ესეების კონკურსში გამარჯვებული 8 შვილის სტუდენტი დედა: „ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა“

ინტერვიუ

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი ბარბარე გალიბინი UNICEF-ის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა დააჯილდოვა.

ბარბარე გალიბინმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“ და ესეების კონკურსში გაიმარჯვა.

მისმა ნაშრომმა “ბავშვთა უფლებები აღმზრდელობითი მუშაობის მეთოდიკის კურსში – ქეისები და ცოცხალი აქტივობები” ესეების კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა. ღასან ხალილმა მას ახალქალაქში ოჯახში სტუმრად ვიზიტისას საჩუქრად ლეპტოპი პირადად გადასცა.

8 შვილის დედა ბარბარე EDU.ARIS.GE-ს რესპონდენტი აქამდეც ყოფილა. მას ახალი გაჩენილი ჰყავდა ტყუპები, როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა და სტუდენტი გახდა. ბარბარე ონლაინ სწავლების სიკეთეებზეც საუბრობდა და ამბობდა, რომ მისთვის დისტანციური სწავლება ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდა, ვინაიდან ახალქალაქიდან ახალციხეში ლექციებზე სიარულს ყოველდღე ვერ ახერხებდა. ონლაინ სწავლების დროს კი ეს პრობლემა მოეხსნა, რამაც დიდი როლი ითამაშა მის წარმატებაში.

ბარბარე გალიბინი ამავე დროს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ სტიპენდიანტია.

„სტუდინფო“ დაინტერესდა, როგორ მოახერხა 8 შვილის სტუდენტმა დედამ ოჯახზე ზრუნვის და უნივერსიტეტში წარჩინებით სწავლის პარალელურად, კონფერენციაში მონაწილეობა და ესეების კონკურსში გამარჯვებაც.

-ბარბარე, მოგვიყევით, როგორი იყო კონფერენციისთვის მზადების პროცესი.

-კონფერენციის შესახებ გავიგე ჩვენი პროგრამის ხელმძღვანელისგან,
პროფესორ ირმა ქურდაძისგან. ქალბატონმა ირმამ შემომთავაზა ესეების კონკურსში მონაწილეობის მიღება. ესეს წერა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო იყო იმიტომ, რომ ვიცოდი საერთაშორისო კონფერეცია იყო და შეფასებაც შესაბამისი იქნებოდა. რა თქმა უნდა, დამეხმარა უნივერსიტეტში გავლილი კურსის, „აღმზრდელობითი მუშაობის მეთოდიკის“ მასალა. საუნივერისიტეტო კურიკულიუმში შეტანილია ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხები, ასევე პრაქტიკული კურსი, რომელსაც გავდივართ სკოლაში.
საინტერესო იყო ესეზე მუშაობა. ასევე საინტერესო იყო თავად კონფერენცია. მე ონლაინ ვესწრებოდი კონფერენციას, რომელზეც ძალიან ბევრი გზავნილი გაკეთდა ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით.
მიხარია, რომ საქართველოში აქტუალურია ეს საკითხი და რომ ბატონი ღასან ხალილის მეთაურობით რეგიონებში ხორციელდება პროექტები და ამ პროექტებში ჩართულია ჩვენი უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც ნამდვილად საჭიროა რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის, მათი უფლებების დაცვის კუთხით.

-თქვენმა ესემ კონფერენციაზე გაიმარჯვა, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ეს წარმატება?

-მე ჩემი პრატიკული ცოდნა დავუკავშირე უნივერსიტეტში მიღებულ თეორიულ ცოდნას. ასევე დამეხმარა ის ცოცხალი აქტივობები, რომელიც პრაქტიკულ კურსში გამოვიყენეთ. არ ვიცი, ალბათ, ამან განაპირობა წარმატებაც.

-„იუნისეფის“ წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა პირადად გადმოგცათ საჩუქარი ოჯახში. ელოდით თუ არა მის სტუმრობას?

-ბატონმა ღასან ხალილმა კონფერეციაზე გამოთქვა სურვილი, რომ პირადად გადმოეცა ჯილდო. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო, რა თქმა უნდა და ამავე დროს ამაღელვებელიც. ველოდი მის ვიზიტს. მადლობელი ვარ ბატონი ღასან ხალილის, რომ თავისი სტუმრობით გაგვახარა. გავიცანი „იუნისეფის“ გუნდი, რომელიც ზრუნავს ბავშვებსა და მათ უფლებებზე. ამას მოწმობს ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრები, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით იხსნება რეგიონებში. მათ შორის, ჩვენს რეგიონშიც. ეს ჩემთვის, როგორც მრავალშვილიანი დედისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და განსაკუთრებით ქალბატონ ირმა ქურდაძეს, რომ მომცეს საშულება, ჩემი საკონფერენციო თემით წარვმდგარიყავი ასეთი დიდი მნიშვნელობის მქონე კონკურსში.

-ბარბარე, გვითხარით, როგორ ახერხებთ 8 შვილის სტუდენტი დედა, ოჯახზე ზრუნვის პარალელურად, უნივერსიტეტში წარჩინებით სწავლას, კონფერენციებში მონაწილეობას და გამარჯვებას?

-ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა, მთავარია მოინდომო! მთავრია, არ მოიწყინო და პოზიტიურად მიუდგე წამოჭრილ ამოცანას! ძირითადად ვმუშაობ ბავშვების დაძინების მერე, ღამე. ჩემთვის ღამით მუშაობა პროდუქტიულია. დღისით კი საოჯახო საქმეებში ვარ ბავშვებთან ერთად ჩართული. გვერდში მიდგანან ჩემი უფროსი შვილები.

კონფერციაზე მონაწილეობის დროს კი მთელი ოჯახი იყო მობილიზებული, რომ დედისთვის ხელი არ შეეშალათ. უფლის წყალობით ყველაფერი გამოდის. მთავარია შინაგანი მოტივაცია! რაც უფრო მოტივირებულია ადამიანი, მით მეტის გაკეთება შეუძლია!

ესაუბრა ცისანა შერგილაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები