მაშინ, როცა გაზაფხულის პირველ დღეები პიკნიკებისა და გაზრდილი სოციალიზაციის სინონიმად გვესახებოდა – კაცი ბჭობდა, ღმერთი კი ,თურმე მართლა იცინოდა.
დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ, ასე თუ ისე ყველამ შევძელით ამ კაუსტროფობიულ გარემოსთან ადაპტრება, მაგრამ პანდემიამდე ცხოვრებასთან არსებული მყარი ემოციური კავშირების დათმობა ჩვენს ძალებს აღემატება. ემოციურ კავშირებზე საუბრისას კი, დაუშვებელია არ ვახსენოთ ის გაციფრულებული სტუდენტური ცხოვრება, რომელმაც ერთ დღეში სტუდენტები სულ სხვა, გაურკვეველი რეალობის წინაშე დააყენა.
STUDINFO.GE სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს ესაუბრა, მათგან აშკარად მოდიოდა ის ნოსტალგიური განწყობა, რომელიც უნივერსიტეტის დერეფნების სპეციფიური სუნისა და იქ გადამხდარი კურიოზების მოგონებისას ეუფლებოდათ. სტუდენტები ერთმანეთთან კომუნიკაციით უმკლავდებოდნენ იმ სტრესულ გარემოს, რომელსაც საგამოცდო ან სასემინარო პროცესი ქმნიდა.
ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი უტა ხარბედია კადრებად ქცეულ მოგონებებზე წერს: ,,გაზაფხულზე, ახლად აყვავებული ხეების სურნელში გახვეული მეორე კორპუსის შემოსასვლელი კარის მიმდებარე ტერიტორია, ე.წ ,,ბირჟა” ყველაზე ლამაზი იყო… მეგობრებით, ახლობლებით, კურსელებით და ნაცნობებით გარშემორტყმული ვინმეს მაინც იპოვიდი ლექციებს შორის შუალედის ხალისიანად ან ნაყოფიერად გასატარებად. ბევრნი ვერ წარმოიდგენთ რა ლამაზი შეიძლება იყოს მეორე კორპუსი და მასში გატარებული სტუდენტობა. მე კიდევ მელანქოლია მომაწვა”
უტა ჩვენთან საუბრისას იხსენებს: ,,თსუ-ს მეორე კორპუსიდან მეხუთე კორპუსისაკენ მიმავალები, ჟრიამულით, ცეკვით სიმღერით გავდიოდით 300 მეტრს. ყველაზე მეტად ის სითბო და აურა მენატრება, რომელიც იყო”
პინგვინებად ქცეული პირველკურსელებიც კი, არაფორმალურ და აკადემიურ სივრცეში თავის დამკვიდრების პროცესს, ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელ მომენტებად ასახელებენ. უფროსკურსელებთან მეგობრობა და მათთან აუდიტორიების განლაგებაზე წუწუნიც კი პანდემიის პერიოდში, ნოსტალგიის მიზეზი გახდა.
კითხვაზე, თუ რის კომპენსირებას ვერ ახდენენ სტუდენტები პანდემიის ფონზე, უტა გვპასუხობს: ,,პანდემიის დროს ვერ ვახდენთ ადამიანური ურთიერთობების კომპენსირებას, რეალურად, მეტად უფრო დაძაბული, ცივი და უხეში გახდა ურთიერთობები, რაც სწორედ პირისპირ ინტერაქციების ნაკლებობამ გამოიწვია. ის ადამიანებიც კი, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში იცნობ, იმდენად დისტანცირდებიან საკუთარი აღქმიდან, თითქოს გავიწყდება, რომ ისინიც რეალური პერსონაჟები არიან და უტრირებულად რომ ვთქვათ, მათ ეკრანს მიღმა ,რობოტებად აღქმას იწყებ. ონლაინ სწავლება არის უფრო გაციებული და მექანიკური. თითქოს ერთ კალაპოტში მოექცა ეს ყველაფერი, რაც ადრე ასე არ იყო.”
უტამ საკუთარი სტუდენტობის საუნდტრეკიც გაგვიმხილა და გვითხრა, რომ Linkin Park-ის ,,The End” ესახება პანდემიამდე სტუდენტური დინამიკის ბექგრაუნდად.
ფრიუნის დერეფნები, კეკელიძის ლობიანი, გუდვილი, მზიურის პარკი – ეს იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია, სადაც მუდმივად ისმოდა ქაოსურ რიტმს აყოლილ სტუდენტთა ხმაური, ტირილი, სიცილი. აქ დაინახავდი ფერად სახეებს, რომლებიც ახლა უკვე ყველაზე ნაცრისფერია, და მხოლოდ წარსული მომენტების გახსენებისას იცვლიან ტონებს.
პანდემიამდე ისმოდა ექო, აუდიტორიის სივრცეში ჩაკარგული მუსიკა, ხშირად მაჟორული, იშვიათად კი მინორული.
ავტორი: ნინო მამაცაშვილი