გიორგი კუპატაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დამამთავრებელი საფეხურის სტუდენტია. ბაკალავრიატის განმავლობაში მან ორჯერ მოახერხა “Erasmus +“ პროგრამით ესწავლა საზღვარგარეთ. თავდაპირველად, საბერძნეთში – დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში სწავლობდა, ხოლო, შემდეგ რუმინეთში – ტიმიშოარას ტექნიკურ უნივერსიტეტში – სამშენებლო ფაკულტეტზე, კერძოდ კი ქალაქთმშენებლობაზე. გიორგი, საკუთარ გამოცდილებას STUDINFO.GE-ს მკითხველს უზიარებს.
– საიდან გაიგეთ Erasmus + -ის პროგრამის შესახებ და რა პროცედურების გავლა დაგჭირდათ?
– პირველივე სემესტრიდან კარგად ვსწავლობდი, მიუხედავად ამისა, საერთო სტიპენდიის მოსაპოვებლად ქულები მცირედით დამაკლდა. თუმცა, გადავწყვიტე, რომ მოტივაცია ამით არ ჩამეკლა და თავი საერთაშორისო ასპარეზზე გამომეცადა, კერძოდ, გაცვლით პროგრამაში მიმეღო მონაწილეობა. თავდაპირველად, მეგობრებისგან გავიგე მსგავსი პროგრამის არსებობის შესახებ, შემდეგ, კი უნივერსიტეტის ვებგვერდზე მოვიძიე ინფორმაცია. საბოლოოდ, ფაკულტეტის ადმინისტრაცია დამეხმარა. ჩვენ უნივერსიტეტში ტრენინგები ტარდებოდა იმის შესახებ, თუ რა სახის საბუთები უნდა შეგვეგროვებინა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სად უნდა მიგვეტანა ისინი, კონკრეტულად რა პროგრამები ცხადდებოდა იმ სემესტრში და ა.შ.
რაც შეეხება პროცედურებს და კრიტერიუმებს, კონკურსში გამარჯვებისთვის, კარგი აკადემიური მოსწრება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ, არა გადამწყვეტი. ამას მოსდევს ენობრივი მხარე, მე შემეძლო TOEFl-ს ან IELTS-ის სერტიფიკატებით წავსულიყავი, მაგრამ, ვერ ვასწრებდი გამოცდაზე რეგისტრირებას, ამიტომ, გავიარე უნივერსიტეტის შიდა კონკურსი ინგლისურ ენაში, ტესტი B2 დონის იყო, სადაც საკმაოდ კარგი ქულა დავაგროვე. თუმცა, მე რომ მქონოდა TOEFl-ს ან IELTS-ის სერტიფიკატები, მათ უფრო მეტი აღიარება ექნებოდა. შემდეგ, გიწევს საბუთების შეტანა, ესენია: CV – ევროპასის ფორმატით, სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილები. ამ წერილების უნიკალური ფორმა არ არსებობს, მთავარია ნათლად წარმოაჩინო შენი შესაძლებლობები და ღირებულებები. ასევე, ისიც, რომ პროგრამის შემდეგ მიღებული გამოცდილება დაგეხმარება შენი ქვეყნის განვითარებაში. აქვე უნდა ახსენო, თუ რატომ გინდა ამ სასწავლებელში სწავლა და რა მოგწონს. მე ისტორიული მაგალითი მოვიყვანე, რომ ათენი საკმაოდ ღირშესანიშნავი ადგილი იყო ინჟინრებისთვის, იგი ყოველთვის წარმოადგენდა ინჟინერიის და არქიტექტურის კერას და ამიტომ, ჩემი ინსპირაციის წყარო იყო.
ასევე, შენით გიწევს საგნების მოძიება სასწავლო ხელშეკრულებისთვის – შენი ამჟამინდელი უნივერსიტეტის საგნები უნდა შეესაბამებოდეს, იმ საგნებს, რისი გავლაც საზღვარგარეთის უნივერსიტეტში მოგიწევს. შეგიძლია, საგნები სხვადასხვა ფაკულტეტიდან აირჩიო, მაგრამ, აუცილებად უნდა ნახო, რომ სასწავლო პროგრამები ინგლისურადაა. მნიშნველოვანია ხშირად იკონტაქტო აკადემიურ კოორდინატორთან მსგავს საკითხებზე. უნდა აღვნიშნო, რომ ათენშიც და საბერძნეთშიც ამ მხრივ ძალიან გვერდში დაგვიდგნენ სტუდენტებს და გვეხმარებოდნენ.
მნიშვნელოვანია გასაუბრების ფაქტორი, როგორ ახერხებ კომუნიკაციას, როგორ პასუხობ კითხვებს და ა.შ. კითხვები ძირითადად შეეხება იმას, თუ რა ღირებულების მქონეა ეს პროგრამა შენთვის. რატომ უნდა გაგგზავნონ შენ, ასევე შენი დადებით და უარყოფითი მხარეები უნდა გააცნო კომისიას და ა.შ. კარგი იქნება, თუ დამატებით სერტიფიკატსაც მიიტან. თითოეულ ამ საბუთს თავისი წონა და ღირებულება აქვს. საბოლოოდ, საერთო კონკურსი დგება და სტუდენტს, რომელსაც მეტი ქულა აქვს ის გაიმარჯვებს და განაგრძობს სწავლას საზღვარგარეთ. რუმინეთში მეტ ყურადღებას ინტერვიუს აქცევდნენ, საბერძნეთში კი საბუთებსა და აკადემიურ მოსწრებას.
– რა მსგავსება და განსხვავებაა საქართველოსა და უცხოურ განათლების სისტემებს შორის?
– მიდგომა და სწავლების სპეციფიკა განსხვავებულია. საზღვარგარეთ ლექტორები და სტუდენტები ერთმანეთში უფრო ლაღად და თავისუფლად ურთიერთობენ, სტუდენტსაც მეტად აფასებენ. გარდა ამისა, ხშირად ახალისებენ სასწავლო პროცესს სხვადასხვა პროექტით. სანამ რაღაცას უშუალოდ გასწავლიან, გიხსნიან მის ისტორიას და იმას, თუ რაში გამოგადგება ამ საგანში მიღებული განათლება. მაგალითად, მე საინჟინრო საგნებს ვსწავლობდი ძირითადად, ლექტორები კი მიხსნიდნენ ამ საგნების პრაქტიკული გამოცდილება როგორი იქნებოდა და რაში გამომადგებოდა. ათენში ხშირად მოჰყავდათ სხვადასხვა ლექტორი, რომლებიც სხვადასხვა თემატიკის ლექციებს კითხულობდნენ, შენ შეგეძლო დასწრებოდი იმას, რაც გაინტერესებდა. ვფიქრობ, ეს ღონისძიებები ძალიან კარგია, პირველ რიგში, მოტივაციას გაძლევს, რომ ისწავლო. ისინი, არ გაძალებენ რომ ისწავლო, ისინი თავად აღძრავენ სწავლის სურვილს. მთავარი, რასაც აკადემიური პერსონალი აკეთებს არის, ის რომ რთულ და კომპლექსურ საკითხებს გამარტივებული ფორმით აწვდიან სტუდენტებს.
გამოკითხვის მეთოდიც სპეციფიკურია, გააჩნია რა ფაკულტეტზე სწავლობ. ხშირად გიწევს პროექტის კეთება, ლექტორები ყველაფერს გიხსნიან, ხოლო შენ დამოუკიდებლად მუშაობ პროგრამებში. ამ პროექტის წარმოჩენაში ცალკე ქულები იწერება. რუმინეთში შუალედური არ მქონდა, მხოლოდ ფინალური და პროექტი. პროექტის შეფასების ფორმაც საკმაოდ საინტერესო იყო – ლექტორის გარდა სტუდენტებიც გიწერენ ქულებს, ოღონდ შენ ვერ იგებ ამას. საბოლოოდ, მათ შეფასებებს ლექტორის აზრიც ემატება, საშუალო ჯამდება და ქულა ასე იწერება. ჩვენთან რომ დასწრების ქულაა იქ პრეზენტაცია ითვლება დასწრების ქულად.
სამწუხაროდ, ჩვენთან ინჟინერიის სფერო მოიკოჭლებს, სხვა პროფესიები უფრო პოპულარულია, არა და ძალიან საჭიროა. საზღვარგარეთ დიდ პატივს სცემენ კარგ ინჟინრებს. ჩემი იტალიელი მეგობარი მეუბნებოდა, რომ იტალიაში საინჟინრო ფაკულტეტის ბოლო კურსზე „ინთერშიფ პროგრამით“, სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყანაში აგზავნიან, რომლებიც სხვადასხვა კომპანიასთან არიან მიმაგრებულნი და იმათთან თანამშრომლობენ, ეს კი ერთ სემესტრად ეთვლებათ, შესაძლოა მომავალში ამ კომპანიამ სტუდენტი დაიტოვოს კიდეც. ჩემი ერთი მეგობარი სამხრეთ აფრიკაში მიდიოდა ამ პროგრამით, მეორე კი კუბაში. ამ ყველაფრის სტუდენტის განვითარების მიზნით აკეთებენ და ვფიქრობ, ძალიან კარგია.
გარდა ამისა, იქ ძალიან ბევრი აქტივობა და ღონისძიება იყო, თუნდაც სპორტული ან კულტურულ-შემეცნებითი, ორივეს ძალიან დიდი სპორტული დარბაზი ჰქონდა, სხვადასხვა ტიპის ინვენტარით, სადაც თავისუფლად შეგეძლო მეგობრებთან ერთად მონაწილეობა მიგეღო სპორტულ ღონისძიებებში. ყოველივე ამას სტუდენტური თვითმმართველობები აწყობდნენ.
– როგორ მიმდინარეობდა სწავლა საზღვარგარეთ პანდემიის პირობებში?
– საბერძნეთში ბიბლიოთეკა გახსნეს და შეგეძლო ყველანაირი ელექტრონული წიგნი მოგეპოვებინა. ასევე იყო კეთილმოწყობილი თავისუფალი სასწავლო ოთახები, სტუდენტები ძირითადად იქ სწავლობდნენ. როდესაც, ლექციებს საერთო საცხოვრებელში ესწრები და კიდევ იქ გიწევს სწავლა, ყველაფერი უფრო დამღლელი ხდება. ხოლო სხვა ადგილას, უფრო მოტივირებული ხარ და უფრო კარგად სწავლობ. რამდენიმე სტუდენტი ერთად მივდიოდით ხოლმე, ვსწავლობთ რამდენიმე საათი, მერე კი ვსეირნობდით ან სხვადასხვა აქტივობაში ვმონაწილეობდით.
გარდა ამისა, ჩაატარეს რამდენიმე სემინარი, მაგალითად, რუმინეთში იყო პროექტის მენეჯმენტის კურსი, იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მენეჯმენტი კოვიდპანდემიის დროს, ყურადღება გამახვილებული იყო ფსიქოლოგიურ მხარეზე, ამის სერტიფიკატსაც იძლეოდნენ. ასევე იყო სხვადასხვა კურსები მოტივაციის ასამაღლებლად, მაგრამ, მე ისედაც ამაღლებული მოტივაცია მქონდა, ამიტომ ამის საჭიროება არ არსებობდა.
– რა ოდენობის სტიპენდია გქონდა პროგრამის ფარგლებში და რამდენად საკმარისია იგი საცხოვრებლად?
– საბერძნეთში თვეში 850 ევრო მქონდა სტიპენდია, პლუს მგზავრობის თანხა 275 ევრო. ხოლო, რუმინეთში 750 ევრო იყო. საბერძნეთმა თავდაპირველად, თანხის 80% ჩამირიცხა, დანარჩენი კი სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ. ზოგადად, უნივერსიტეტებში კრედიტების ლიმიტია, შენ თუ თუ 20 კრედიტზე ნაკლები აიღე, ანუ საგნების გარკვეული ნაწილი ვერ ჩააბარე, დარჩენილ სტიპენდიას აღარ გაძლევენ. ამიტომ, უნდა ეცადო, რომ კრედიტების ლიმიტი გადალახო.
რაც შეეხება ხარჯებს, საბერძნეთი ძვირი ქვეყანაა. საცხოვრებელი სტუდენტზე 200-150 ევრო ღირდა. ამას ემატებოდა, კომუნალური გადასახადები და საშუალოდ 200 ევრომდე ავდიოდით თვეში. ჩემ შემთხვევაში, 3 სტუდენტი ვიყავით და მთლიანობაში, საშუალოდ 500 – 600 ევრო გვიჯდებოდა ნორმალური სახლის ქირაობა. რუმინეთის საერთო საცხოვრებელშიც ძალიან კარგი ხელშეწყობა მქონდა, თავდაპირველად, ცხოვრება 90 ევრო ჯდებოდა თვეში, ხოლო, შემდეგ 40. აქ არ შედიოდა კომუნალური ხარჯები და ყველანაირი პირობები მქონდა. რაც შეეხება საკვების ფასებს, დიდად არ განსხვავდებოდა საქართველოსგან.
სტიპენდია სამოგზაუროდაც მრჩებოდა ხოლმე, არა მხოლოდ ქალაქებს, არამედ ქვეყნებს შორის სამოგზაუროდ. სტუდენტები საკუთარი ინიციატივით დავდიოდით ხოლმე. გარდა ამისა, არსებობს ერასმუს სტუდენტების კავშირი, სადაც ცალკე ღონისძიებები და ტურებია დაგეგმილი და იქაც შეგიძლია მონაწილეობა.
– რჩევა, რომელიც სტუდენტებისთვის გექნება
ყველაფერი, რასაც ჩვენი პროფესიისა და განვითარებისთვის ვაკეთებთ, უნდა გულისხმობდეს გამარტივების გზების ძიებას, რადგან, ყველაფერი გამარტივებამდე უნდა დავიყვანოთ. ინფორმაციულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ადამიანი, რომელიც კითხვას სვამს 5 წუთითაა ბრიყვი, ხოლო, ვინც არასდროს დასვამს კითხვებს, სამუდამოდ ბრიყვი დარჩება. სწორედ ამიტომ, ჩვენ – სტუდენტები, მუდამ ახლის ძიებაში უნდა ვიყოთ და არ უნდა მოგვერიდოს, ახალი ინფორმაციის მიღება.
ავტორი: თეკლა ადამია