როგორ მოვამზადოთ ეფექტური CV

დასაქმება


თუ კარგი CV-ს შექმნით ხართ დაინტერესებული, მაშინ წინასწარვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა, რომელიც დიდ კონცენტრაციას მოითხოვს. კარგი CV არის მარტივი, თუმცა პროფესიონალურ დონეზე შესრულებული, დეტალური, მაგრამ არა ძალიან გრძელი. მასში შეცდომები არ უნდა იყოს. სამუშაოს მაძიებელს ასეთი CV ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს. ყოველივე ამის გაკეთებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, მაგრამ შედეგი ამად ღირს.

მიზანი

მიზანი, ალბათ, ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადებაა თქვენ რეზიუმეში. იგი მოსდევს საკონტაქტო ინფორმაციასა და CV-ს ავტორის სახელს და უნდა იყოს დაწერილი ისე, რომ წამკითხველის ყურადღება მყისიერად მიიქციოს. ბევრი პროფესიონალის აზრით, მიზანი უნდა იყოს ერთი წინადადებით გადმოცემული და არ უნდა იყოს ძალიან გრძელი. არასდროს არ გამოიყენოთ მიდგომა „ერთი მიზანი ყველაფრისათვის“, რადგან ეს აღიქმება სამსახურისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებად. გაწერეთ მიზანი იმ კონკრეტული ორგანიზაციისა და პოზიციის შესაბამისობაში, რომელზეც განაცხადს აკეთებთ.

განათლების შესახებ

ზოგადად, სტანდარტული ფორმატის რეზიუმეში, განათლებაზე ინფორმაცია პირდაპირ მოსდევს მიზანს, მაგრამ არ არის აუცილებელი ამ ფორმატის ზუსტად დაცვა, მთავარია, სტრუქტურულად ჯერ მიზნები ჩამოაყალიბოთ და განათლებაზე შემდგომ დაწეროთ. დაარქვით მას განათლების აღმნიშნავი სათაური და ინფორმაციას სიის სახით ნუ ჩამოთვლით. აღნიშნეთ მხოლოდ ის ხარისხები, რაც მიგიღიათ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩამონათვალი ქრონოლოგიურად დაალაგოთ და პირველ რიგში უახლესი ინფორმაცია დაწეროთ და შემდგომ სხვა დანარჩენი, სკოლის ჩათვლით. თუ გაქვთ გავლილი თქვენთვის საინტერესო სპეციალური სასწავლო კურსები, მაშინ დაწერეთ ისინიც ამავე სათუარის ქვეშ.

სამუშაო გამოცდილება

მას შემდეგ, რაც დაწერთ თქვენი განათლების შესახებ, გადადით სამუშაო გამოცილებაზე, დაასათაურეთ და ჩამოთვალეთ სამუშაო გამოცდილება. აქაც, როგორც განათლების შემთხევაში, თავდაპირველად უახლესი სამუშაო გამოცდილება მიუთითეთ და პირველი სამსახური ბოლოში დაწერეთ. აღნიშნეთ მუშაობის პერიოდი, ორგანიზაცია და პოზიცია, რომელსაც ამ სამსახურში იკავებდით.

მიღწევები

გახსოვდეთ, რომ ყველა სეგმენტს თავისი სათაური სჭირდება და ამის გარეშე რეზიუმე მოუწესრიგებლად გამოიყურება. სამუშაო გამოცდილებას მიღწევებისა და უნარების სექცია მოსდევს. ამ ნაწილში უნდა დაწეროთ იმაზე, თუ რას მიაღწიეთ სამსახურის გარდა. შეგიძლიათ, CV-ს დაამატოთ ველი „სერტიფიკატები“, „ჯილდოები“ და სხვა მსგავსი სეგმენტები, რაც თქვენს უნარ-ჩვევებს წარმოაჩენს.

ჰობი

თუ თვლით, რომ თქვენი ჰობი შეესაბამება ვაკანსიის შინაარსს, აუცილებლად აღნიშნეთ ამის შესახებ. შესაძლოა განათლება იმ პროფილით გქონდეთ მიღებული, რაც სრულად განსხვავდება სამუშაოს სპეციფიკიდან, თუმცა თქვენი ჰობი იყოს მასთან საკმაო კავშირში. ამით ბევრად უფრო გაზრდით თქვენი დასაქმების შანსს.

ფორმატი

CV-ის შედგენა შესაძლებელია როგორც Word-ში, სადაც თქვენი სურვილის მიხედვით ქმნით განლაგებას და დიზაინს, ასევე გამზადებულ ფორმატში, რომელსაც არაერთი ვებ-გვერდი გვთავაზობს. დღეისათვის ყველაზე პოპულარულ ფორმად europass-ის ფორმა ითვლება, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები