ხელოვნური ინტელექტი ლექტორს ვერასოდეს ჩაანაცვლებს – რას ფიქრობენ პროფესორები ინოვაციურ ასისტენტზე

განათლება

თანამედროვე უმაღლესი სკოლები ტექნოლოგიური რევოლუციის გამოწვევების წინაშე დგანან. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები წარმატებით იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს არა მხოლოდ სასწავლო პროცესებში, არამედ სამეწარმეო საქმიანობის დაგეგმვაშიც. ეს პროცესი აკავშირებს სასწავლო სამეცნიერო სფეროს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებთან.

რა ხდება ამ კუთხით საქართველოში და როგორია ქართველ პროფესორ-მასწავლებელთა მზაობა ინოვაციური ტექნოლოგიური პლატფორმის, როგორც დამხმარე ასისტენტის გამოყენებისთვის? ამ საკითხის შესახებ სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალი „განათლების მეცნიერება“ აქვეყნებს კვლევას „ქართველ პროფესორ-მასწავლებელთა მზაობა ინოვაციური ტექნოლოგიური პლატფორმის, როგორც დამხმარე ასისტენტის გამოყენებისთვის“, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტის 113 პროფესორ-მასწავლებლის მოსაზრებებია შესწავლილი.

კვლევის ავტორი გახლავთ მაია ნონიაშვილი, კვლევის პერიოდად შერჩეული იყო  2019 წლის ნოემბერი – დეკემბერი. გამოკითხვაში მონაწილეობდა 113 პროფესორ- მასწავლებელი.

2020 წლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 31 ავტორიზებული უნივერსიტეტი, მათ შორის 13 სახელმწიფო, ხოლო 18 კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულება. კვლევისთვის შერჩეულ იქნა საერთო რაოდენობის 20% – შესაბამისად 6 უნივერსიტეტი, მათ შორის 3 სახელმწიფო, ხოლო 3 კერძო. უნივერსიტეტების შერჩევის დროს, გათვალისწინებულ იქნა სტუდენტების რაოდენობა სასწავლო დაწესებულებაში. კვლევისთვის მნიშვნელოვანი იყო, დაგვედგინა იმ პროფესორ-მასწავლებლების დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომლებსაც, სასწავლო პროცესის ფარგლებში, უწევდათ სტუდენტების შედარებით დიდ რაოდენობასთან ურთიერთობა.

კვლევაში მონაწილე უნივერსიტეტების ჩამონათვალი: სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; შპს – საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი; შპს – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

რაოდენობრივი კვლევის შედეგები

პირველ კითხვაზე, თუ რამდენად იცნობდნენ  ციფრული ტექნოლოგიების, კერძოდ კი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არსებულ ტექნოლოგიურ პლატფორმას, პროფესორთა უმრავლესობამ  (77)  უპასუხა, რომ იცნობენ მსგავს პლატფორმას, თუმცა იმ 26 ლექტორს შორის, რომლებმაც კონკრეტული დეტალები არ იცოდნენ, არსებობდა ცნობადობა მსგავსი პლატფორმის არსებობის შესახებ. 113 გამოკითხულიდან, მხოლოდ 10 პროფესორს არ ჰქონდა ინფორმაცია ამ ინოვაციის შესახებ.

რაც შეეხება ინოვაციური ტექნოლოგიური პლატფორმის, იგივე ციფრული ასისტენტის გამოყენების მიზანშეწონილობას სწავლების პროცესში, გამოკითხულ პროფესორთა უმრავლესობა (73) მიზანშეწონილად მიიჩნევს მის დანერგვა/გამოყენებას, კვლევის 28 მონაწილე არც ეთანხმება და არ უარყოფს, ხოლო 12 არ მიიჩნევს მიზანშეწონილად აღნიშნულს.  საინტერესოა, რომ პლატფორმის სწავლებისთვის გამოყენების მომხრეთა რაოდენობა 73-დან 85-მდე იზრდება  პასუხებში კითხვაზე − თავად  გამოიყენებდნენ თუ არა ხსენებულ ან მსგავს პლატფორმას საგანმანათლებლო საქმიანობისას. ამ კითხვაზე არ აქვს პასუხი 17 რესპონდენტს, მხოლოდ 11 პროფესორს არ სურს პლატფორმის გამოყენება, რაც შემდგომ ღია კითხვებიდან შეგვიძლია გავაანალიზოთ.

კვლევაში მონაწილე  პროფესორ-მასწავლებლების მაჩვენებელი, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას, თვლიან მიზანშეწონილად და აქვთ ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენების სურვილი, არის ბევრად მაღალი ვიდრე იმ აპლიკანტების, რომლებსაც არ აქვთ ინფორმაცია ან სურვილი გამოიყენონ მსგავსი დამხმარე საშუალებები სწავლების პროცესში. ის საკითხი, რომ გამოკითხულთა 9% არ ფლობს ინფორმაციას ტექნოლოგიური პლატფორმის, როგორც დამხმარე საშუალების შესახებ მიგვითითებს დამატებითი აქტივობების (ტრენინგების, მასტერკლასების, პრაქტიკული სემინარების) საჭიროების არსებობაზე. დიდი ალბათობით, შესაძლებელია ინფორმაციის სათანადო სახით მიწოდების შემთხვევაში, ამ ეტაპზე მოწინააღმდეგეთა ეს რაოდენობაც უჭერდეს მხარს ტექნოლოგიური პლატფორმის (ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით) დანერგვას სწავლების პროცესში.

თვისებრივი კვლევის შედეგები

კვლევის თვისებრივ ნაწილში, კვლევაში მონაწილე აპლიკანტებს კითხვართან ერთად ნებაყოფლობით ჰქონდათ საშუალება, როგორც ექსპერტებს გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრება ინოვაციურ ტექნოლოგიურ პლატფორმასთან მიმართებაში, ოთხმა მათგანმა დააფიქსირა, რომ კარგი იქნებოდა მეტი ინფორმაციის ფლობა მსგავს ტექნოლოგიებზე.

ექსპერტთა უმრავლესობა მიესალმება ინოვაციური ტექნოლოგიური პლატფორმის ამ სახით დანერგვას. ისინი თვლიან, რომ პლატფორმა მენტორს  გაუადვილებს სამუშაოს და დაუზოგავს დროს, განსაკუთრებით, როდესაც პროფესორს მოსამზადებელი აქვს ტესტები სტუდენტებისთვის, სტუდენტების რაოდენობა კი მათივე თქმით, ხშირად  200-ს აღემატება, შესაბამისად,  “ხელოვნური ინტელექტი”  მოამზადებს ამ მასალას, რაც განაპირობებს მენტორის დროის დაზოგვას.

ბევრი მათგანი ხელოვნური ასისტენტის გამოყენებას მხოლოდ შერეული ტიპის ლექციებისთვის თვლის მიზანშეწონილად. ერთმა მათგანმა აღნიშნა კიდეც, რომ კურსის ჩასატარებლად  შერეული ტიპის მეთოდოლოგიის დანერგვა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა როგორც ადამიანური კაპიტალის, ისე ინოვაციური ტექნოლოგიური  კაპიტალის გამოყენებით.

სხვა სახით ჩამოაყალიბა პასუხი ერთ-ერთმა რესპონდენტმა – „სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების დამკვიდრება არის სასიცოცხლოდ აუცილებელი. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება განაპირობებს სასწავლო პროცესში დროითი ფაქტორის ეფექტიანობას. ამასთან, უნდა დავიცვათ “ზომიერება”, რომ სრულიად არ განვდევნოთ სტუდენტისა და აკადემიური პერსონალის ურთიერთობების ფორმატიდან „ცოცხალი“ ემოციური ფაქტორის პოზიტიური ეფექტი“.

ბევრმა რესპონდენტმა სისტემა ეფექტიანობის კუთხითაც შეაფასა. აღინიშნა, რომ „პროცესების ავტომატიზაცია, სადაც ამის შესაძლებლობა არის, გაზრდის ეფექტიანობას, ამის ხარჯზე გამოთავისუფლებული რესურსი დაიხარჯება უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე“.

გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ციფრული დამხმარე განსაკუთრებით მისაღებია ტესტებისა და საშინაო დავალებების  გასწორების, შეფასების, სტანდარტულ მესიჯებზე პასუხის გაცემისა და სისტემაში ქულების  შეყვანის ავტომატიზაციისთვის.

აპლიკანტებიდან მხოლოდ ერთი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტი ლექტორს ვერასოდეს ჩაანაცვლებს. ერთი მათგანი კი მიესალმება ინოვაციის დანერგვას, მისთვის ინოვაციური სწავლების პლატფორმის ფუნქციები მისაღებია და სასურველია მისი დანერგვა სწავლების პროცესში, თუმცა მიაჩნია, რომ ლექციის ახსნის პროცესის ჩანაცვლება ხელოვნური ინტელექტით დადებითი შედეგის მომტანი არ იქნება.

სამი რესპონდენტი ნაადრევად მიიჩნევს პლატფორმის დანერგვას ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში. მიზეზად კი  ნაკლებად მოტივირებულ სტუდენტთა კონტინგენტს ასახელებენ, თუმცა სამივე მათგანი აღნიშნავს, რომ პროცესი გარდაუვალია და ემხრობა მომავალში მის დანერგვას.

ბევრმა პროფესორმა რჩევების სახით დაამატა, რომ ინოვაციური სწავლების მეთოდები განათლების სისტემაში უნდა დაინერგოს, თუმცა გასათვალისწინებელია სწავლების საფეხური, რადგან სწავლების ადრეულ საფეხურზე პლატფორმის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

ასევე, ერთერთ პროფესორს, რომელიც კურსიდან გამომდინარე უკვე იყენებს მსგავს შერეულ ფორმატს, მიაჩნია, რომ არის ისეთი საგნები, სადაც აღნიშნული მეთოდი ნაკლებად გამოავლენს სტუდენტის ცოდნას. რამდენიმე პროფესორ-მასწავლებელს  კონკრეტული ტექნიკური რჩევაც ჰქონდა. მაგალითად: მოხდეს წინა წლების შეცდომების ბანკის გენერირება და  ტიპური შეცდომების ჩვენება ლექციის და სემინარის ჩატარებისას.

რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ პლატფორმა ასევე აქტიურად  უნდა იქნეს გამოყენებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სასწავლო პროცესის გასამარტივებლად და მათ საჭიროებებზე უკეთ მოსარგებად.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები