ინა ყაფლანიშვილი – 19 წლის სტუდენტია დაბა კაზრეთიდან. დაამთავრა დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლა, ხოლო ამჟამად სოციოლოგიის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტია ჯიპაში.
კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ გადაწყვიტა სწორედ სოციოლოგიის მიმართულების არჩევა არასდროს იცოდა. მეტიც, დიდი ხანი სოციოლოგიის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, სანამ სკოლის პერიოდში, სწორ დროს და სწორ ადგილას ერთ-ერთ ტრენინგზე მოხვდა, რომელსაც სოციოლოგი ატარებდა.
„ამ ტრენერით იმდენად მოვიხიბლე, რომ როდესაც თქვა, რომ სოციოლოგი იყო გადავწყვიტე მეც სოციოლოგი გავხმდარიყავი. რა თქმა უნდა, შემდეგ ვეძებდი სოციოლოგიის შესახებ ინფორმაციას, ვეცნობოდი მათ საქმიანობას და გადავწყვიტე, რომ სწორ მიმართულებას ვირჩევდი.“
მიუხედავად ამისა, ჩაბარებამდე ეჭვები მაინც აწუხებდა იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ეს სწორედ ის საქმიანობა, რისი კეთებაც მომავალში უნდოდა. მაგრამ ინას თქმით, ახლანდელი გადმოსახედიდან, მისი აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რაც კი ცხოვრებაში მიუღია.
„საიდან ვიცი, რომ სწორი გადაწყვეტილებაა? ბავშვობაშიც კი როდესაც პროფესიაზე ვფიქრობდი ვერასდროს ერთ კონკრეტულ სფეროს ვერ ვასახელებდი. ბევრი რამ მინდოდა ერთად, მაგრამ არა რომელიმე კონკრეტული. ჩემს თავს ვერ ვხედავდი ისეთ პროფესიებში, რომლებიც უბრალოდ უნდა მესწავლა, როგორც მოცემულობა და სადაც ხშირად არ მექნებოდა საკუთარი აღმოჩენების, დასკვნების გაკეთების საშუალება. სოციოლოგია კი ჯერჯერობით ისაა, რასაც ვეძებდი. ესაა ერთი შეხედვით კონკრეტული დარგი, რომელიც რეალურად იმაზე მეტ სფეროს მოიცავს ვიდრე მეგონა. აქ, როგორც მკვლევარს მუდმივად გიწევს შესწავლა, დაკვირვება, ინფორმაციის შეგროვება, გარესამყაროს ახალი, სოციოლოგიური პერსპექტივით აღქმა. მეც სწორედ ეს მომწონს.“
ინა თვლის, რომ სოციოლოგიის შესახებ არსებულ თეორიებსა თუ სხვადასხვა ლიტერატურას ის უბრალოდ კი არ სწავლობს, არამედ მათი საშუალებით მის ხედვას განზომილებები ემატება, რაც ეხმარება ისეთი აღმოჩენების, დასკვნების გაკეთებაში, რომლებზეც აქამდე არც კი უფიქრია.
საუნივერსიტეტო კარიერის მიღმა, ინას არანაკლებ საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება აქვს.
„ამჟამად AIESEC (აისეკი) საქართველოს გუნდის ნაწილი ვარ და მას მივუძღვენი ჩემი თავისუფალი დროის უმეტესი ნაწილი. ორგანიზაციაში ზაფხულში მივედი. დავიწყე წევრობით და ახლა ლოკალური კომიტეტის მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტის რანგში ვაგრძელებ საქმიანობას. ამჟამად ჩემთვის ესაა ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც, ვფიქრობ, საკუთარი თავის კიდევ ახალ ვერსიას დამანახებს. ზოგადად AIESEC გახდა ჩემთვის ის ადგილი, რომელმაც ამ ძალიან მოკლე პერიოდშიც კი პიროვნულად ძალიან შემცვალა და ჩემი გეგმები, ამბიციები, მიზნები სულ სხვა რაკურსით დამანახა. ნამდვილად ფუფუნებაა იყო გარემოში, რომელიც სავსეა უამრავი ჯანსაღი, საინტერესო ახალგაზრდით. შეუძლებელია რაიმე გამოწვევის შეგეშინდეს, როცა ისეთ გარემოში მუშაობ, რომელიც გმუხტავს, გავსებს ენერგიით, მოტივაციით და რაც მთავარია გაძლევს შესაძლებლობას ხელი შეუწყო საკუთართან ერთად სხვა ადამიანების განვითარებას. ამიტომ დარწუნებული ვარ, რომ წინ საინტერესო და გამოწვევებით სავსე გამოცდილება მელის.”
გარდა სწავლისა და პროექტებში აქტიურად მონაწილეობისა, ინა ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ფიქრობს, რომ ფოტოგრაფია მას სულ აინტერესებდა, უბრალოდ რაღაც პერიოდის განმავლობაში, ეს არ იცოდა. 11-12 წლის ასაკში მისმა ოჯახმა ციფრული ფოტოაპარატი შეიძინა, თუმცა არა მისთვის, არამედ უფრო ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე.
„ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი ფოტოაპარატი, რომელსაც ახლანდელი გადმოსახედიდან თუ შევაფასებთ ძალიან სუსტი მონაცემები აქვს, თუმცა იმ დროს მეგონა, რომ ხელში მაღალი ტექნოლოგიური განვითარების ნიმუში მეჭირა.
მახსოვს ექსკურსიაზე ვიყავი, რა თქმა უნდა, ჩემს ფოტოაპარატთან ერთად. ერთ მომენტში ჩემი მეგობრები ბორცვზე ავიდნენ, მე კი ქვემოთ დავრჩი ორ კამერასთან ერთად, რომ ეს ,,მნიშვნელოვანი’’ მომენტი ქვემოდან დამეფიქსირებინა. ერთდროულად ვერ ვახერხებდი ორივე კამერით გადაღებას, მე კი გადავწტვიტე, რომ კადრში ერთდროულად ორივე კამერას მიეღო მონაწილეობა. ამიტომ მეგობრის კამერის ეკრანს ჩემი ფოტოაპარატით გადავუღე. ეს არ ყოფილა ახალი ველოსიპედის გამოგონება, არც რამე განსაკუთრებული კადრი, თუმცა ეს მომენტი პირადად ჩემთვისაა მნიშვნელოვანი რადგან, ვფიქრობ, ამ მომენტში აღმოვაჩინე კავშირი ჩემსა და ფოტოგრაფიას შორის. ახლა რომ ვფიქრობ, ამის მიზეზი შეიძლება ის იყო, რომ პირველად გავიაზრე რამხელა თავისუფლებას და ,,ძალაუფლებას’’ მანიჭებდა კამერის ჭერა – შემეძლო კადრების თავდაყირა დაყენება, შეცვლა, სრულიად ახალი გამოსახულების შექმნა და სიახლის აღმოჩენა.“
სწორედ ამ დღიდან ინა განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებდა ფოტოს გადაღებას. ცდილობდა, ერთი და იგივე კადრი რაც შეიძლება ბევრი განსხვავებული რაკურსით გადაეღო. უღებდა ყვავილებს, ხეებს, ღრუბლებს, შენობებს, ყველაფერს, რაც კი მოეწონებოდა. თანდათან ხვდებოდა, რომ აქამდე თუ ფოტოებს მხოლოდ ლამაზი კადრების გამო იღებდა, ახლა მათში შინაარსს ხედავდა. გაიაზრა ისიც, რომ იღებს არა იმიტომ, რომ სურვილი აქვს გადაღების, არამედ იმიტომ რომ ეს მისი მოთხოვნილებაა. რაც შეეხება იმას, თუ რისი გადაღება მოსწონს ყველაზე მეტად, ამბობს, რომ გადაღების პროცესი უფრო მოსწონს, ხოლო შედეგი მის ხასიათზე და სიტუაციაზეა დამოკიდებული.
„ზოგადად, მიყვარს დეტალებზე ორიენტირება და მიჭირს საგნების ან მოვლენების ფართო რაკურსით აღქმა. თუკი ჩემს წინ უზარმაზარი სივრცეა, სავსე მრავალფეროვანი ობიექტებით და საგნებით, როგორც წესი, უპირატესობას მივანიჭებ არა მთლიანი კადრის, არამედ რომელიმე კონკრეტული ობიექტის ან დეტალის დაფიქსირებას. ჩემთვის ჩემი თითოეული კადრი ფილმის ნაწილია, ოღონდ – არარსებული ფილმის. ზოგჯერ ფოტოებს განსხვავებულ პიროვნებადაც აღვიქვამ. ამიტომ მგონია, რომ ფოტოების გაზიარებით ჩემს ნაწილსაც ვაზიარებ, რომელიც ხშირად მირჩევნია, უხილავი იყოს. შეიძლება კონკრეტული ემოციები მხოლოდ ჩემთვის იყოს ხილული და სხვამ ამ ფოტოში სულ სხვა რამ დაიჭიროს, თუმცა არც ეს მაბრკოლებს. არ ვთვლი საჭიროებად მაყურებელმა ყველაფერი ისე წაიკითხოს, როგორც ეს ავტორს ჰქონდა ჩაფიქრებული. მივესალმები ინტერპრეტაციას, რადგან ჩემთვის ბევრად უფრო სასიამოვნოა, თუკი ადამიანები ფოტოებში თავიანთ ნაწილსაც დაინახავენ და მათ პირად ემოციებს დაუკავშირებენ. ამიტომ ჩემი ფოტოების მესიჯი ემოციებია.“
მის სამომავლო გეგმებზე, ფოტოგრაფიის მიმართულებასთან დაკავშირებით, ინა შემდეგნაირად გვპასუხობს:
„ყველაფერი იმდენად ცვალებადია, რომ არ მიყვარს გრძელვადიანი პერსპექტივით რაღაცების დაგეგმვა და წინასწარ ლაპარაკი. ამ ეტაპზე ის შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრება გარკვეული კუთხით მუდმივად იქნება მომავალში დაკავშირებული ფოტოგრაფიასთან, მაგრამ მიჭირს იმის თქმა, თუ რა სახით. მინდა, რომ ფოტოგრაფია უფრო პროფესიულ დონეზე შევისწავლო, პრაქტიკასთან ერთად თეორიული ცოდნაც მივიღო და განვითარებასთან ერთად, გამოვიყენო ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც ამ გზაზე შევხვდები.“
ავტორი: მარიამ ქობალია