იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგიის პროფესორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია. გარდა იმისა, რომ მას მრავალფეროვანი წარმატებული აკადემიური თუ არააკადემიური გამოცდილება აქვს, იგი სტუდენტების ერთ-ერთი საყვარელი ლექტორიცაა. საინტერესოა, როგორია ყველასთვის საყვარელი ლექტორის უცნობი მხარე. STUDINFO.GE გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს იაგო კაჭკაჭიშვილთან.
ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ… მქონოდა ჩემი საკუთარი კერძო სახლი სოფელში. სადაც მექნებოდა ბოსტანი, ხეხილი, მეყოლებოდა შინაური ცხოველები და სხვა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნატვრა დიდობაში ავისრულე. დაახლოებით, 5 წელია მაქვს შესაძლებლობა, მქონდეს სახლი მიწით და მოვიყვანო სოფლის მეურნეობის პროდუქტებიც.
ფაქტი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა… ალბათ ფაქტები, რამდენიმე ფაქტი შემიძლია გავიხსენო.
პირველი, ის რომ პროფესიად სოციოლოგია ავირჩიე. მე არ დამიმთავრებია სოციოლოგიის ფაკულტეტი, ჩემი საბაზისო განათლება ფილოსოფიაა. საკმაოდ შესული ვიყავი ფილოსოფიის ველში, როდესაც, ჩემმა ძალიან საყვარელმა პედაგოგმა, ბატონმა ედუარდ კოდუამ, მოულოდნელად, სოციოლოგიის ფაკულტეტზე მუშაობის დაწყება და ფაქტობრივად პროფესიის შეცვლა შემომთავაზა. ეს, ჩემი მხრიდან, ძალიან დიდ ორჭოფობასთან იყო დაკავშირებული. ლამის დეჰუმანიზაციის ტოლფასად განვიხილავდი ფილოსოფიიდან სოციოლოგიაში წასვლას. მაშინ სოციოლოგია პოპულარული არ იყო, სრულიად ახალი მეცნიერება გახლდათ საქართველოში და ზოგადად საბჭოთა კავშირში. მაგრამ, სწორედ აქ გამიმართლა. ბატონ ედუარდს უნდა ვუმადლოვდე, რადგან ძირითად საქმიანობად სოციოლოგიის არჩევამ, ძალიან ბევრი რამე შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. მეორე, რა საკვირველია ოჯახის შექმნა – შვილები, მეუღლე. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა ადამიანის ცხოვრებაში.
ვამაყობ… რომ არ ვყოფილვარ გამოკვეთილი კონფორმისტი. ჩემი ცხოვრება წარვმართე ისე, რომ არ მიფიქრია, ადაპტაციაზე ყველა იმ სიტუაციასთან, რომელიც ჩემი ცხოვრებისთვის გამოწვევა იყო. თუმცა, რა საკვირველია, ამას ყოველთვის თანაბარი წარმატებით ვერ ვახორციელებდი, მეც გადამიდგამს გარკვეული კომფორმისტული ნაბიჯები. მაგრამ, შემდეგ მინანია და მიცდია, რომ გამომესწორებინა არაჯეროვანი, არასასურველი ადაპტაცია.
მიყვარს… ორი რამ, რომელიც ერთმანეთს უპირისპირდება. ერთი, ეს არის ადამიანებთან ურთიერთობა და მეორე, ეს არის მარტოობა. ცხადია, მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა მაგრამ, აუცილებლად მჭირდება დრო განმარტოებისთვის. სწორედ, ამ ორი ფენომენის ურთიერთშეჭიდებით ვცხოვრობ. მიყვარს, ასეთი ბალანსის შენარჩუნება.
მწამს… რელიგიური თვალსაზრისით, ნამდვილად მწამს, რომ ღმერთი არსებობს. ღმერთი, როგორც კანონზომიერება სამყაროში. თუმცა, არ ვარ ჩართული სხვადასხვა რელიგიურ რიტუალში. არარელიგიური კუთხით, მწამს, რომ მეგობრობა და სიყვარული არსებობს. მე მყავს ნამდვილი მეგობრები და ნამდვილად ვყოფილვარ შეყვარებული.
მაინტერესებს… მოგზაურობა. მაინტერესებს ვნახო ის, რაც ჩემგან და ჩვენგან განსხვავებულია. ჩვენი სოციო-კულტურული კონტექსტიდანაა განსხვავებული. ამის შესაძლებლობას ცხადია მოგზაურობა იძლევა. საბედნიეროდ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, საზღვრები გაიხსნა და ე.წ. ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაიწყო, ამის შესაძლებლობა მომეცა.
მეშინია… დაბერების. ჩემი ბიოლოგიური ასაკი და ჩემი შინაგანი ემოცია, ძალიან დიდ კონტრასტშია. ასაკი მიმითითებს იმისკენ, რომ ახალგაზრდა არ ვარ, მაგრამ, მეორე მხრივ გულით და გონებით ახალგაზრდა ვარ. მეშინია, ჩემი განწყობა არ დაეწიოს ჩემ ბიოლოგიურ ასაკს, ანუ მართლა არ დავბერდე.
მრცხვენია… როდესაც, ვერ ვთოკავ ემოციებს, ბრაზს. ახლა შედარებით იშვიათად ხდება ეს, ვისწავლე ემოციების მართვა. კარგია, როდესაც ადამიანს შეუძლია ემოციების მართვა და წონასწორობის შენარჩუნება. ასე რომ, მრცხვენია წონასწორობის დაკარგვის.
ერთი სიტყვა, რომელიც ყველაზე მეტად მახასიათებს… ზომიერება, არ მიყვარს უკიდურესობები.
ჩემი პირველი წარმატება… 25 წლის ვიყავი, როდესაც სადოქტორო დისერტაცია დავიცავი ფილოსოფიაში, ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული წარმატება. რადგან, ამ ასაკიდან გავხდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორიც. ზოგჯერ შევდიოდი ჯგუფში და ზოგიერთი სტუდენტი ჩემზე უფროსი იყო. როდესაც ლექციების კითხვა დავიწყე, ჯერ კიდევ ზარი ირეკებოდა უნივერსიტეტში. მახსოვს, ერთხელ, ზარი დაირეკა და მე აუდიტორიის გარეთ ვიდექი, პრორექტორმა გამოიარა და შენიშვნა მომცა, ლექცია დაიწყო და რატომ არ შედიხართ ლექციაზე, სადაცაა ლექტორი მოვააო. ვუთხარი რომ, თავად ვიყავი ლექტორი, რაც ძალიან გაუკვირდა.
ასევე, ერთ-ერთი პირველი წარმატება იყო, როდესაც ჩემი საკუთარი დანაზოგით ვიყიდე პატარა, მაგრამ, მაინც, ჩემი ბინა თბილისში.
სტუდენტობისას ხშირად… მითენებია ღამეები და მინერვიულია გამოცდების გამო. ჩვენ დროს ზეპირ გამოცდებს ვაბარებდით, დღემდე მახსოვს ეს ღელვა ლექტორის წინაშე. მართალია, სტუდენტობა ესაა ახალგაზრდობისა და ლაღი ურთიერთობების ხანა, მაგრამ, ამასთან ეს მაინც იყო ინტენსიური სწავლის ხანა.
როგორც ლექტორი ვარ… ზომიერად მკაცრი და მომთხოვნი. საუნივერსიტეტო სივრცეში არ მიყვარს ზედაპირულობა და ფუქსავატობა. ვცდილობ, მაქსიმალურად გადავცე სტუდენტებს ის, რაც ვიცი და შემიძლია. ასევე, სტუდენტისგანაც ვითხოვ უკუკავშირს და ამ გზაზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაკეთება არ მიყვარს, არ მომწონს და არ ვაკეთებ.
შესაძლოა, სიტუაციურად სტუდენტს გაუხარდეს მაღალი ქულა არაფრის გამო, მაგრამ, საბოლოოდ მაინც არ უხარიათ, რადგან არაფრის გამო დაწერილი ქულები ეს არის უცოდინარობის მანიფესტაცია.
მომწონს სტუდენტი, რომელსაც… შეუძლია კრიტიკული დამოკიდებულება იქონიოს იმაზე, რასაც მე და სხვა ლექტორები ვაწვდით.
ქულის მომატებას, როცა მთხოვენ… ვიქნები გულწრფელი, საერთოდ ვცდილობ, სტუდენტისკენ გადავდგა ნაბიჯი, მაგრამ, ძალიან მაღიზიანებს, როდესაც სტუდენტები 4-5 ქულის მომატებას ითხოვენ. ასეთ სტუდენტს თავიდან საკმაოდ მკვახედ ვპასუხობდი. შემდეგ საერთოდ არ ვპასუხობდი ხოლმე. რბილად, რომ ვთქვათ, ეს სტუდენტის მხრიდან ძალიან არაადეკვატურ საქციელად მიმაჩნია.
ფაქტი, რაც სტუდენტებმა ჩემ შესახებ არ იციან… ძალიან მიყვარს თეატრი, შემიძლია ერთი სპექტაკლი უამრავჯერ ვნახო. ერთს ვერ გამოვარჩევდი, მაგრამ, დღემდე მომყვება და მახსოვს ის დღესასწაული, რასაც კავკასიური ცარცის წრე ქმნიდა.
სუპერ ძალა რომ მქონდეს… დავამყარებდი დემოკრატიულ რეჟიმებს მთელ მსოფლიოში, გულს მიხეთქავს ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი.
ჩემი საყვარელი პერსონაჟია… კინოდან, როკო – ლუკინო ვისკონტის ფილმში „როკო და მისი ძმები“. ლიტერატურაში კი, კნუტ ჰამსუნის მისტერიების მთავარი გმირი – ნაგელი, დოსტოევსკის ,,იდიოტის” მთავარი გმირი და სხვა.
სოციოლოგია ჩემთვის არის… როდესაც, ედუარდ კოდუამ სოციოლოგიისკენ გადამიბირა, მან ასეთი არგუმენტი მითხრა, „წამოდი სოციოლოგიაში, რადგან, ცხოვრებასთან ახლოს იქნები“. აი ეს არის სოციოლოგია ჩემთვის, ცხოვრებასთან, რეალობასთან, სინამდვილესთან ახლოს ყოფნა.
სოციოლოგიის გარდა, საკუთარ თავს ვხედავ… თეატრში. აკადემიური ხაზით რომ არ წავსულიყავი, სიამოვნებით ვიმუშავებდი თეატრში, თუნდაც სცენის მუშად.
რჩევა, რომელსაც სტუდენტებს ვაძლევ… ის, რაც შეიძლება ისწავლო სტუდენტობისას, ეკუთვნის, მხოლოდ სტუდენტობის ხანას. ამიტომ, მისი გამოტოვება და გაცდენა არ შეიძლება. ზოგჯერ, სტუდენტს აქვს განცდა, რომ მოდი, ამას ახლა არა და მერე წავიკითხავ, როდესაც შესაბამის დროს მოვძებნი. თუმცა, ეს მერე შესაძლოა არასდროს დადგეს, რადგან ვეღარ აღმოჩნდე საინტერესო და შესაბამის ადგილას.
ამრიგად, სტუდენტს ვურჩევდი, სწავლას, რა საკვირველია და იმას, რომ ნებისმიერი ტექსტის მიმართ, რაც არ უნდა დიდ მოაზროვნეს ეკუთვნოდეს იგი, იქონიონ კრიტიკული და შემოქმედებითი დამოკიდებულება.
ავტორი: თეკლა ადამია