რა გავლენა აქვს მოხალისეობას ჩვენს კარიერულ თუ პიროვნულ განვითარებაზე

განათლება

მათთვის, ვინც ფიქრობს საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შექმნას, ვისაც ცხოვრების დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, შეუძლებლად მიაჩნია, სწავლის პარალელურად განავითაროს საკუთარი უნარ-ჩვევები, ვისაც სურს, რომ საკუთარი თავი შეიცნოს და შეიძინოს მეგობრები, ვისაც სურს, წარმატებით დასაქმდეს … მოხალისეობა სწორედ თქვენთვისაა.

მოხალისეობა არაანაზღაურებადი საქმიანობაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მოტივირებულ ახალგაზრდას აერთიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან, რომ საკუთარი ცოდნისა თუ უნარ-ჩვევების ერთმანეთთან გაზიარებისა და კოლაბორაციის გზით, გახდნენ იმაზე უკეთესები, ვიდრე გუშინ იყვნენ. ეს მუდმივი განვითარების ჯაჭვია, რომელიც სხვების დახმარების გზით მიიღწევა.

სწავლის პარალელურად სამსახურის შეთავსება მეტად რთულ პროცესს წარმოადგენს, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ადამიანებს დროის სწორად განაწილება უჭირთ და უმეტესწილად ორი საქმის ერთად კეთება წარმოუდგენელი გონიათ, მოხალისეობა კი არა მხოლოდ დროის მენეჯმენტის კულტურას გვასწავლის, არამედ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ პრაქტიკული ცოდნის მიღების გზით, დავამსხვრიოთ ეს სტერეოტიპი. ამასთან, რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარია, შეგვიძლია მოხალისეობის გზით შევქმნათ უკეთესი რეზიუმე, ვინაიდან დამსაქმებელს ყოველთვის სურს, რომ დასაქმებულ პირს ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება და შესაბამისი უნარ-ჩვევები.

მოხალისეობის კულტურის განვითარებას მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ორგანიზაცია ემსახურება. აღნიშნულ ორგანიზაციათა შორის კი საინტერესოა, განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

  • მოხალისეთა ჰაბი

მოხალისეთა ჰაბი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში შეიქმნა. ეს ერთგვარი პლატფორმა მოხალისეობის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება და აერთიანებს ნებისმიერ ადამიანს ასაკის, გამოცდილებებისა, თუ შესაძლებლობების მიუხედავად. აღნიშნული ორგანიზაცია მოხალისეობის მსურველებს სთავაზობს უსაზღვრო შესაძლებლობებს, უნარების განვითარებასა, თუ ინდივიდის საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებს, მენთორშიფის პროგრამებს მათთვის, ვინც ჩამოყალიბებული არაა პროფესიის არჩევასთან მიმართებაში, კრეატიულ გუნდთან ერთად საინტერესო პროექტებზე მუშაობას, სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელ ორენოვან სერთიფიკატსა და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს, აგრეთვე წარმატებული მოხალისეებისათვის საზღვარგარეთ ტრენინგებში მონაწილეობის შესაძლებლობასაც. აღსანიშნავია, რომ მოხალისეთა ჰაბის ინიციატივით შექმნილია „women 4 women – by volunteer hub”, რომელიც ხელს უწყობს ქალების გაძლიერებას, განათლებასა და კარიერულ განვითარებას.

  • აისეკი

აისეკი მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1946 წელს შვედეთის დედაქალაქ სტოქჰოლმში დაარსდა და აერთიანებს მსოფლიოს 120 ქვეყანაზე მეტს, მათ შორისაა, საქართველოც. აიესეკის მოხალისედ ყოფნა ხელს უწყობს ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლების, ლიდერული უნარ-ჩვევების, გლობალური გამოცდილებებისა, თუ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობას, ხოლო აღნიშნული გლობალური გამოცდილება კი გულისხმობს მოტივირებული ახალგაზრდების მოხალისეობას გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნის ხელშესაწყობად, მსოფლიოს მასშტაბით. უნდა აღინიშნოს, რომ აისეკის ფარგლებში არის როგორც არაანაზღაურებადი, ისე ანაზღაურებადი მოხალისეობის პროგრამებიც და თითოეული პროგრამა ორიენტირებულია, რომ განავითაროს მოხალისეთა უნარ-ჩვევები.

  • წითელი ჯვრის საზოგადოება

წითელი ჯვრის ორგანიზაცია 1881 წლის 21 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში დაარსდა და იგი წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე დიდ ჰუმანიტარულ ქსელს, რომლის წევრს საქართველოც წარმოადგენს. წითელი ჯვრის საზოგადოების მთავარი მიზანი ჰუმანიტარული პირველადი დახმარების მისიის განხორციელებაა. მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ განსაცდელში მყოფ ადამიანებს ტანჯვა შეუმსუბუქოს, ისწავლოს სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი უნარ-ჩვევები და უკეთესი გახადოს მათი ყოველდღიურობა, წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისედ ყოფნა საუკეთესო არჩევანია.

  • ახალგაზრდული ასოციაცია დრონი

ახალგაზრდული ასოციაცია დრონი დაარსდა 2003 წელს საქართველოში და მისი მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე, ჯანსაღი,  განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას, ახალგაზრდების ფიზიკური, სულიერი და საგანმანათლებლო განვითარების, კულტურათაშორისი ურთიერთობების, მშვიდობის დამყარების, თუ კონფლიქტების გადაჭრის გზით.

  • ბიტისი

ბიტისი ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ სივრცეს ქართველი ახალგაზრდების პიროვნული განვითარების საქმეში. იგი უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებს მოხალისეებისათვის, რათა ხელი შეუწყოს სხვადასხვა დისკუსიებში, პრეზენტაციებსა და სემინარებში მონაწილეობის გზით ცოდნის განვითარებას, მსგავსი შეხედულებების მქონე ადამიანების გაცნობას, არაფორმალურ განათლებას, ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრებასა და რაიმე ღირებულის შექმნას.

თუკი გსურთ, რომ იყოთ არა მხოლოდ გარშემომყოფების, არამედ საკუთარი თავის ინსპირაცია, გქონდეთ უკეთესი კარიერა და გყავდეთ ბევრი საინტერესო მეგობარი, ამისათვის თქვენ უნდა გადადგათ ნაბიჯი მოხალისეობისაკენ.

ავტორი: მარიამ წურწუმია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები