რა არის ფრილანსერობა და რა უპირატესობა აქვს მას

დასაქმება

ფრილანსერობა იგივეა, რაც შტატგარეშე თანამშრომლად მუშაობა. იგი დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. მიზეზი მარტივია – ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა იპოვონ კომპანიები და აკეთონ მათთვის სასურველი საქმე, ხშირ შემთხვევაში სახლიდან გაუსვლელად. ამასთან, ისინი ზოგავენ დროს, ენერგიასა და თანხებს, რასაც ოფისში სიარული მოითხოვს. თუმცა, გარდა აღნიშნული ფაქტორებისა, მას ბევრი სხვა უპირატესობაც გააჩნია.

1. ფრილანსერობისთვის არ არის აუცილებელი უმაღლესი განათლება ან კონკრეტული პროფესიის ქონა, რასაც დღეს თითქმის ყველა კომპანია ითხოვს.

ნებისმიერი ასაკის და განათლების მქონე ადამიანს შეუძლია იპოვოს კომპანია, რომლისთვისაც გარკვეულ სამუშაოს შეასრულებს. იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა ფრილანსერს არ ჰქონდეს უმაღლესი განათლება, მას შეუძლია დამსაქმებელს შესთავაზოს ტექსტების თარგმნა, პრეზენტაციების მომზადება, სტატიების წერა და ა.შ. შესაბამისად, აუცილებელი მოთხოვნა არის არა ის, რომ ფრილანსერი კონკრეტული პროფესიის იყოს, არამედ ის, რომ მას შეეძლოს დამსაქმებლისთვის სასურველი სამუშაოს შესრულება.

2. ფრილანსერებს ხშირად უფრო მეტი ანაზღაურება აქვთ, ვიდრე იმავე პოზიციაზე დასაქმებულ პირებს, რომლებიც ოფისში მუშაობენ

კვლევებმა აჩვენა, რომ ფრილანსერები 1.5-ჯერ მეტ შემოსავალს იღებენ, ვიდრე ოფისში მომუშავე პირები, იმის მიუხედავად, რომ მათ მიერ შესრულებული სამუშაო თითქმის იდენტურია. მათ არ ეხარჯებათ თანხა მგზავრობაში, კვებასა თუ ოფისისთვის საჭირო გადასახადებში.

3. ფრილანსერად მუშაობა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. 

ხშირად სამსახურის ძიების პროცესში მნიშნელოვან საკითხს წარმოადგენს ოფისის ადგილმდებარეობა. რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს არ შეუძლიათ დიდ ქალაქებში საცხოვრებლად გადასვლა, იმის მიუხედავად, რომ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ, რასაც სამუშაოს სპეციფიკა მოითხოვს, ამიტომ უწევთ უარი თქვან მასზე. ფრილანსერობის შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია, იმუშაო არა მხოლოდ რეგიონიდან ქალაქში და პირიქით, არამედ მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეშიც კი.

4. ფრილანსერებს აქვთ თავისუფალი გრაფიკი

ბევრი ადამიანისთვის დისკომფორტს წარმოადგენს სტანდარტულად, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე მუშაობა. ფრილანსერებს კი აქვთ შესაძებლობა უარი თქვან დილით ადრე გაღვიძებაზე, თუ მათთვის ეს დისკომფორტს წარმოადგენს და სამუშაოს შესრულება დაიწყონ იმ დროს, როცა მათთვის უფრო ხელსაყრელია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც საღამოს საათებში უფრო პროდუქტიულები არიან, შესაბამისად თუ ფრილანსერი გადაწყვეტს, რომ საღამოს ურჩევნია მუშაობა, ამაში არავინ არ შეეწინააღმდეგება.

5. ფრილანსერებს ხშირ შემთხვევაში 2 ან მეტი სამსახური აქვთ

იქედან გამომდინარე, რომ ფრილანსერები თავად ადგენენ საკუთარ გრაფიკს, მათ შეუძლიათ დრო ისე გადაანაწილონ, რომ რამდენიმე სამუშაო შეასრულონ. ეს მათ ეხმარებათ, როგორც გამოცდილების დაგროვებაში, ასევე კარიერულ განვითარებასა და მეტი თანხის გამომუშავებაში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები