პანდემია და სწავლა საზღვარგარეთ – ქართველი სტუდენტების ემოციური ისტორიები

გაცვლითი პროგრამები

საზღვარგარეთ სწავლა და საერთაშორისო განათლების მიღება ბევრი სტუდენტის ოცნებაა. Cialfo-ს უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ მოთხოვნა საერთაშორისო განათლებაზე პანდემიის დროსაც დიდია. Cialfo-ს წლიური ანგარიშის ‘Understanding Student Recruitment: Impact of the Pandemic and Beyond’ მიხედვით, რომელმაც აზიის, სამხრეთ ამერიკის, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის 100-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა, 60%-სთვის პანდემია საზღვარგარეთ განათლების მიღების გეგმებზე გავლენას არ ახდენს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ყველაზე პერსპექტიულ სტუდენტებს შორის ენთუზიაზმი მხოლოდ მცირედად შეცვალა, ანგარიშში ჩანს, რომ შექმნილი ვითარების გამო ბევრ სტუდენტს გაუჩნდა დამატებითი სადარდებელი. სტუდენტების სამ მეოთხედს (76%) მიაჩნია, რომ არსებულ გარემოში სრულად ვერ მიიღებს სტუდენტურ გამოცდილებას, ნახევარზე მეტი (58%) ვერ ხედავს ღირებულებას, გადაიხადოს საფასური ონლაინ გამოცდილებისთვის. ფინანსური შეშფოთებები განსაკუთრებით გამოთქმულია აზია-წყნარ ოკეანეთსა (62%) და ჩრდილოეთ ამერიკაში (59%).

ანგარიშის მიხედვით, სტუდენტების მოტივაცია საერთაშორისო განათლებასთან მიმართებით ეფუძნება შესაძლებლობას, იცხოვრონ საზღვარგარეთ და მიიღონ ახალი ცხოვრებისეული გამოცდილება (67%), ხელი მიუწვდებოდეთ უკეთეს აკადემიურ პროგრამებზე (53%) და აღმოაჩინონ განსხვავებული კულტურები და გააბან საერთაშორისო კავშირები (53%).

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ 19-მა საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებით მრავალი სტუდენტის გეგმას შეუშალა ხელი და ბევრმა საკუთარ ქვეყანაში დარჩენა ამჯობინა, მაინც იყვნენ ისეთები, ვინც არსებულ გამოწვევებს არ შეუშინდენ. მათ შორის, ქართველი სტუდენტებიც. როგორია პანდემიისას საზღვარგარეთ სწავლის მათი გამოცდილება, რა შეზღუდვებთან მოუწიათ შეგუება პანდემიის დასაწყისში, რა ხდება დღეს და როგორია სტუდენტური ცხოვრება ესპანეთში, ჩეხეთში, ლიეტუვაში, საფრანგეთსა და იტალიაში, ამის გასარკვევად EDU.ARIS.GE სასწავლო მიზნებისთვის საზღვარგარეთ გამგზავრებულ ქართველ სტუდენტებს დაუკავშირდა.

ესპანეთი, კორდობას უნივერსიტეტი2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრი (პანდემიის დასაწყისი)

ესპანეთში სწავლის გამოცდილების შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, ელიზაბეტ კაკაბაძე გვიყვება, რომელმაც კორდობას უნივერსიტეტში გაცვლითი სემესტრი 2020 წლის პირველ ნახევარში გაატარა. მისი მონათხრობიდან ჩანს, რომ პანდემიის დასაწყისში დაწესებულ შეზღუდვებს ბევრმა სტუდენტმა ვერ გაუძლო და საკუთარ ქვეყნებში გადაწყვიტეს დაბრუნება, დანარჩენებს კი, პანდემიის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში, განსაკუთრებული სირთულეების ატანა მოუხდათ.

კორდობას უნივერსიტეტი

„პურის საყიდლად ვერ გადიოდი. კვირაში ერთხელ – თითო კაცი, მაქსიმუმ ორი. ორზე მეტს რომ დაგინახავდნენ, პოლიცია უკან გაბრუნებდა, ერთმა იყიდოს ყველასთვისო. ტექნიკასთან წვდომა იყო გამოწვევა, ვისაც არ დაუგეგმავს დისტანციურად მუშაობა. ერასმუსი ფოკუსირებულია ინტეგრაციაზე, სტუდენტების „თიმ ვორქზე“ და იყო საგნები, სადაც მთლიანი შეფასება ჯგუფურად იწერებოდა და იყო საგნები, სადაც ჯგუფში ყველა წევრი უნდა ყოფილიყო სხვადასხვა ქვეყნიდან. პანდემიის დროს სტუდენტების ნაწილი წავიდა, ნაწილი დარჩა. შესაბამისად, განსხვავებული დროის ზონების პრობლემა შეიქმნა, იყო ხალხი ამერიკიდან, მექსიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან. მისაღებ საათებს რომ ვეძებდით პრეზენტაციის გასაკეთებლად, ვიღაც კორეაში იყო, ვიღაც ამერიკაში, ვიღაც ჩინეთში, ჩვენ ესპანეთში და ამ მხრივ ძალიან გვიჭირდა. იყო საგნები, სადაც ადგილზე უნდა გემუშავა, გარკვეული საკითხები ცოდნის გარეშე, მოქალაქეობის მიხედვით შეგეფასებინა, რომელ ქვეყანაში რამდენად მოქმედებდა. პანდემიის გამო კურსის სპეციფიკა და იდეა დაიკარგა, რადგან მოცემული აქტივობები ონლაინ ვერ რეალიზდა. გამოცდები იყო პრობლემა. სადაც უნდა ჩაგებარებინა, იმ პროგრამებზე რაღაც ფუნქციები დაბლოკილი იყო და ესპანურად ეყენა“.

ელიზაბეტის განცხადებით, დაწესებული შეზღუდვების გამო, ზოგიერთისთვის განსაკუთრებით რთული იყო სტუდენტური ცხოვრება. „ესპანეთში ორი თვე სრული ლოქდაუნი გამოცხადდა, გარეთ სასეირნოდ ვერ გადიოდი. შემდეგ მოსახლეობა დაყვეს კატეგორიებად, ახალგაზრდები გარკვეულ საათებში გადიოდნენ, მოხუცები სხვა საათებში და მსგავსად. სტუდენტებს, რომლებმაც სტრესს ვეღარ გაუძლეს და სახლებში უნდოდათ, დღეში სამჯერ ფრენა უუქმდებოდათ. ინტეგრირებისთვის ჩასულს, სახლში მოგვიწია გამოკეტვა. „შეარდ ფლეთების“ შემთხვევაში ბევრი ისეთ ხალხთან აღმოჩნდა, საერთოდ რომ არ იცნობდნენ და ვინც ესპანურენოვანებთან მოხვდნენ და ინგლისური არ იცოდნენ, ენის ბარიერი და სრული ტრაგედია ჰქონდათ. სახლში ვერ ლაპარაკობდნენ, იყვნენ იზოლირებული, გამოკეტილები. თანაცხოვრება რომ გიწევს 24/7-ზე სრულიად უცხო ადამიანთან, ეგეც რთულია და ზოგს კონფლიქტები ჰქონდა.

შემდეგ ზონებად დაყვეს ისე, რომ შესაძლოა, ერთი სახლიდან 7 კმ-ში სხვა ზონა ყოფილიყო. როცა სტუდენტები დაწყვილდნენ, ერთი შეყვარებული ერთ ზონაში იყო, მეორე – მეორეში და პანდემიის დროს გადასვლა არ შეგეძლო. ლოქდაუნისას საერთაშორისო სტუდენტები ახალ რეალობაში აღმოვჩნდით, თუმცა იმდენად ახლოს ვიყავით, იმ ორ თვეში ჩვენი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. როცა 24 საათს ატარებ ადამიანთან, გარეთ ვერ გადიხარ, ერთ ორგანიზმად ვითარდებით. ახალგაზრდებს გაცილებით სხვა ენერგია აქვთ, მხოლოდ ერთი ასაკის ჯგუფია და ყველა ბევრ საერთოს ნახულობს ერთმანეთში, იდეალურად ეწყობა ურთიერთობები. ამის გამო მიხაროდა, დილა რომ თენდებოდა, მითუმეტეს ვიცოდი, რომ ის ორი თვე საქართველოში ყველას დეპრესია ჰქონდა“.

მიუხედავად ამისა, ელიზაბეტის განცხადებით, როცა რთული ორი თვის შემდეგ შეზღუდვები შემსუბუქდა, თითოეულ სტუდენტს ერთმანეთთან ურთიერთობისთვის გაცილებით დიდი მოტივაცია ჰქონდა, რის შედეგადაც კიდევ უფრო გაუმჯობესდა მათი ენობრივი უნარები. “ერასმუსზე კარგს ვერაფერს გამოცდი ცხოვრებაში, კულტურული მრავალფეროვნების მხრივ, როდესაც დისკუსიები გაქვს აბსოლუტურად სხვა ინტელექტუალური, კულტურული, სოციალური “ბექგრაუნდის” მქონე ხალხთან, რომლებიც სხვადასხვა საკითხს თავიანთი ქვეყნების პერსპექტივიდან უყურებენ, გაცილებით საინტერესო გამოცდილებაა”, – აცხადებს ელიზაბეტი.

ჩეხეთი, მასარიკის უნივერსიტეტი2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრი

2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში სასწავლებლად გამგზავრებული გვანცა დოლბაიასთვისაც. მისი განცხადებით, პანდემიის გამო, უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და მთელი სემესტრი ონლაინ სწავლა მოუწია.

მასარიკის უნივერსიტეტი

„ამის გამო, ბევრი გაცვლითი სტუდენტი არ ჩამოსულა ბრნოში, ბევრი ჩამოსვლიდან მალევე უკან გაბრუნდა. ვინაიდან ჩეხეთში დღიურად კორონავირუსის ათასობით ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, პრემიერ-მინისტრმა რეკომენდაცია გასცა, რომ გაცვლით სტუდენტებს დაეტოვებინათ ჩეხეთის რესპუბლიკა. ამ განცხადებამ ყველა ძალიან ააღელვა, თუმცა, საბედნიეროდ, რეკომენდაციას სავალდებულო ზომის ფორმა არ მიუღია. უნივერსიტეტს პანდემიის გამო გაუქმებული ჰქონდა ისეთი აქტივობები, როგორიცაა გაცნობის კვირეულში ქალაქის დათვალიერება ჯგუფებში, ტურები მეზობელ სახელმწიფოებში, ყოველკვირეული შეკრებები და სხვა. სახელმწიფოს რეგულაციებიდან გამომდინარე, კორონა ვირუსის შემთხვევების მიხედვით, უნივერსიტეტს სამ შკალიანი სისტემა ჰქონდა შემუშავებული – მწვანე სისტემა, როდესაც უნივერსიტეტში მისვლა და ლექციებზე დასწრება შესაძლებელი იყო აუდიტორიებში, ყვითელი – როდესაც დიდი ფორმატის ლექციები ონლაინ, ხოლო სასემინარო შეხვედრები აუდიტორიაში იმართებოდა და წითელი – როდესაც სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის შენობები დახურული იყო. ჩემს დროს მოქმედებდა წითელი შუქის სისტემა, ხელი არ მიგვიწვდებოდა ბიბლიოთეკაზე და ვერც ლექტორებს ვხვდებოდით არადისტანციურ ფორმატში. გარდა ამისა, პანდემიის გამო იყო ისეთი რეგულაციები, როგორიცაა ორი ადამიანის თავშეყრის ლიმიტი, კომენდანტის საათი, შეზღუდული გადაადგილება ევროკავშირის ზონაში, რეკომენდაციები შინ დარჩენასთან მიმართებით, დაკეტილი კვების ობიექტები და სხვა. პრობლემა შეგვექმნა საერთო საცხოვრებელთან მიმართებითაც, როდესაც ოქტომბრის ბოლოს ვითარება გაუარესდა და ბრნოში არსებული ჰოსპიტალები ვერ იტევდნენ პაციენტებს, საერთო საცხოვრებელი, რომელშიც მე ვრჩებოდი, საკარანტინო ზონად გადაკეთდა, რის გამოც სტუდენტებს, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, სხვა საცხოვრებელში მოგვიწია გადასვლა“.

მიუხედავად არსებული პრობლემებისა, გვანცა დოლბაიას განცხადებით, ჩეხეთში განათლების ხარისხს პრობლემები არ შექმნია, ყოველთვის ზუსტად ტარდებოდა ლექციები და კონტროლდებოდა გამოცდებისა და ქულების დაწერის ყველა მეთოდი. განათლების განსხვავებული ევროპული სისტემა, ახალი მეგობრები და მულტიკულტურული გარემო, სხვა სიკეთეებთან ერთად, გვანცა დოლბაიასთვის არის ის, რის გამოც, ყველაფრისდა მიუხედავად, საზღვარგარეთ გაცვლითი სემესტრით მაინც კმაყოფილია და სხვებსაც ურჩევს ამ გამოცდილების მიღებას.

განსაკუთრებით საინტერესოა ის, თუ რა ხდება დღეს, მაშინ, როდესაც უკვე ევროპულ ქვეყნებში ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს.

ლიეტუვა, ვილნიუსის უნივერსიტეტი2021-2022 წლის შემოდგომის სემესტრი (მიმდინარე)

მიმდინარე პერიოდში ლიეტუვაში, ვილნიუსის უნივერსიტეტში არსებულ სიტუაციაზე ნინო დვალი გვესაუბრა. „უნივერსიტეტის შენობები ღიაა, მაგრამ არის განსხვავებები ფაკულტეტების მიხედვით. ზოგი ფაკულტეტი მთლიანად ონლაინ სწავლობს, ზოგი ადგილზე დასწრებით, ზოგი ჰიბრიდულად – ერთი კვირა ონლაინ, მეორე კვირა ადგილზე, ან ფორმატთან ლექციებისა და სემინარების შეთავსებით. თუ ნაკლები სტუდენტია რეგისტრირებული, უფრო ადგილზე დასწრების რეჟიმი გამოიყენება. უნივერსიტეტის მთავარ შენობასა და ბიბლიოთეკებში შესვლა ჩვეულებრივად შეგიძლია, ერთადერთი, კოვიდ სერტიფიკატია საჭირო. ასევე გვჭირდება პირბადეები, მაგრამ თუ ოთახს აიღებ, სადაც გუნდურად ან ინდივიდუალურად მუშაობ, იქ პირბადე საჭირო არ არის, ყველას არ უკეთია.

ვილნიუსის უნივერსიტეტი

გაცვლითისთვის ონლაინ სწავლების უპირატესობა ისაა, რომ ბევრად მეტი დრო გაქვს, თუნდაც მოგზაურობისთვის. ჰიბრიდული სწავლებისას, თუკი ადგილზე დასწრებულად მიმდინარეობს ლექცია ან სემინარი, ოთახში კამერა აყენია და შეგიძლია, „თიმსიდან“ ჩაერთო. ყველანაირი რესურსია, რომ ონლაინსაც არ გაუჭირდეთ ჩართვა, აუდიტორიებში პროფესიონალური კამერები დგას. ონლაინ სწავლების პრობლემა უფრო მწვავედ საერთო საცხოვრებლებში დგას. ოთახში სამნი ვართ და ერთდროულად რომ გვაქვს ლექცია, არაკომფორტულია, ხშირად ბიბლიოთეკაში ან კაფეში გვიწევს წასვლა. ასევე „დორმში“ არ გვაქვს უფასო ინტერნეტი, ლექციაზე ჩართვა რომ გვინდოდეს და მობილური ინტერნეტის ყიდვა და გაზიარება გვიწევს“.

ნინო დვალის თქმით, გაცვლითი სემესტრის მსგავსი ცხოვრების გამოცდილებას ვერსად მიიღებ. სწავლობ დამოუკიდებლობას, სხვა კულტურის ხალხის გაცნობით ფიქრდები, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც შენ გეგონა და რიგ საკითხებს სხვანაირად უყურებ. ონლაინ სწავლებისას კი, სწავლასთან ერთად დრო სხვა რაღაცებისთვისაც გრჩება, რაც იძლევა შესაძლებლობას, მაქსიმალურად მიიღო გაცვლითი სემესტრის გამოცდილება.

იტალია, საპიენცას უნივერსიტეტი2021-2022 წლის შემოდგომის სემესტრი (მიმდინარე)

დღეის მდგომარეობით, ლექციებზე დასწრების წინასწარი დაჯავშნის სისტემა მოქმედებს იტალიაში. როგორც რომის საპიენცას უნივერსიტეტის სტუდენტი, მარიამ კახიძე გვიყვება, უნივერსიტეტში, აუდიტორიებსა და ბიბლიოთეკის სივრცეში შესასვლელად წინასწარი ჯავშანია საჭირო, იგივე რეჟიმი მოქმედებს ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკებთან მიმართებითაც.

საპიენცას უნივერსიტეტი

„თუ მიდიხარ ლექციაზე, მაგალითად, ამ კვირაში, წინა კვირას, ხუთშაბათიდან – კვირამდე, დაჯავშნა გიწევს. თუ ლექციისთვის ადგილს აუდიტორიაში წინასწარ არ დაჯავშნი, არ შეგიშვებენ. დასწრების მეორე პირობა „Green Pass”-ის შემოწმებაა. ასევე წინასწარ ხდება გამოცდების ონლაინ დაჯავშნა, რამაც, სისტემის ტექნიკურად გაუმართაობის გამო, გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა. რაც უშუალოდ სტუდენტურ ცხოვრებას უკავშირდება, კორონავირუსის გამო, შეხვედრები და აქტივობები მაინცდამაინც აქტიური არ არის და უფრო მეტად სტუდენტები ვცდილობთ რაიმის მოფიქრებას, რომ მხოლოდ ლექციებზე არ ვისხდეთ და სტუდენტებს შორის ინტერაქცია და ურთიერთობა მოხდეს. თუმცა ერასმუსის ბარათით უფასოდ შევდივართ მუზეუმებსა და გალერეებში“.

მარიამის განცხადებით, იტალიაში ყველაფერი მუშაობს და შეზღუდვები არ არის დაწესებული. კორონავირუსის პირობებში, როდესაც ენაც არ იცი, ადგილობრივები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ გასწავლონ და დაგეხმარონ. გარდა ამისა, პანდემიის დადებით მხარედ ასახელებს მუზეუმებსა და სხვა ტურისტულ დაწესებულებებში ხალხის ნაკლებობას. დაჯავშნის სისტემის არსებობის გამო, არ გიწევს რიგებში დგომა და ყველა თავის დროს მიდის, რაც კომფორტულია. ასევე მისივე თქმით, გაუმჯობესებულია მომსახურების სფერო და ცდილობენ, ადგილზე მისვლის გარეშე მოახერხონ ყველა პრობლემის მოგვარება.

საფრანგეთი, ლილის უნივერსიტეტი2021-2022 წლის შემოდგომის სემესტრი (მიმდინარე)

უნივერსიტეტებში პირისპირ სწავლება მიმდინარეობს საფრანგეთში. როგორც ლილის უნივერსიტეტის გაცვლითი სემესტრის სტუდენტი, სოფიო ლეჟავა გვიყვება, უნივერსიტეტებში არ ხდება ვაქცინაციის სტატუსის შემოწმება, მაგრამ საზოგადოებრივ ადგილებში, სავაჭრო ცენტრებში, მუზეუმებსა და ტრანსპორტში (მატარებელი, საქალაქთაშორისო ავტობუსები) აუცილებელია ე.წ. “Passe Sanitaire”-ის წარდგენა (იგივე “Health Pass”). წინასწარ რეგისტრაციასა და ასევე “Passe Sanitaire”-ის ადგილზე წარდგენას ითხოვენ უნივერსიტეტის ღონისძიებებზე, სადაც შეზღუდული რაოდენობის ადგილებია. „ეს პასი გულისხმობს ან ხარ აცრილი, ან გადატანილი გაქვს კოვიდ-19 ბოლო 6 თვის განმავლობაში, ან PCR ტესტი გაქვს ჩატარებული 72 საათით ადრე. ჩინურ ვაქცინებს არ აღიარებენ და ამის გამო ბევრს პრობლემა ექმნება. პრობლემა ისიცაა, რომ პანდემიის გამო, საჯარო სამსახურებში მისასვლელად „ეფოინთმენთი“ გჭირდება და ყველაფერი ძალიან იწელება. ასევე ზოგ სტუდენტურ საცხოვრებელში სტუდენტებს არ აქვთ საერთო მოსასვენებელში ერთად შეკრების უფლება“.

ლილის უნივერსიტეტი

მიუხედავად შექმნილი გამოწვევებისა, სოფიო ლეჟავა ჩვენთან საუბარში საზღვარგარეთ სწავლის დადებით მხარეებზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, არსებული რეალობა არ უშლის ხელს, მიიღოს ხარისხიანი განათლება, ხაზს უსვამს ლექტორების მაღალ კვალიფიციურობასა და ლექციების შინაარსობრივ მხარეს. მისივე განცხადებით, საფრანგეთში აქტიურია სტუდენტური ცხოვრება, არ არის შეზღუდვები დაწესებული მოგზაურობასთან დაკავშირებით და სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ სხვადასხვა კულტურას.

ქართველი სტუდენტების გამოცდილება აჩვენებს, რომ სხვადასხვა ქვეყენაში განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს, თუმცა ვაქცინაციის ზრდასთან ერთად, მათ შორის, განათლებასთან მიმართებით დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქებულია და სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილება, გაეცნონ სხვადასხვა კულტურას და შეიძინონ პირადი და პროფესიული კავშირები.

და მაინც, ღირს თუ არა პანდემიის დროს საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა? სიმართლე ისაა, რომ ყოველთვის არ არის მარტივი კომფორტის ზონიდან გამოსვლა. თუნდაც პანდემიის დროს საზღვარგარეთ სწავლა არის ახალი გამოცდილებების შეძენის შესაძლებლობა, გაიგო, როგორ ასწავლიან სხვადასხვა ქვეყანაში, აღმოაჩინო ახალი ადგილები, გახდე დამოუკიდებელი, შეიცნო სხვა კულტურები და შეიძინო ცხოვრებისეული მეგობრები – ადამიანები ზუსტად იმავე სიტუაციიდან, რომელშიც თავად ხარ, უცხო ქვეყანაში, კომფორტის ზონიდან შორს. ყველაზე მთავარი მთელ ამ გამოცდილებაში ისაა, რომ როცა კომფორტის ზონიდან შორს, სრულიად უცხო ადგილზე ხარ, გიწევს მოულოდნელ სიტუაციებთან შეგუება, არ გაქვს სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ ისწავლო საკუთარი
თავის ნდობა, დაიჯერო საკუთარი შესაძლებლობების და გახდე უფრო თავდაჯერებული ნებისმიერი პრობლემის გასამკლავებლად.

მოამზადა გიორგი ჩაჩხიანმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები