პროფესიული გაორება და რადიკალური ცვლილების შიში – რას ვაკეთებთ, როცა არასწორ პროფესიას ვირჩევთ?

ინტერვიუ

ცხოვრების გარკვეულ ეტაპამდე ხშირად ვერ ვიაზრებთ, თუ რატომ ვირჩევთ კონკრეტულ საქმიანობას და რამდენად შეეფერება ის ჩვენს პიროვნებას. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც არ დამდგარა ამგვარი გაორების წინაშე, შესაბამისად, არც ჩვენი რესპოდენტია გამონაკლისი.

მარი კორინთელი „წიგნები ბათუმში“ თანადამფუძნებელია, როგორც თვითონ ამბობს ეს მისი საოცნებო „რუტინაა“, თუმცა ალბათ ბევრამ არ იცის, რომ გამომცემლობამდე მისი პროფესიული ორიენტირი სულ სხვა მიმართულებით მიდიოდა. STUDINFO.GE-ს მარი პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით ესაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გულით ემსახურო საყვარელ საქმეს და რატომ არ უნდა შეგვეშინდეს პროფესიის რადიკალური ცვლილების.

,,მე, მარი კორინთელი ვარ 33 წლის ქალი. გამომცემელი, რედაქტორი, მთარგმნელი, ტელეწამყვანი, ლექტორი, ორი გოგოს დედა და საბედნიეროდ, მაქვს შეგრძნება, რომ სწორედ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო, სწორედ იმას ვაკეთებ, რასაც უნდა ვაკეთებდე.“

– მარი, თქვენი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია  „წიგნები ბათუმში“, თუმცა ალბათ ბევრმა არ იცის, თუ რა პიროვნული ბრძოლების გადატანა მოგიხდათ ამ წარმატებამდე. მოგვიყევით, დაბრკოლებებით სავსე წარსულზე.

– პირველი დაბრკოლება და პირველი ბრძოლაც პროფესიის შეცვლას უკავშირდება. განათლებით, მოქმედი სპეციალობით იურისტი ვიყავი, თუმცა ყოველთვის მქონდა განცდა, თითქოს სხვისი ტანისამოსი მეცვა, თითქოს სულ სხვაგან იყო ის, რაც მე კმაყოფილებასა და ბედნიერებას მომიტანდა და ჩემი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალებას მომცემდა. ჩემი ცხოვრება ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული მხატვრულ ლიტერატურასთან, ტექსტებთან მუშაობასთან. ყოველთვის ლიტერატურა „მეძახდა“, მაგრამ პრაგმატული მოსაზრებით იურისტობა ავირჩიე.

პირველივე კურსზე მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი, მაგრამ სპეციალობის შეცვლა მაშინ ვერც წარმომედგინა, ამიტომ ბაკალავრიატიც დავასრულე და მაგისტრატურაც. თუმცა შეცდომის დაშვების განცდა მოსვენებას არ მაძლევდა. შემდეგ დავქორწინდი და მე და ჩემი ქმარიც, როგორც ყველა წყვილი, ხშირად ვუზიარებდით ერთმანეთს მომავლის ხედვას, ჩვენს ოცნებებს. ერთხელაც, ოცნებებზე საუბრისას, რაღაცნაირად ერთდროულად აღმოვაჩინეთ, რომ ორივე ვოცნებობდით ოდესმე წიგნების მაღაზიაზე. ეს მაშინ ძალიან, ძალიან შორეულ მომავლად მოგვეჩვენა – ჩემი ქმარიც იურისტი იყო. მაგრამ რაღაც დროის შემდეგ მივხვდით, რომ გადადება აღარ ღირდა და სწორედ აქედან დაიწყო ჩვენთვის ყველაზე საყვარელი საქმე. მაღაზიას მალევე მოჰყვა გამომცემლობა, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრებაა, რომელიც შვილივით გავზარდეთ და განვავითარეთ და რომელსაც აუწონავი ადამიანური რესურსი შევალიეთ. გამომცემლობის განვითარების გზაზეც უამრავი სირთულე შეგხვდა. იყო შეცდომებიც, არასწორი ხედვები და წარმოდგენებიც, ძალების არასწორად შეფასებებიც, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა გამომზარდა პროფესიულად.

დღეს უბედნიერესი ვარ, რომ ეს არჩევანი გავაკეთე. ვერ წარმომიდგენია, რომ არა გამომცემელი, სხვა რა უნდა ვყოფილიყავი. ჩემი ყოველი დღე ერთმანეთისგან განსხვავებულია და მუდმივად მაქვს განცდა, რომ ვაკეთებ ისეთ რამეს, რაც სხვა ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია და ზოგჯერ ვიღაცების ცხოვრებასაც ცვლის. ეს ჩემთვის უდიდესი სტიმულია.

– რა იყო ის „ბოლო წვეთი“, რამაც ასე რადიკალურად შეცვალა თქვენი პროფესიული მიმართულება?

– ბოლო წვეთი არ ყოფილა, მე თავიდანვე ვიცოდი, რომ პროფესიაში არასწორი მიმართულებით მივდიოდი. დიდხანს მივდიოდი რადიკალური ცვილებისკენ, მაგრამ ბოლო ნაბიჯი უკვე ძალიან სწრაფად გადავდგი, რადგან თუ ადამიანს არ უყვარს ის საქმე, რასაც აკეთებს, შეუძლებელია, თავი ბედნიერად იგრძნოს. მე მჭირდებოდა ამ ბედნიერების შეგრძნება. ვიცოდი, რომ უამრავი რამ შემეძლო, მთების გადადგმა შემეძლო და ამას მხოლოდ მაშინ ვიზამდი, თუ პროფესიულად ლიტერატურას დავუკავშირდებოდი. ვიცოდი, რა იყო ჩემი მოწოდება და ეს იურისტობა ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა, იმ წლებს არ ვნანობ. იმ წლებმა შემძინა უძვირფასესი მეგობრები, მომიტანა ფასდაუდებელი კონტაქტები, მომცა ღირებული იურიდიული განათლება, რომელიც ძალიან მადგება საკუთარ ბიზნესში. ჩვენი გამომცემლობის იურიდიული მომსახურების უზრუნველყოფა სრულყოფილად შემიძლია და ეს დიდი ფუფუნებაა.

– ხშირად გითქვამთ, რომ იურიდიული სფერო არ იყო ადგილი, სადაც სრულფასოვნად ახდენდით თვითრეალიზაციას. რას ნიშნავს ემსახურებოდე იმას, რაც არ გაძლევს შესაძლებლობას იყო საკუთარი თავი? რა ზეგავლენას ახდენს ეს პიროვნებაზე?

– ვფიქრობ, ეს ზეგავლენა შესაძლოა დამანგრეველი აღმოჩნდეს. ძალიან მძიმეა, როდესაც გრძნობ, რომ გაქვს უამრავი გამოუყენებელი უნარი და ნიჭი, რომელსაც ვერ აამოქმედებ, რადგან ამის ასპარეზი არ გეძლევა. ეს არასრულფასოვნების განცდას აჩენს, გგონია, რომ არაფერი გამოგივა, რომ ვერასოდეს რეალიზდები. დანაშაულსაც გრძნობ საკუთარი თავის წინაშე, რომ მის ხმას ახშობ, არ უსმენ, უარყოფ. ავტომატურად მოქმედებ. სულ სხვაა საყვარელი პროფესიის მსახურება. ამ დროს იღებ უზარმაზარ მსხვერპლს, მაგრამ ამას აკეთებ სიხარულით. სიხარულით ათევ ღამეებს, სიხარულით შრომობ უზომოდ, სიხარულით იტან ათასგვარ დისკომფორტს, სიხარულით გლეჯ ყველანაირ ეკალს. როცა იქ არ ხარ, სადაც გინდა, სადაც გული მიგიწევს, ნებისმიერი პატარა დისკომფორტი დიდ და უაზრო, უმიზნო მსხვერპლად იქცევა. სულ თავს ეჭიდავები, ებრძვი და ეს ყველაფერი ძალიან გღლის.

– თქვენი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, რატომ ცდებიან ახალგაზრდები საკუთარ პროფესიულ არჩევანში? რატომ უჭირთ მათ, ამ მიმართულებით,  რადიკალური ნაბიჯების გადადგმა?

– ამას ბევრი მიზეზი აქვს. ჩემს ახალგაზრდობაში ქვეყანა სულ ახალთავდახსნილი იყო საშინელი ეკონომიკური კოლაფსისგან და ჩემი თანატოლების უმთავრესი საზრუნავი იყო, ისეთი პროფესია აგვერჩია, რაც ფინანსური სტაბილურობის გარკვეულ გარანტიებს მოგვცემდა. შემოქმედებითი სფეროების არჩევა ცოტა სარისკო საქმე იყო. ახლა ფილოლოგიის დოქტორი ვარ და ჩემ წინ უამრავი შესაძლებლობაა. ათწლეულის წინ ფილოლოგი მარტო მასწავლებლად მოიაზრებოდა, არჩევანი შეზღუდული ჰქონდა. მოკლედ, მაშინ სხვა დრო იყო, ჩვენ მუდმივ ანაზღაურებასა და სტაბილურ შემოსავალზე უნდა გვეზრუნა. ამიტომაც ვირჩევდით იურიდიულს, ეკონომიკურს…

დღეს სხვა მდგომარეობაა, მაგრამ ხშირად მშობლების ფაქტორი მოქმედებს – მცირე ასაკში რთულია, მშობლების აზრს წინააღმდეგობა გაუწიო და შენი ნაბიჯების შედეგებზე თავად აიღო პასუხისმგებლობა. ჩემს შემთხვევაში ეს მომენტი არ ყოფილა, მაგრამ ძალიან კარგად მესმის იმ ახალგაზრდების, რომლებიც მშობლების მოსაზრებით აკეთებენ პროფესიულ არჩევანს. რადიკალური ნაბიჯების გადადგმა ძალიან დიდი რისკია და რისკი ადვილი არ არის. როცა ერთი მხრივ, გაქვს სტაბილურობა, თუნდაც მოსაწყენი, და მეორე მხრივ – ბუნდოვანი მომავალი, ძალიან რთულია, ნაბიჯი ამ მომავლისკენ გადადგა.

– რას ვაკეთებთ მაშინ, როცა პროფესია ხდება რუტინული და გამაღიზიანებელი?

– ნებისმიერი პროფესია, მათ შორის, ჩვენი მოწოდება, სულის საქმე და უსაყვარლესი სამსახურიც შეიძლება გახდეს რუტინული და გამაღიზიანებელი. ნეტავ იცოდეთ, ჩემი არსების განუყოფელი ნაწილი, ჩემი გული და სული, ჩემი გამომცემლობა რამდენჯერ გამხდარა რუტინულიცა და გამაღიზიანებელიც. მაგრამ როცა რაღაცა ძალიან გიყვარს, ძალიან გეამაყება და ძალიან მნიშნელოვნად მიგაჩნია, ეს გაღიზიანება მალე გადის, რუტინას კი სხვა აღმაფრენები აკომპენსირებს. რუტინული შრომა ყველაზე შემოქმედებით საქმეშიც კი აუცილებელია, ამის გარეშე არაფერი გამოდის, ეს ერთგვარი დისციპლინაა, სტაბილურობაა, შეიძლება უინტერესოა, მაგრამ ამის გარეშე ვერ განავითარებ იმას, რაც გიყვარს. უბრალოდ, მეორე მხარეს დგას გრანდიოზულ სიყვარული და სიხარული და ეს ბალანსს გინარჩუნებს.

– რჩევა გზააბნეულ ახალგაზრდებს:

– ჩვენზე, ყველაზე, ძალიან დიდი წნეხია იმ გაგებით, რომ გამუდმებით მოგვიწოდებენ, ვიყოთ „წარმატებულები“. ამ რაღაცა ბუნდოვანი წარმატებულობის ძიებაში ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი გვრჩება ხოლმე ყურადღების მიღმა.

მე გეტყვით, რომ ვეძებოთ არა წარმატება, არამედ ბედნიერება. ბედნიერება კი ყველასთვის სხვადასხვა რაღაცაა. ჩემთვის წარმატებული ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერი ადამიანია და არავინ სხვა. ამიტომ აკეთეთ ის, რაც გაგაბედნიერებთ, ნებისმიერი რამ. და არ უსმინოთ არავის წარმოდგენებს კარგად ყოფნასა და ბედნიერებაზე. არც იმის გამო იგვემოთ თავი, თუ ბედნიერი არ ხართ. აუცილებლად დადგება უკეთესი დღეები.

ავტორი: ნინო მამაცაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები