ნინო გოგოხია 22 წლის მაგისტრატურის სტუდენტია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე სწავლობს. ამასთანავე, არის ორგანიზაცია AIESEC-ის პრეზიდენტი საქართველოში და გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი. ნინო იმ ახალგაზრდებს მიეკუთნება, ვისთვისაც აქტიური სტუდენტური ცხოვრება უმნიშვნელოვანეს კონდიციას წარმოადგენს საზოგადოების საკეთილდღეოდ.
საკუთარ გამოცდილებასა და მოსაზრებებს ნინო STUDINFO.GE-ის მკითხველს უზიარებს.
– ნინო, მოკლედ გვიამბე უნივერსიტეტზე, არჩეულ პროფესიასა და შემდგომ განვითარებაზე
– ამ ეტაპზე მაგისტრატურას ვსწავლობ სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დავამთავრე ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრი. ბოლო 5 წელია ვარ მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია AIESEC-ის ნაწილი და ბოლო 2 წელი კი — ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი საქართველოში. ამ ორგანიზაციის მთავარი მისიაც მშვიდობისკენ სწრაფვა და ადამიანური პოტენციალის სრულყოფაა. ჩემი პროფესია და სხვა ნებისმიერი საქმიანობა კი ერთგვარ სიმბიოზურ კავშირშია ერთმანეთთან. სამართალი, სამართლიანობა და მშვიდობა კი უმთავრეს ღირებულებებად მაქვს ჩამოყალიბებული.
ჩემი მოღვაწეობიდან გამომდინარე ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ორგანიზაციული მართვის კუთხით, რომელიც შეავსო იურიდიულ ფაკულტეტზე განვითარებულმა უნარებმა და ამ ეტაპზე მაგისტრატურის სახით უკვე აკდემიურად ვიმყარებ საჯარო მართვის უნარებს. ჩემს თავს სწორედ ამ სფეროში ვხედავ, ყველაფერი რაც დაკავშირებულია მართვასთან, ორგანიზაციულ ხედვასთან, გრძელვადიან სტრატეგიებთან ჩემთვის ძალიან საინტერესო და კომფორტულია.
– როგორც ჩვენთვის ცნობილია, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპია ამჟამად შენს ცხოვრებაში, რასაც გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენლობა ჰქვია, პირველ რიგში, რას ნიშნავს იყო ახალგაზრდობის წარმომადგენელი?
– გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლობა ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. ეს პროექტი წელს ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გაეროს საქართველოს ოფისთან პარტნიორობით განხორციელდა.
მჯერა, რომ ყველა თაობას ეძლევა შანსი, შეცვალოს სამყარო. სამყარო კი განისაზღვრება მასში მცხოვრები ადამიანებით, ამიტომაც გამოსავლად მიმაჩნია პასუხისმგებლიანი, მცოდნე და მიზანსწრა ფული ახალგაზრდა ლიდერების აღზრდა, რათა დადებითი გავლენა მოახდინონ მათ ჩვენს მომავალზე.
ჩემი მანდატის ფარგლებში კი ფოკუსი იქნება სწორედ ინკლუზიური, თანასწორი და მშვიდობიანი გარემოს შექმნა ახალგაზრდებისთვის. ამასთანავე, ვაპირებ, ხელი შევუწყო ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის სრულყოფაში, მსოფლიოს გაცნობასა და მთლიანი სურათის დანახვაში, რაშიც დამეხმარება ჩემი საერთაშორისო კონტაქტები და ქოუჩინგისა თუ მენტორობის პროფესიული გამოცდილება. გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლობა ჩემთვის ნიშნავს ქვეყნის ახალგაზრდობის სათქმელის ხმამაღლა გაჟღერებას, ახალგაზრდებისთვის დიდი სურათის დანახვის შესაძლებლობის მიცემასა და ჩვენი – პიკის თაობის უფრო გაძლიერებას.
– ნინო, 22 წლის უნივერსიტეტელ პაიკსაც გიწოდებენ, რა ასაკიდან თამაშობ ჭადრაკს და რატომ პაიკი, როცა არსებობს სხვა მნიშვნელოვანი ფიგურებიც?
– ჭადრაკის თამაში პროფესიონალურად 11 წლის ასაკიდან დავიწყე. ბებიამ მიმიყვანა ნანა ალექსანდრიას საჭადრაკო კლუბში. მაშინ მითხრეს, რომ ჭადრაკის თამაშის ამ ასაკიდან დაწყება დაგვიანებული იყო და გაჭირდებოდა ჩემი მიღება, თუმცა სატესტო თვე მომცეს და ძალიან სწრაფად შევძელი უკვე გამოცდილ მოჭადრაკეებთან გათანაბრება და წამოწევა. 16 წლამდე ვითამაშე ჭადრაკი აქტიურად და ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ბევრი გაკვეთილით სავსე პერიოდი იყო. მაქვს ოსტატობის კანდიდატის წოდებაც და ძალიან ბევრი ჩემპიონატის გამარჯვებული და პრიზიორიც ვარ. დღემდე მწყდება გული, რომ 16 წლისას დავნებდი და არ გავაგრძელე ჭადრაკის თამაში, თუმცა ამ მარცხს, როგორც გაკვეთილს ისე ვუყურებ. ჭადრაკმა განმივითარა სტრატეგიული აზროვნება, მასწავლა მოთმინება და კონცენტრირება და დროისა და რესურსების სწორი მართვა.
რაც შეეხება პაიკს, პაიკი წლებია ჩემი სიმბოლოა. პაიკი ერთადერთი ფიგურაა, რომელსაც მხოლოდ წინ შეუძლია სვლა, თამაშსაც უმეტესაც პირველი იწყებს და ერთადერთია, რომელსაც შეუძლია დაფის ბოლოს გადაიქცეს ნებისმიერ იმ ფიგურად, რომელიც სურს და რომელიც საჭიროა არსებული ვითარებისთვის. პაიკი არის ყველაზე ,,პატარა” ფიგურა ყველაზე დიდი პოტენციალით და ვფიქრობ იდელურად გამომხატავს. დღემდე სულ თან ვატარებ ამ ფიგურას, ჩემთვის თილისმასავითაა.
– როგორ ფიქრობ,რა არის ყველაზე რთული ქართველი ახალგაზრდობისთვის?
– ზოგადად ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ თემაზე და არა მარტო ქართველი, არამედ მსოფლიოს ახალგაზრდობის გამოწვევად ერთმანეთის გაძლიერება მიმაჩნია. ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვჭირდება ახალგაზრდული სფეროს გაძლიერება, თუმცა ზოგჯერ გვავიწყდება, რომ გაძლიერება ისევ ჩვენგან უნდა იწყებოდეს. თუ ჩვენ თავად არ გავაძლიერებთ ერთურთს, სხვა ვერასდროს შეძლებს ეს ჩვენს მაგივრად გააკეთოს. ახალგაზრდობის დღევანდელი თაობა უდიდესია ისტორიაში, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 40% 25 წლამდე ასაკისაა, ამიტომაც ვუწოდებ ჩვენს თაობას ,,პიკის თაობას”.
იმისთვის, რომ ცვლილეობა მოახდინო, პირველ რიგში, უნდა შეიმეცნო და დაინახო დიდი სურათი, რაც გამოიხატება სწავლაში, განათლების მიღებასა და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში. მხოლოდ მაშინ, როდესაც შეიმეცნებ, შეძლებ გაიაზრო და გაითავისო და მხოლოდ მაშინ, როცა გაიაზრებ, შეძლებ შეცვალო კიდეც არსებული მოცემულობა უკეთესობისკენ. მე ასე ვხედავ ამ ერთგვარ ციკლს და ვთვლი, რომ ამ ერთგვარ ჯაჭვში ყველაზე მეტად პირველის ნაკლებობას განვიცდით.
რომელიღაც თაობამ უნდა აიღოს ინიციატივა, ჩვენ უნდა გადავწიოთ ჩვენი ეგო უკან, ვიფიქროთ ზრდაზე და არსებული ენერგიის საკუთარი თავის სრულყოფისკენ მიმართვით გავაძლიეროთ ერთმანეთი. ერთ-ერთ სირთულეს და გამოწვევას კი სწორედ ამ ენერგიის არასწორად მიმართვაში ვხედავ, თუმცა, მჯერა, რომ გვყავს კეთილი, მცოდნე და პასუხისმგბელიანი ახალგაზრდები და სწორედ მსგავსი ახალგაზრდები შეძლებენ სწორი მაგალითის მიცემას სხვებისთვის.
– რას ნიშნავს იყო გამბედავი ქალი?
– ვფიქრობ, გამბედაობა იწყება საკუთარ თავთან აღიარებითა და მისი შემეცნებით, ცნობდე საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებსა და ძირეულ ღირებულებებს. გამბედაობას აუცილებლად უნდა ახლდეს თან სწორი და ადეკვატური შეფასების უნარი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცის არ გეშინოდეს. გამბედავი ხარ მაშინ, როცა გეშინია და იაზრებ ამა თუ იმ გზის სირთულეს, თუმცა მაინც დგამ ნაბიჯს, რადგან ზურგს გიმყარებს შენი ხედვა, რწმენა და ზუსტად იცი, თუ რატომ აკეთებ ამა თუ იმ საქმეს.
– ფრაზა,რომელიც სულ თან გდევს და დიდ სამსახურს გიწევს არის:
– „იყავი ცვლილება, რომელიც გსურს, რომ დაინახო სამყაროში“.
მაჰათმა განდის ეს სიტყვები სულ თან დამყვება და მახსენებს, რომ თუ რამის შეცვლა მინდა, ეს საკუთარი თავიდანვე უნდა დავიწყო, ავიღო პასუხისმგებლობა და წარუმატებლობის გარემო ფაქტორებზე გადაბრალების მაგივრად, თავად საკუთარი თავი გამოვწვრთნა და მჯერა, რომ მართლაც თითოეულ ჩვენგანს შეგვწევს ძალა, ვიყოთ ის პოზიტიური ცვლილება რისი დანახვაც გვსურს სამყაროში.
ავტორი: თინათინ დადუნაშვილი