ხელოვანი სტუდენტები აფხაზეთიდან – მათი შემოქმედება და სამომავლო გეგმები

სტუდენტური სახე

აფხაზეთი თითოეული ქართველისთვის დიდი ტკივილია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არსებული ვითარებიდან გამომდინარე ამ მხარის დატოვება მოუხდა. მიუხედავად ამისა, იმედი ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისა და ძველი ერთობის აღდგენისა დღითიდღე ღვივდება. ამ საქმეში კი ახალი თაობის წვლილს ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავენ.

სწორედ ამიტომ STUDINFO.GE იმ სტუდენტებით დაინტერესდა, რომლებიც ამ ულამაზესი მხარის წარმომადგენლები არიან. ახლა მოგიყვებით ამბავს ნიჭიერ სტუდენტებზე აფხაზეთიდან, რომლებმაც დაუღალავი შრომის შედეგად აქამდე მოსასვლელად არც თუ ისე იოლი გზა გაიარეს.

რა ადგილი უჭირავს მათ ცხოვრებაში ხელოვნებას, როგორ ვითარდებოდნენ ამ კუთხით და როგორ აისახა მათ შემოქმედებაში აფხაზეთის თემა, ამას აღნიშნულ სტატიაში წაიკითხავთ.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

ელზა ციკოლია – 19 წლის სტუდენტია აფხაზეთიდან. მან დაამთავრა სოფელ ზემო ბარღების საშუალო სკოლა, ხოლო ამჟამად არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებას ეუფლება საქართველოს უნივერსიტეტში. ელზას თქმით, მისი საყვარელი საქმიანობა, ჰობი და სამომავლო პროფესია სწორედ სახვით ხელოვნებასთანაა დაკავშირებული.

„ოჯახის წევრებს დიდად არ გაკვირვებიათ ბავშობიდანვე ჩემში სახვითი ხელოვნების მიმართ ნიჭის აღმოჩენა, რადგან მშობლებიც კარგად ხატავენ, განსაკუთრებით მამა, რომელიც ჩემი მისაბაძი მაგალითი იყო ბავშობიდან, ამასთან – ყველაზე დიდი კრიტიკოსიც. მსიამოვნებს ის ფაქტიც, რომ შემდგომში იმ ადამიანთან ვსწავლობდი ორი წელი, რომელიც თავის დროზე, მამაჩემსაც ასწავლიდა ხატვას.“

ელზას ხატვა ბავშვობიდან უყვარდა და ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ხატვას სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული, უდიდესი ადგილი უჭირავს.

„შეიძლება ითქვას, რომ თვითნასწავლი ვიყავი. მეათე კლასში გავიგე, რომ ქალაქ გალში ასწავლიდნენ ხატვას, მაგრამ ასაკი არ მიწყობდა ხელს, ვინაიდან ჩემი ასაკის მოსწავლეები უკვე ამთავრებდნენ სამხატვრო სკოლას, მაგრამ მაინც ვცადე.“

ცდამ ნამდვილად გამოიღო შედეგი, სამხატვრო სკოლის დირექტორს იმდენად მოეწონა მისი ნამუშევრები, რომ სამხატვრო სკოლაში დაუყოვნებლივ მიიღო. ელზა მიიჩნევს, რომ ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიუღია, სწორედ სამხატვრო სკოლაში მისვლა იყო.

„ხატვა ფანქრით მიყვარდა, ვერიდებოდი ფერებით მუშაობას. სამხატვრო სკოლამ კი მიბიძგა, რომ ასეც მეცადა ხატვა. ახლა ვცდილობ, შეძლებისდაგვარად ფერწერაც ავითვისო.“

როგორც თავად ამბობს, მას საკმაოდ ბევრ გამოფენაში მიუღია მონაწილეობა, როგორც გალში, ზუგდიდში, თბილისში, ასევე საზღვარგარეთაც.

„მონაწილეობა მიმიღია აფხაზეთის თემატიკაზე განხორციელებულ გამოფენებშიც. ყველა არა, თუმცა რამდენიმე ნამუშევარი, რომელიც აფხაზეთის თემაზეა შექმნილი შავ-თეთრ ფერებში გადმოვეცი. ალბათ, ჩემს განცდებს ასე უფრო ავსახავ.“

არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის არჩევის ნაბიჯი, სწორედ ხელოვნების სიყვარულმა გადაადგმევინა. ელზა ფიქრობდა, რომ გამოცდილების გათვალისწინებით, ამ მიმართულებაზე სწავლა გაუმარტივდებოდა.

„ახლა უკვე მესამე კურსის სტუდენტი ვარ და აბსოლუტურად არ ვნანობ ჩემ მიერ 16 წლის ასაკში მიღებულ ამ გადაწყვეტილებას. უნივერსიტეტისგან თავისუფალ დროს ისევ ვხატავ პორტრეტებს, ამჯერად ფერებსაც არ ვუშინდები და ვვითარდები. არ ვაპირებ გაჩერებას ერთ ადგილას. ჩემს ახლანდელ ცოდნას, წინა წლებისას რომ ვადარებ, ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ზღვაში წვეთი იყო. მეტი შემიძლია და თავდაუზოგავი შრომის შედეგად, საბოლოოდ, მიზანს აუცილებლად მივაღწევ.“ 

ელენე გვაგვალია – 21 წლის სტუდენტია, გალის რაიონის სოფელ საბერიოდან. დაამთავრა საბერიოს მეორე საშუალო სკოლა, ხოლო ამჟამად სწავლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე.

ელენე გვიყვება, რომ ხატვას მის ცხოვრებაში ბავშვობიდან დიდი ადგილი უჭირავს, თუმცა 13 წლის ასაკში იყო ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც მონდომებულად შეუდგა სწავლას.

”13 წლის ასაკში სხვანაირი მოტივაციით შევუდექი თვითსწავლას და ვცდილობდი ხელოვნების წიგნებიდან და ინტერნეტიდან, იუთუბის ტუტორიალებიდან მესწავლა სხვადასხვა რაღაცის ხატვა. ვიჩემებდი ხოლმე ერთ კონკრეტულ ფიგურას ან საგანს და ვხატავდი განმეორებით, სანამ იმ შედეგს არ მივაღწევდი, როგორიც მე მინდოდა რომ ყოფილიყო.“

მისი თქმით, ხატვა გარდატეხის ასაკში სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ სამყაროს სხვა თვალით დანახვა და რაიმე ახლის აღმოჩენა უნდოდა.

„უკვე იმ ასაკში ვიყავი, როცა ვაანალიზებდი ჩემს ირგვლივ არასასურველ რეალობას. მინდოდა საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ სხვანაირი ფერებით შემეძლო ამ ყველაფრის დანახვა და ტკივილი იქნებოდა ეს თუ სევდა, ნახატებით მომეყოლა და გამექარწყლებინა.“

ელენე ამბობს, რომ აფხაზეთში ცხოვრება დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული და უბრალოდ შეუძლებელია ამ გამოცდილების შემდეგ არ გქონდეს ყველაფრის შეცვლის სურვილი. სწორედ ამიტომ, ის სევდა და ტკივილი, რომელსაც ნახატების მეშვეობით გადმოსცემდა, ყოველთვის დიდ წნეხთან იყო დაკავშირებული.

„პირდაპირ სიმბოლური ნახატების შექმნა არასდროს მიყვარდა. უმეტესწილად ვხატავდი ადამიანების სახეებს, შეშინებული, სევდიანი და მონატრებით სავსე თვალებით. ვფიქრობდი, რომ ეს საუკეთესო გზა იყო ემოციების გამოსახატად. თუმცა არის ერთი ნახატი, რომელიც შემთხვევით შევქმენი. დავიწყე სახლის და ბუნების ხატვა, მინდოდა ჩემი სახლი დამეხატა, და ბოლოს ბუნებასთან შერწყმული მტირალა გოგო გამომივიდა, რომელიც ვფიქრობ, ჩემს ქვეცნობიერში ყოველთვის იყო. ეს ნახატი ყველაზე მეტად გამოხატავს ჩემს დამოკიდებულებას და სიყვარულს ჩემი აფხაზეთის ბუნების და სახლის მონატრების მიმართ.“

ელენეს კარიერა ამჟამად ბიზნესისა და ფინანსების სფეროს უკავშირდება, თუმცა ეს ხელს არ უშლის, რომ ახალი რაღაცები სცადოს. იგი ამჟამად იბსუ-ს დამამთავრებელი კურსის  სტუდენტია, მაგრამ ამავდროულად ჩაბარებული აქვს არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებაზე საქართველოს უნივერსიტეტში.

„ვგეგმავ, რომ დავეუფლო გრაფიკულ დიზაინს და შევქმნა ძალიან ბევრი თემატური მასალა, ჩემი ოცნებაა ისეთი ანიმაციის შექმნა, რომელიც პირდაპირ გადმოსცემს ჩემი აფხაზეთში ცხოვრების ბედნიერ და ამავდროულად ნაღვლიან დღეებს. წელს ვამთავრებ უნივერსიტეტს, თუმცა ჩაბარებული მაქვს არქიტექტურის ფაკულტეტზე, რაც ჩემთვის სწორედ შემოქმედებასთან ასოცირდება, მინდა “დავხატო” და შევქმნა თბილი სახლები ადამიანებისთვის. ისეთივე თბილი, როგორიც ჩემია აფხაზეთში.”

თანდილა გოგოხია – 18 წლის სტუდენტია, რომელიც აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშენებელო ფაკულტეტზე სწავლობს. წარმოშობით გალის რაიონის სოფელ ლეკუხონიდანაა, სკოლაც იქ დაამთავრა. იგი ღრმა ბავშვობიდან ხატავდა, ხოლო ნაკეთობებზე მუშაობა 12 წლის ასაკიდან დაიწყო.

„ნაკეთობების კეთების მთავარი ინსპირაციის წყარო იყო ვიდეობი იუთუბიდან, რომელთა ყურების შემდეგ, გამიჩნდა იმის სურვილი, რომ მსგავსი სახის ნამუშევრები მეც შემექმნა.“

თავდაპირველად ხელოვნებას ისე უყურებდა, როგორც ჰობის, საქმეს, რომლის კეთებაც უბრალოდ სიამოვნებას ანიჭებდა. თუმცა დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ ხელოვნების გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და ეს სფერო სამომავლო პროფესიას დაუკავშირა.

„როდესაც სამშენებლო სფეროს ვირჩევდი, ამ მხრივ დიდი როლი ითამაშა ჩემი ხაზვის და ხატვის მიმართ სიყვარულმა, ასევე დიდი სურვილი მქონდა მაკეტირების სწავლის. ვიცოდი, რომ გარკვეული გამოცდილების ქონის გამო ამ სფეროზე სწავლა არ გამიჭირდებოდა.“

როგორც აღმოვაჩინეთ, მან აფხაზეთის თემა თავის ხელნაკეთ ნამუშევარში ცოტა განსხვავებულად ასახა.

„აფხზეთი, უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის ასოცირდება სახლთან, ჩემს ეზოსთან, სადაც თავს ყოველთვის ბედნიერად ვგრძნობ. ამიტომაც ავაწყვე ეზო, ასანთის ღეროებისგან ავაშენე სახლი, რაც საკმაოდ შრომატევადი იყო, მაგრამ შედეგი ამად ღირდა.“

გარდა ამისა, თანდილა გატაცებულია კედლებზე გრაფიტის ხატვით და ფიქრობს, რომ სამომავლოდ ამ სფეროშიც განავითარებს თავს.

„უპირველეს ყოვლისა, ჩემი მთავარი მიზანია უნივერსიტეტის წარმატებით დასრულება. ნაკეთობებზე მუშაობას სამომავლოდაც აუცილებლად გავაგრძელებ. ვაპირებ, რომ გრაფიტის მიმართულება უკეთ შევისწავლო. ვნახოთ, მომავალში რა როგორ იქნება.“

ქრისტინე ყოლბაია – 19 წლის სტუდენტია გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯიდან. დაამთავრა ჭუბურხინჯის მეორე საშუალო სკოლა, ამჟამად სწავლობს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების მესამე კურსზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

„ხატვისადმი სიყვარული საკმაოდ პატარა ასაკიდან აღმოვაჩინე ჩემში. ერთი სული მქონდა როდის დადგებოდა ოთხშაბათი დღე, რომ ხატვის მასწავლებლისთვის ჩემი ნამუშევრები მეჩვენებინა, რომლებსაც მთელი კვირის განმავლობაში ვხატავდი. ძირითადად, მულტფილმების გმირებს ვხატავდი, ძალიან მიყვარდა მულტფილმის ,,ბემბი“პერსონაჟების ხატვა.“

ქალაქ გალის სამხატვრო სკოლაში დაახლოებით მეშვიდე კლასის პერიოდში შეიყვანეს. სკოლა ოთხწლიანი იყო და ქრისტინემ საკმაოდ წარმატებულად დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა სახვითი ხელოვნების მიმართულებით არ გაუგრძელებია, თვლის, რომ ეს სფერო ბევრ რამეში დაეხმარა.

„ხელოვნებისადმი სიყვარული მეხმარება დავინახო ის დეტალები, რასაც სხვები ვერც კი ამჩნევენ, დამეხმარა დამენახა სილამაზე იქ, სადაც აქამდე ვერ ვამჩნევდი და ზოგადად, მგონია,რომ ხელოვნება გვეხმარება ავსახოთ ჩვენი განცდები და პიროვნული თვისებები ჩვენს ნამუშევრებში.“

როგორც გავიგეთ, აფხაზეთის თემის ნამუშევრებში ასახვა ქრისტინესთვის უცხო ნამდვილად არ არის. ისევე, როგორც სამხატვრო სკოლაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამ თემასთან დაკავშირებით უამრავი ნამუშევარი მიუძღვნია.

„დაგვიხატავს დედა, რომელიც შვილს საომრად აცილებს ან დედა, რომელიც საომრად წასულ შვილს ელოდება, მაგრამ მაინც ვცდილობდი, რომ აფხაზეთთან დაკავშირებული თემები ნათელ ფერებში დამეხატა და რაიმე პოზიტიური შემექმნა.“

ქრისტინეს სამომავლო გეგმები, უპირველეს ყოვლისა, უმაღლესი სასწავლებლის წარმატებასთანაა დაკავშირებული, ხოლო სახვითი ხელოვნების მიმართულების კუთხით მოღვაწეობაზე შემდეგნაირად გვპასუხობს::

„რაც შეეხება შემოქმედებით მხარეს, კერძოდ, ხატვას, სამწუხაროდ, ბოლო დროს აღარ ვხატავ ისეთი ინტენსიურობით, როგორც ადრე და იმედია, რომ ამ მხრივაც დავხვეწავ ჩემს თავს და სასურველ შედეგს მივიღებ.“

ავტორი: მარიამ ქობალია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები