სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები არასწორ პროფესიებს ირჩევენ ან სხვების რჩევითა და ზეწოლით აბარებენ მათთვის არასასურველ ფაკულტეტებზე, შედეგად კი არაპროფესიონალთა და დაუსაქმებელთა დიდ რაოდენობას ვიღებთ. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები, STUDINFO.GE პრაქტიკულ რჩევებს გიზიარებთ.
პროფესიული ორიენტაცია (პროფორიენტაცია) პიროვნების მიერ პროფესიის სწორედ არჩევაში დახმარებას გულისმობს. პროფესიული ორიენტაცია საკუთარი თავის, შრომითი ბაზრისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ორგანიზება და სისტემაში მოყვანაა. პროფორიენტაციის ამოცანებია: დაეხმაროს ადამიანს საკუთარი შესაძლებლობესისა და მიდრეკილებების გამოვლენაში; გააცნოს პიროვნებას პროფესიათა სამყარო, ცალკეული პროფესიის თავისებურებანი და ის მოთხოვნები, რომელსაც იგი უყენებს მომუშავეს, აგრეთვე ამ პროფესიით დასაქმების შესაძლებლობანი; ამას გარდა, დაეხმაროს პიროვნებას კონკრეტული პროფესიის სწორედ არჩევაში.
კარიერის დაგეგმვა არის მომსახურება, რომელიც გამიზნულია ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ყველა ასაკის ადამიანის დასახმარებლად, რათა მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარი კარიერის სამართავად საგანმანათლებლო და სამსახურეობრივ საკითხებთან დაკავშირებით. კარიერის დაგეგმვა ეხმარება ადამიანებს დაფიქრდნენ საკუთარ ამბიციებზე, ინტერესებზე, კვალიფიკაციასა და უნარებზე, ისწავლონ სამუშაოს და სწავლის პროცესის დაგეგმარება და მის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
პროფორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა ურთიერთდაკავშირებული პროცესებია. ისინი ერთმანეთს ავსებენ და აძლიერებენ. პროფორიენტაცია ეხმარება ახალგაზრდებს განავითარონ ცოდნა და უნარები, რომელიც სჭირდება წარმატებული არჩევანის გასაკეთებლად, სასწავლო პროცესში ცვლილებების სამართავად და სწავლიდან მუშაობაში გადასასვლელად. კარიერის დაგეგმვა კი საშუალებას ძლევს მომხმარებლებს გამოიყენონ მიღებული ცოდნა და უნარები განათლების თუ სამუშაოს არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად.
ავტორი: თინათინ დადუნაშვილი