მომავლის პროფესიები

განათლება

პროფესიის არჩევა ბევრი ადამიანისთვის არის რთული პროცესი. განსაკუთრებით რთულია ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება 18-20 წლის ასაკში. სწორედ ესაა მიზეზი იმის, რომ ბევრი ახალგაზრდა დროთა განმავლობაში ითავისებს საკუთარ სურვილებსა და მიზნებს და უჩნდება პროფესიის შეცვლის სურვილი.

სხვადასხვა გამოცემები და ონლაინ ვებ-გვერდები ხშირად ატარებენ კვლევებს, რათა გამოავლინონ ყველაზე სასურველი და მოთხოვნადი პროფესიები.
გთავაზობთ გამოცემა Business Insider-ის მიერ შედგენილ სიას, სადაც შესაძლოა თქვენი პროფესიაც იხილოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში მომავლის პროფესიათა ჩამონათვალში IT სფეროსთან დაკავშირებული პროფესიები ლიდერობს. ბევრს მიაჩნია, რომ ამ ყველაფერს პანდემიის არსებობამაც შეუწყო ხელი. მსოფლიო დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, შესაბამისად გაიზარდა მოთხოვნა მსგავს პროფესიებზე.

მაშ ასე, გთავაზობთ მომავლის პროფესიათა სიას:

  • პროგრამისტები, ვებ-დიზაინერები

ეს პროფესიები ლიდერობას არ თმობენ. მათი არჩევის შემთხვევაში დარწმუნებული იყავით, რომ არჩევანი პერსპექტიულ და მაღალანაზღაურებად პროფესიაზე შეაჩერეთ. დასაქმება კი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც შეგიძლიათ. (მსოფლიო ხომ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა!)

  • მარკეტინგის სპეციალისტები

ამ სპეციალობაზე მოთხოვნა თანდათან უფრო იზრდება, რადგან ყველა კომპანიისთვის ნათელია, რომ კარგი მარკეტინგი მნიშვნელოვანია წარმატებისთვის.

  • ინჟინრები, მშენებლები

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს პროფესიები, განსაკუთრებით ინჟინერია, ბევრისთვის მიმზიდველად ჟღერდეს, მაინც ცოტა აკეთებს მათზე არჩევანს. აქედან გამომდინარე, ბაზარზე ამ პროფესიის მქონე ადამიანების დეფიციტი შეიქმნა.

  • გაყიდვების მენეჯერები, სავაჭრო აგენტები

ბიზნესის სფერო ვერ განვითარდება ამ პროფესიის მქონე ადამიანების გარეშე. გახდით საუკეთესო გაყიდვების მენეჯერი ან სავაჭრო აგენტი და იყავით სასურველი კადრი კომპანიებისათვის.

  • მასწავლებლები

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მომავლის პროფესიათა სიაში მასწვალებლებიც არიან. სხვადასხვა გამოკითხვებზე დაყრდნობით, ნათელი გახდა, რომ ახალგაზრდების მინიმალური ნაწილი ასახელებს მასწავლებლობას სასურველ პროფესიად. აქედან გამომდინარე, მალე ბაზარზე პედაგოგების დეფიციტი იქნება. რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ კარგი მასწავლებელი მოთხოვნადი და საჭირო კადრი გახდება.

ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანი ფაქტორია საკუთარი საქმის სიყვარული და შრომა. ეს ორი რამ, აუცილებლად დაგეხმარებათ თქვენს მიერ არჩეულ ნებისმიერ სფეროში თავი დაიმკვიდროთ და წარმატებული იყოთ.

ავტორი: ნინო გოგმაჩაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები