როგორ ავირჩიოთ პროფესია, ანუ რაში მდგომარეობს კარიერული წარმატების საიდუმლო

განათლება

პროფესიის არჩევა არასდროსაა მარტივი, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ადამიანებს არაერთი ინტერესი გაგვაჩნია.

პროფესია თავისი არსით ცოდნის, უნარ-ჩვევათა და კომპეტენციათა ერთობლიობას გულისხმობს, რომელთა ფლობა აუცილებელია გარკვეულ დარგში შრომითი საქმიანობისათვის და რომელთა შეძენა შესაძლებელია სწავლისა, თუ შესაბამის სფეროში საქმიანობის გზით, თუმცა მანამ, სანამ პროფესიას აირჩევდეთ აუცილებელია ორგანიზებული მოქმედება, რომელიც პირობითად შეგიძლიათ, რამდენიმე ნაწილად დაყოთ, რაც დიდწილად ხელს შეუწყობს სწორი არჩევანის გაკეთებას.

  • საკუთარი თავის შეფასება

მანამ, სანამ პროფესიას აირჩევდეთ, უნდა შეიცნოთ საკუთარი თავი და გაითავისოთ თუ ვინ ხართ, რას წარმოადგენთ და რა უმთავრესი ფასეულობები გაგაჩნიათ ხასიათის თავისებურებებთან კომბინაციაში, რის შემდეგაც, უნდა ჩამოწეროთ ყველა ის პროფესია, რომელშიც საკუთარ თავს ასე თუ ისე ხედავთ და ამისგან განცალკევებით კი ისინი, რომელშიც თავს ვერასდროს წარმოიდგენდით.

  • შეადგინეთ პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული სქემა სწორი გადაწყვეტილების მისაღებად

საკუთარი თავის შეფასების ბოლო ეტაპზე სქემა იმ პროფესიებისა, რომლებიც გამოგდით, ან პირიქით, თქვენთვის მიუღებელია, საკმაოდ მრავალრიცხოვანი და სტრუქტურულად რთული მოგეჩვენებათ, თუმცა გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, გამონაკლისი არც ეს უკანასკნელია, ვინაიდან შემდეგი ეტაპი ესაა მსგავსი შინაარსის მქონე პროფესიების ერთ გრაფაში მოქცევა და მიღებული შედეგის სუფთა ფურცელზე გადმოწერა, რომელთაც შეგიძლიათ, პირობითად „პროფესიათა სქემები საკუთარი თავის შესაცნობად“ დაარქვათ. ის პროფესიები, რომლებიც გამორიცხეთ, რეალურად გაჩვენებენ იმ ღირებულებათა დიდ ნაწილს, რომლებიც გაგაჩნიათ და პირიქით.
ამის შემდგომ, თქვენ მიერ ჩამოწერილი პროფესიებიდან, უნდა აირჩიოთ ისინი, რომლებიც თითქოს მოგწონთ, მაგრამ მათზე ბევრი არაფერი იცით და აქიდან გამომდინარე, უნდა ეცადოთ, რომ მათზე რაც შეიძლება მეტი გაიგოთ, რადგან შესაძლოა, ისეთი რამ აღმოაჩინოთ, რამაც ძალიან დაგაინტერესოთ.

  • შეისწავლეთ მეტი თქვენს სქემაში არსებულ პროფესიებზე

აღნიშნული ქმედებების განხორციელების შემდეგ, თქვენი ჩამონათვალი საშუალოდ 10-20 პროფესიას შეიძლება მოიცავდეს. ახლა კი დროა, შეეცადოთ მათზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიძიოთ. იპოვეთ სამსახურის აღწერილობები, თუ სხვადასხვა ტრენინგები საჯარო წყაროების მეშვეობით, შეისწავლეთ დაწინაურების შესაძლებლობები, მთავრობის მიერ გამოქვეყნებული მონაცამები კონკრეტული სამსახურის ანაზღაურების, დასაქმებულთა რაოდენობის, თუ შემოსავლების შესახებ.

  • შეამცირეთ ჩამონათვალი

მას შემდეგ, როდესაც მეტი ინფორმაცია გექნებათ, კიდევ უფრო უნდა შეამციროთ იმ პროფესიათა ჩამონათვალი, რომელიც ჩამოწერილი გქონდათ და თქვენი სქემა საშუალოდ ორიდან ხუთ პროფესიამდე შემცირდება.

  • ჩაატარეთ ინფორმაციული ინტერვიუები

სხვადასხვა სოციალური პლატფორმების მეშვეობით მოიძიეთ თქვენ მიერ არჩეულ პროფესიებში მოღვაწე კომპეტენტური ადამიანები და შეეცადეთ, რომ მათგან კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ. აღნიშნული კვლევების საფუძველზე კი მიიღეთ სავარაუდო გადაწყვეტილება.

  • ჩამოწერეთ თქვენი კარიერული გეგმები

ჩამოწერეთ ის გეგმები, რომლებიც არჩეულ აღნიშნულ პროფესიასთან დაკავშირებით გაგაჩნიათ, იქნება ეს მოკლე, თუ გრძელვადიანი, ვინაიდან ეს კიდევ უფრო დაგეხმარებათ იმაში, რომ შეიცნოთ თუ რა წარმოადგენს თქვენს ფასეულობებს და თუკი აირჩევთ კონკრეტულ მათგანს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი წარმატებისაკენ.

  • გააკეთეთ არჩევანი

აღნიშნული კვლევების განხორციელების შემდეგ გააკეთეთ არჩევანი კონკრეტულ პროფესიაზე, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ თუკი ხედვას შეიცვლით, უნდა დაიტოვოთ გზა, რომ სურვილის შესაბამისად, შეიცვალოთ პროფესიაც, ვინაიდან ეს არც თუ ისე იშვიათად ხდება.

სად გადის ზღვარი ადამიანის ინტერესებსა და ნამდვილ მოწოდებას შორის პირველ რიგში სწორედ პროფესიის არჩევაში ვლინდება, თუმცა მიუხედავად ინტერესებისა, ადამიანებს ხშირად უჭირთ დაეუფლონ წარმატების ხელოვნებას მისი არჩევის საკითხში, ამიტომაც საჭიროა ორგანიზებული მოქმედება, ცენტრალური ღირებულებების, ინტერესებისა და პიროვნული შესაძლებლობების გათვალისწინება.

ავტორი: მარიამ წურწუმია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები