მოვახერხე ჩინეთში ამ გაცვლითი პროგრამით და თსუ-ს სტუდენტის სტატუსით ჩამოსვლა.

ჩინეთში როგორ გაიკვალეთ გზა?

– პირველად ენის სასწავლად ჩამოვედი. მაშინ სისტემატიურად მქონდა ჩინური ენის გაკვეთილები – დილის 8 საათზე მეწყებოდა და საღამოს 5 საათზე მთავრდებოდა. წლის ბოლოს C1 დონის სერტიფიკატი ავიღე, რაც მერე ჩინეთის მთავრობის სტიპენდიის მოპოვებაში დამეხმარა.

ჩინურს აქ პირდაპირ ჩინურად გასწავლიან. საერთოდ თუ არაფერი იცი, მაშინ შეიძლება გამოიყენო ცოტა ინგლისური, მაგრამ დიდად არ წყვეტს ეს მომენტი არაფერს. მარტივი ჩინური ენით გიხსნიან თავიანთ გრამატიკას და ა. შ. ძალიან გასაგებად – ფეხებით, ხელებით, ვიდეოებით, პრეზენტაციებით… რის ჩართვაც შეიძლება, ყველაფერს მიმართავენ. სტანდარტული ლექციების გარდა, დამატებითი ლექციებიც გვქონდა, რომელსაც ჩინური ენის ფილოლოგიაზე რომ სწავლობდნენ, ის ჩინელები გვიტარებდნენ. თუ რაიმე გაუგებარი იყო ან რაიმე კითხვა გვქონდა, გვიხსნიდნენ და დამატებითაც გვამეცადინებდნენ. ამის გარდა, უნივერსიტეტს ჰქონდა ე. წ. ჩინური ოჯახის პროგრამა – ჩინური ოჯახთან ერთად ვატარებდით შაბათ-კვირას. ჩინური ოჯახის წარმომადგენელი იყო უნივერსიტეტის წარმომადგენელი – ლექტორი ან თანამშრომელი და მის ოჯახთან ერთად მივდიოდით ქალაქგარეთ ან კინოსა თუ თეატრში. იმ ოჯახებს სტანდარტული მოვალეობები არ ჰქონდათ – თუ სურდა, წაგიყვანდა შაბათ-კვირას თავისთან, თუ არა, და – არა.

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიას ვის აძლევენ და მოტივი რა აქვთ ამისთვის?

– ბევრი ქვეყნის სტუდენტს აფინანსებენ. სხვა ქვეყნებთან შედარებით, ამ დაფინანსებაში ცოტა ქართველები ხვდება. ეს ხომ დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და ბევრ ქვეყანაში აქვს სხვადასხვა პროექტები. ამ პროექტებისთვის, რა თქმა უნდა, თარჯიმნები სჭირდებათ.

მათი სტიპენდიით გიფინანსდება სწავლა, საცხოვრებელი, კომუნალური გადასახადები და თვეში გაძლევენ 3 000 იუანს (~470 აშშ დოლარი, ავტ.), რაც საკმარისია საცხოვრებლად.

ამ სტიპენდიით უნდა გამევლო ჩვეულებრივი, სტანდარტული ენის კურსები, მაგრამ, რომ ჩამოვედი, არ ჰქონდათ ეს კურსი და დამსვეს ბიზნეს-ჩინურის მესამე კურსელებთან. ფაქტობრივად, ბიზნესის ენას ვსწავლობდი. დამატებით, რადგან თსუ-ში არაბული ენის სპეციალობა მქონდა არჩეული და ძალიან მინდოდა, კრედიტები ამეღო ამ კუთხით და თსუ-ში სწავლა დიდხანს არ გაწელილიყო, გადავწყვიტე, აქ გამევლო არაბული ენის კურსები ჩინელ სტუდენტებთან ერთად. ასე რომ, თან არაბულ ენასაც ვსწავლობდი, რაც ძალიან რთული იყო, მაგრამ ბოლოს მაინც ჩავაბარე, ყველა კრედიტით ჩამოვედი საქართველოში და თსუ-მაც მიღიარა ის სწავლა. იმ წელს ავიღე ჩინურში C2-ის სერტიფიკატი, რაც ყველაზე მაღალი დონეა.

მესამედ რომ წავედი, მინდოდა, ჩინური ენის ცოდნა გამეღრმავებინა და რამე ისეთი მესწავლა, რაც საქართველოში ნაკლებად იციან და მომავალში გამხდიდა კონკურენტუნარიანს. გაცნობიერებული მქონდა, რომ 3 წელი თუ კიდევ ვისწავლიდი აქ მაგისტრატურაზე, კიდევ უფრო სრულყოფილ ცოდნას მივიღებდი და ახლა ჩინეთის ისტორიას ვსწავლობ. აქ ითვლება, რომ ჩინელებისთვის სხვა ენის სწავლა უფრო რთულია, ვიდრე სხვა ერის წარმომადგენლისთვის – ჩინურის.

არადა, ყველაზე რთულ ენად ჩინური ითვლება.

-დიახ, რთული ენაა და ძალიან განსხვავებული სისტემა აქვს. როცა ასეთი რთული ენის სისტემით იზრდები – ურთულესი იეროგლიფები, გამოთქმები… მერე რთულია, აბსოლუტურად განსხვავებული სისტემის ენა ისწავლო. ამიტომაც, მზად არიან, სხვა დააფინანსონ, ვიდრე თავად ისწავლონ.

სხვა ენებთან შედარებით გრამატიკა მარტივია, მაგრამ სირთულეა გამოთქმა და ა. შ. ყველას იეროგლიფები ახსენდება ჩინურზე, მაგრამ ეს არაფერია, ისწავლი და დაიმახსოვრებ, მაგრამ გამოთქმაა ძალიან რთული. საუბრისას ყურადღება უნდა მიაქციო ტონებს. ოთხი ტონი აქვს ენას და თუ ტონი შეცდომით თქვი, სხვა სიტყვა გამოგდის. ეს ტონები ართულებს ენის სწავლას, მაგრამ ნელ-ნელა ეჩვევი და აღარ გიჭირს. თავიდან უფრო რთული იყო.

ნენე, რაც შეეხება განათლების სისტემას, რით ჰგავს და რით განსხვავდება ქართულისგან ან რომელი სჯობს?

-სკოლას რომ ამთავრებენ, აბარებენ გამოცდებს და იმის მიხედვით ხვდებიან უნივერსიტეტებში. ჩინური უნივერსიტეტები კი, გარკვეული თვალსაზრისით, უფრო მეტ კონკრეტულ ცოდნას გაძლევენ, ვიდრე ქართული. ქართულ უნივერსიტეტებში ყველაფერში ზოგად ცოდნას ვიღებთ, როდესაც საბაკალავრო პროგრამას ვსწავლობთ. მაგალითად, თსუ-ში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ძირითადი იყო არაბული ენა და ასევე ვსწავლობდი ენას, ისტორიას, კულტურას, ლიტერატურას, რელიგიას – ყველაფერს, რაც არაბულ ქვეყანასთან იყო დაკავშირებული. ჩინელებთან ერთად რომ არაბულს ვსწავლობდი, აქაც არაბული ენა იყო მთავარი, მაგრამ იყოფოდნენ ორ ნაწილად – თუ სწავლის გაგრძელებას აპირებდნენ როგორც ენის ფილოლოგი ან თარჯიმანი, მაშინ სწავლობდნენ ძირითად საგნებში ენას და ცალ-ცალკეა ლექციები გრამატიკის, ენის მოსმენის, საუბრის, თარჯიმნობის. ამზადებენ სპეციალისტს და აღარ ტვირთავენ კულტურით, ისტორიით თუ ა. შ. ჩინეთში აქვთ არჩევითი კრედიტები, ისე, როგორც საქართველოში და ამ კრედიტებში შეგიძლია აირჩიო არაბული ქვეყნების კულტურა, რელიგია და ა. შ. საქართველოში ძირითადად ყველაფერს ერთად გასწავლიან და არჩევით კრედიტებში სწავლობ ან მეორადი პროფესიის ან სხვა საგანს. შესაბამისად, აქ პროფესიული ცოდნაც უფრო მეტი აქვთ ბაკალავრის დამთავრების შემთხვევაში და მაგისტრატურაზე თავის სპეციალობას კი აღარ სწავლობენ, არამედ იკვლევენ რაღაც თემას, რაც აინტერესებთ.

მესამედ რომ ჩამოვედი მაგისტრატურისთვის, მინდოდა, მინიმუმ ქვეყნის საუკეთესო ხუთეულში შესულ უნივერსიტეტში გამეგრძელებინა სწავლა. ეს უნივერსიტეტი, სადაც ვსწავლობ, ჩინეთის მასშტაბით, ხან მეოთხე ადგილზეა, ხან – მეხუთე. თან, ქალაქიც მომწონდა, თუმცა აქ მოხვედრა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე იმ უნივერსიტეტებში, რომელსაც ეჯიბრება და ხან ეს არის მეოთხე ადგილზე და ხან – ის. მიუხედავად იმისა, რომ სტიპენდია გაქვს ქვეყნის მთავრობისა, უნივერსიტეტი არ მიგიღებს მანამდე, სანამ ხელმძღვანელი არ მიგიღებს კვლევაზე. ხელმძღვანელმა რომ კვლევაზე მიგიღოს, საჭიროა, მასთან გაიარო გასაუბრება, მოაწესრიგო საბუთები, უნდა გქონდეს ჩინურ ენაზე დაწერილი და გამოქვეყნებული სტატია გაზეთში და ა. შ.

ჩინეთის ისტორიას სწავლობთ. რას მოგიტანთ საქართველოში დაბრუნებულს ეგ განათლება?

– ჩინეთის ისტორიას ვსწავლობ იმიტომ, რომ მაგისტრანტი, ვინც ჩინეთში ისწავლა ჩინეთის ისტორია, საქართველოში არ გვყავს. ვინც რაიმეს ირჩევდა საქართველოდან ჩინეთში სასწავლებლად, ეს არის ტურიზმი ან ბიზნესი ან მხოლოდ ჩინური ენა. თავიდან, ჩინეთის ძველი ისტორიის შესწავლა მინდოდა, მაგრამ არ მიმიღეს. ამ უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტი სწავლობდეს ჩინური ენის ისტორიას, ისტორიას არ ახსოვს და თავიდან, როცა დამთანხმდნენ თანამედროვე ჩინური ისტორია შემესწავლა, არც ელოდნენ, რომ მართლა მივიდოდი. ძველი ჩინურის ისტორია ძველი ჩინურით ისწავლება – დამწერლობა, სიტყვები, ყველაფერი ძველი ჩინურია. ძალიან ვეცადე, იქ მოხვედრას, მაგრამ არ გამომივიდა და ახალი და თანამედროვე ჩინური ისტორიის შესასწავლადაც ძლივს ამირჩია ლექტორმა. ახლა კი ვფიქრობ, კარგია, ძველზე რომ არ მიმიღეს, რადგან ძალიან გამიჭირდებოდა. ის პერიოდი, რომელსაც მე ვიკვლევ – ოპიუმის ომებიდან 1955 წლამდე, არის ძველი, ტრადიციული იეროგლიფებით. შესაბამისად, რთულია. უცხოელები აქ მხოლოდ გამარტივებული იეროგლიფებით სწავლობენ. ჩემი ისტორიული მასალის ნახევარზე მეტი ტრადიციული იეროგლიფებია, ზოგი ხელნაწერია და ძალიან რთულია წასაკითხად თუ გასარჩევად თვითონ ჩინელისთვისაც.

ჩინეთს, ალბათ, არც უნდა მათ ისტორიაში ვინმე ჩაახედოს…

– მაგაზე მეც ვფიქრობდი თავიდან. მეგონა, ახლა ყველაფერი გათანამედროვებულია და ხელნაწერებიც ასე იქნებოდა, მაგრამ, ნურას უკაცრავად! მართლა არ აქვთ ძველი წყაროები თანამედროვე იეროგლიფებით. რამდენჯერმე რომ მივმართე და ლექტორები მწერდნენ, ვერ შეძლებ, რამდენიმე თვეში მიატოვებ და არც შენთვის იქნება კარგი და არც ჩვენთვისო, მერე და მერე მივხვდი, ამას რატომ მეუბნებოდნენ.

უკვე სამი წელია მაგისტრატურაზე ვსწავლობ. აქ ჯერ სადიპლომო ნამუშევრის სათაურის დაცვა გაქვს, მერე – პირველი დაცვა, მერე კი, შენი სადიპლომო ნამუშევარი იგზავნება ბრმად რამდენიმე ლექტორთან და იმათმა თუ მოიწონეს, გადიხარ მესამე დაცვაზე.

ბრმა დაცვა ჰქვია, როდესაც ლექტორი კითხულობს შენს ნაშრომს და შენი ვინაობა არ იცის. ამ უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე ოთხი ბრმა დაცვა გვაქვს. აქ უკვე სხვა პრობლემას აწყდები: შენმა უნივერსიტეტმა თუ იცის, რომ უცხოელი ხარ და პატარა შეცდომა შეიძლება გაპატიოს, იმ ოთხმა, ვინც შენს ნაწერს ასწორებს, არ იცის, რომ უცხოელი ხარ და შეიძლება შენი თემა მოეწონოს, მაგრამ გრამატიკულად რაღაც ვერ იყოს და თქვას, ამას წერა არ სცოდნია და რა ისტორიას იკვლევსო. სხვა გზა არ მაქვს, უნდა დავძლიო.

თანამედროვე ჩინური ისტორიის სწავლა იმიტომ არ მინდოდა და ძველი მერჩივნა, რომ ვფიქრობდი, აქ კრიტიკულ აზრს ვერ გამოვთქვამდი მათ ისტორიასთან დაკავშირებით, მაგრამ იმდენად კრიტიკულად არიან თავადვე განწყობილნი სტუდენტებიც და ლექტორებიც და ისე აკრიტიკებენ ყველაფერს… პირველად, კულტურულ რევოლუციაზე მქონდა კვლევა. კვლევის მიხედვით გვაფასებენ. დავწერე მაოზე და სტალინზე. ბევრი კრიტიკული აზრი მქონდა, მაგრამ მაინც ლამაზად წარვადგინე. ლექტორმა გამაკრიტიკა – რა იყო, მაო მოგწონს, ერთი კრიტიკული სიტყვა რომ არ დაგცდაო. ვუთხარი, თქვენ კი აკრიტიკებთ, მაგრამ უცხოელმა რომ რამე თქვას და მაგის გამო ქულა დამაკლოთ, არ მინდა-მეთქი. ერთი სიტყვით, გავიკიცხე იმის გამო, რომ ამ ეპოქას კრიტიკულად არ მივუდექი. მითხრა, ეგეთი კრიალა ისტორიაც არ გვაქვს, როგორც შენ წარადგინეო.

სწავლის პარალელურად, ქართველებს ონლაინ ასწავლით ჩინურ ენას. რა კატეგორიას აინტერესებს ჩინური ენა აქ და რა მეთოდით ასწავლით?

-ჩინურის სწავლა მათ უნდათ, ვინც უკვე მუშაობს ჩინელებთან ან ჩინეთში გეგმავს სწავლის გაგრძელებას. პირველ უნივერსიტეტში რომ მასწავლეს, ყველა იმ მეთოდს ვერ ვიყენებ, თუმცა ყველაფერს ვერა.

აქ პირველ და მეორედ ჩამოსვლისა და ჩინური განათლების მიღების შემდეგ, საქართველოში გიდად და თარჯიმნად ვმუშაობდი ჩინელებთან. კოვიდის დაწყების შემდეგ ბევრმა ჩინელმა დატოვა საქართველო და რომ ჩამოვალ, რა დამხვდება, არ ვიცი.

შესაძლოა დაგაინტერესოთ:

浙江外国语学院 (zisu.edu.cn)
ჭეძიანგის საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტი

浙江工商大学 (zjgsu.edu.cn) 
ჭეძიანგის კუნგშანგის უნივერსიტეტი

Zhejiang University (ZJU) 
ჭეძიანგის უნივერსიტეტი

სპეციალურად STUDONFO.GE-ს
მოამზადა რუსუდან ადვაძემ (EDU.ARIS.GE

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები