შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ეტიუდების XI ფესტივალი გაიმართა

უნივერსიტეტების სიახლეები

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2009 წელს საფუძველი ჩაეყარა სტუდენტურ „ეტიუდების ფესტივალს“.

2021 წელს ეტიუდების XI ფესტივალი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში. მაყურებელს ნახვის შესაძლებლობა ციფრული მედიუმის საშუალებით, ონლაინ სივრცეში 25, 26 მარტს ჰქონდა. ეტიუდების XI ფესტივალის დაჯილდოება კი 27 მარტს 16:00 საათზე, ონლაინ რეჟიმში გაიმართა, თეატრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.

ფესტივალში მონაწილეობა სტუდენტ მსახიობებს და რეჟისორებს თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს. სტუდენტები ეტიუდებზე დამოუკიდებლად მუშაობენ, თავად ითავსებენ სცენოგრაფის, მუსიკალური გამფორმებლის ფუნქციას. ეტიუდი ცხოვრებისეული სიტუაციის ასახვაა, ამ მხრივ, სტუდენტს აქვს საშუალება იმპროვიზაციის, თუმცა არსებობს ეტიუდის დადგმის სტრუქტურა (დასაწყისი, კვანძის შეკვრა, განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა,დასასრული). ნიშანდობლივია ის, რომ სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს  ეტიუდის აგებულების პრინციპი, რა თქმა უნდა ქმედითი ელემენტების ხარჯზე (ყურადღება, ტემპო -რიტმი, შეფასება, მოქმედება და სხვა).

პანდემიის პერიოდში, ტექნიკური საშუალებების სისტემატურმა  მოხმარებამ თეატრის გამომსახველობით  ფორმებზე გავლენა  მოახდინა, შესაბამისად თეატრს დასჭირდა პროფესიონალი ოპერატორების არსებობა, რომლებიც სცენაზე მიმდინარე პროცესებს ასახავენ სოციალურ სივრცეში, ყოველგვარი ნიუანსური დანაკლისის გარეშე. ამ მხრივ, ეტიუდების ფესტივალის ციფრულ ვერსიასაც ჰქონდა ხარვეზი, რაც გამოიწვია რეჟისორისა და ოპერატორის კომუნიკაციის არარსებობამ.

ფესტივალზე წარმოდგენილი თითოეული ეტიუდი განსხვავდებოდა ერთმანეთისგან ჟანრობრივად და თემატურად (სოციალური, რელიგიური, სასიყვარულო და ა.შ). გარემოზე ადაპტირების  მოსახდენად სტუდენტებმა იმუშავეს ისეთ ეტიუდებზე, როგორებიცაა, „ინფლუენსერი“, „ტექნოკრატია“, „ექსპერიმენტი“ და ა.შ. ცხადია, შეცდომების გარეშე არ ჩაუვლია ფესტივალს (მაგალითად, ინდივიდუალიზმის  და პარტნიორის დაკარგვის შეგრძნება) თუმცა, რამდენიმე სტუდენტის  ნამუშევარში  ახალი თეატრალური გამომსახველობითი  ფორმები და ხერხები გამოიკვეთა.

უნივერსიტეტის მიზანი სტუდენტთათვის  შემოქმედებითი იდეის ხელშეწყობა უნდა იყოს, რადგან სწორედ ისინი ქმნიან სტატუსს, რაც უდიდეს გავლენას ახდენს უნივერსიტეტის ხარისხზე. ამდენად, ეტიუდების ფესტივალი უნდა რეფლექსირდეს  სტუდენტების არჩევანზე.

ეტიუდების ფესტივალის ნახვა შეგიძლიათ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ტელევიზიის TAFU TV ეთერში და ეტიუდების ფესტივალის Facebook გვერდზე.

გაიცანით ფესტივალის გამარჯვებულები:

  • გრან პრი – თორნიკე კაკულია, ეტიუდი „კიბო“
  • საუკეთესო სამსახიობო ეტიუდი – „ტექნოკრატია“ (მსახიობები: ნინა ელიავა, გუგა ქაცარავა)
  • საუკეთესო სარეჟისორო ეტიუდი – რეჟისორი ქეთევან სამხარაძე, ეტიუდი „First Blood” (მონაწილეობენ: დავით თარბა, გიორგი გიგიბერია)
  • საუკეთესო მსახიობი ვაჟი – აკო გოგელია, ეტიუდი „ექსპერიმენტი“
  • საუკეთესო მსახიობი გოგო – ლალი გოგიძე, ეტიუდი „მწერები“
  • სტუდენტური ჟიურის პრიზი – ეტიუდი „მიწისქვეშა გადასასვლელში“ (მონაწილეობენ: ნინო კვირიკაშვილი, ნინა ელიავა, თეკლა სულაქველიძე)
  • ყველაზე ჰუმანური ეტიუდი – სალომე ჭაფოძე, ეტიუდი „შინელი“

ავტორი: სოფია ნადიბაიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები