ტრადიციული სივრცის ციფრული ალტერნატივა – დაათვალიერეთ მსოფლიოს წამყვანი მუზეუმები ონლაინ

S - მთავარი სლაიდერი

მუზეუმები კაცობრიობის წარსულს და მის მნიშვნელოვან მიღწევებს ინახავს, მათში თავმოყრილია ხელოვნებისა თუ მეცნიერების მიღწევები, ქვის ხანის თუ რენესანსის პერიოდის ექსპონატები. მუზეუმებს დიდი როლი აკისრია, როგორც ისტორიული წარსულის შემონახვის, ისე სამომავლოდ კულტურული განვითარების კუთხითაც. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ მათი როლი თანამედროვე სამყაროში მნიშვნელოვნად შეიცვალა. თითქოს ადამიანები ჩამოშორდნენ მუზეუმებს და კულტურული განვითარებისთვის სხვა, თანამედროვე ცხოვრებისთვის უფრო მოსახერხებელ ხერხებს მიაგნეს.
ეს საზოგადო პრობლემაა, რომელიც თანამედროვეობამ მოიტანა. ბოლო პერიოდში მუზეუმები უფრო მძიმე სიტუაციაშიც აღმოჩნდნენ. მაგალითად, მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრები ჩაიკეტა, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მუზეუმებიც კი სტუმრების ნაკლებობას უჩიოდნენ. ვირუსით გამოწვეულმა ლოკდაუნმა ქვეყნის შიგნით არსებული ადამიანებისთვისაც შეუძლებელი გახადა კულტურულად აქტიურები ყოფილიყვნენ. ამ ვითარებაში Google-ს ხელოვნებისა და კულტურის განყოფილებამ და ზოგიერთმა მუზეუმმა დამოუკიდებლად შესთავაზა მნახველს ვირტუალური ტურები და ამ ციფრული დამატებით ადამიანებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ არაერთი მუზეუმის მონახულება.

გთავაზობთ იმ მუზეუმებს, რომლებმაც ფეხი სწრაფად აუწყვეს დროის ცვლილებებს, არ ჩამორჩნენ ტენდენციებს და დამთვალიერებლებს თავიანთი ტრადიციული სივრცის პარალელურ ციფრულ ალტერნატივას სთავაზობენ:

ბრიტანეთის მუზეუმი, ლონდონი

ბრიტანეთის მუზეუმი კაცობრიობის ისტორიას ინახავს, აქ აღმოაჩენთ ანტიკურ არტეფაქტებს მთელი მსოფლიოდან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ ამ მუზეუმშია დაცული როზეტის ქვა. ეს ქვა ძველეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრის გასაღებად იქცა და მისი ისტორიის კვლევის საქმეში დიდი როლი ითამაშა. ამ მუზეუმში ძველეგვიპტურ კულტურას სრულად ეთმობა ერთი განყოფილება. მუზეუმი, საკუთარი ძვირფასი საგანძურის დათვალიერების მსურველებს ონლაინ ტურს სთავაზობს, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ციფრულ სივრცეში გამოფენილი ექსპონატები, ტური ინტერაქციულია, რაც მას კიდევ უფრო სახალისოს ხდის.

ვან გოგის მუზეუმი, ამსტერდამი

ნიდერლანდი ფერმწერისა და გრაფიკოსის ნამუშევრებს, რომლის შემოქმედებას ფართო აუდიტორია კარგად იცნობს, შევხვდებით ყველგან, ბლოკნოტების ყდებით დაწყებული, სტრიტ-არტით დამთავრებული. თუმცა, თუ თქვენ გსურთ მხატვრის ნამუშევრები ავთენტურ სივრცეში, ამსტერდამში განთავსებულ მუზეუმში ონლაინ დაათვალიეროთ, ამის საშუალება უკვე გაქვთ. აქ შეგიძლიათ მუზეუმის სრული სურათი 360 გრადუსიანი ხედვით ნახოთ, დეტალები მოაახლოოთ და ნახატები სხვადასხვა კუთხიდან აღიქვათ.

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი

მანჰეტენზე, ცენტრალურ პარკთან მდებარე ხელოვნების მუზეუმი შეერთებულ შტატებში ყველაზე მასშტაბური მუზეუმია. ასეთივე მასშტაბური და მდიდარია იქ დაცული ხელოვნების ნიმუშების ნუსხაც. აქ წარმოდგენილია თითქმის ყველა დიდი ხელოვანის ნამუშევარი, ვან გოგისა და ვერმეერის ჩათვლით. დაცულია მნიშვნელოვანი არტეფაქტები ანტიკური ეპოქიდან და ძველი ეგვიპტის ისტორიიდან. მუზეუმით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება აქვთ 3 განზომილებიანი ონლაინ ტური მოიწყონ და აქ განთავსებულ თითოეულ ხელოვნების ნიმუშს დეტალურად დააკვირდნენ.

ლუვრი, პარიზი

ლუვრს, რომელიც საფრანგეთში მდებარეობს და პარიზის ისტორიულ მონუმენტად ითვლება, მსოფლიოში ყველაზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. აქ ისეთ ცნობილ ნამუშევრებს შეხვდებით, როგორიცაა ,,მონა ლიზა“ ან ,,ვენერა მილოსელი“. მდიდარი საცავის მქონე ისტორიის მუზეუმი მისით დაინტერესებულ ადამიანებს ამჟამად ხუთ ვირტუალურ ტურს სთავაზობს. მუზეუმის ინტერაქციული რუკა და სამგანზომილებიანი გამოსახულება მნახველს უადვილებს როგორც აღქმას, ისე ორიენტირებას.

ქალთა ისტორიის ეროვნული მუზეუმი

1996 წელს, კარენ სტაზერის მიერ დაარსებული ნაციონალური მუზეუმი სრულად ეთმობა ქალების წვლილის წარმოჩენას ამერიკის განვითარების ისტორიაში. დროის ხაზის პრინციპით წარმოგვიდგენს იმ გზას, რაც ამ ქვეყანამ გენდერული თანასწორობის კუთხით გაიარა. ეს არის არა მხოლოდ მუზეუმი, არამედ ამერიკული ისტორიული ორგანიზაცია. მუზეუმის აღნიშნული თემატიკით დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა თემაზე ონლაინ გამოფენას სთავაზობს, რაც ალბათ საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც სურს ამ საკითხს ჩაუღრმავდეს, მაგრამ მუზეუმის მონახულებას ვერ ახერხებს.

ახლა თქვენ შეგიძლიათ თავისუფალ დროს მოიმარჯვოთ ციფრული მოწყობილობა და თქვენთვის სასურველ მუზეუმს ესტუმროთ. რა თქმა უნდა, ეს სრულად ვერ ანაცვლებს იმ არსს, რაც მუზეუმის პირვანდელი დანიშნულებაა, ასევე არც იმ ეფექტის მოხდენა შეუძლია, რაც ხელოვნების ნიმუშის პირისპირ ყოფნისას შეიძლება ადამინმა იგრძნოს, მაგრამ თუ თავისუფალი დროის ნაყოფიერად გასატარებლად რაიმე განსხვავებული გზას ეძებთ და ხელოვნებაც გიყვართ, მაშინ მუზეუმების ვირტუალური ტური ნამდვილად დაგაინტერესებთ.

მოამზადა თეო კარანაიამ

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები