რას კითხულობენ დღევანდელი ახალგაზრდები? – საყვარელი წიგნები და ავტორები

საინტერესო ფაქტები

კითხვას ადამიანის ცხოვრებაში რომ დიდი ადგილი უჭირავს ამაზე არა ერთი თქმულა და ითქმება. საინტერესო ისაა სტუდენტების/ახალგაზრდების ცხოვრებაში რა როლი აქვს კითხვას?

მუდმივად შეხვდებით ახალგაზრდებს წიგნით ხელში ქუჩებში, ტრანსპორტსა თუ სკვერებში (ნაგულისხმებია პანდემიამდე პერიოდი, ავტ.). წიგნის ბაზრობებსაც არაერთი ახალგაზრდა სტუმრობს. მიუხედავად ამისა, მუდმივად ისმის კრიტიკა მათი განათლების დონისა და კითხვისადმი სიყვარულის არქონის კუთხით.

რას კითხულობენ ისინი თავისუფალ დროს? ვინ არის მათი საყვარელი ავტორი და რომელია მათი საყვარელი წიგნი? ამ კითხვებით STUDINFO.GE-მ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმართა.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

მარიამ გაგნიაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი: უპირველეს ყოვლისა, ლიტერატურა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩემთვის, ვინაიდან სწორედ მისი მეშვეობით ვსწავლობთ ცხოვრებისეულ საკითხებს თეორიულ დონეზე. ალბათ, ესაა ის, რისი მეშვეობითაც აქამდე მოვიდა კაცობრიობა და ამიტომაა ყველაზე ძვირფასი. ჩემი საყვარელი წიგნი „დორიან გრეის პორტრეტია“, ხოლო ავტორი – ოსკარ უაილდი.

კოტე კლდიაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ლიტერატურა ჩემთვის ის სამყაროა, საიდანაც ბევრი რამ შეიძლება ვისწავლო ავტორისგან, პერსონაჟებისგან და ა.შ. ვიცი პერსონაჟები, რომლებიც თავიანთი ქმედებებით სამაგალითოები არიან ჩემთვის. ძალიან მიყვარს დეტექტიური ჟანრის წიგნები. ჩემი საყვარელი ავტორი – აგათა კრისტია, რომელიც ყოველთვის მოულოდნელ დასასრულს, შემდეგ კი ემოციების ზღვას გვთავაზობს. კრისტის შემოქმედებიდან ჩემი საყვარელი წიგნი „როჯერ ეკროიდის მკვლელობაა“. როდესაც ამ წიგნს წაიკითხავთ, გაოცებულები და იმედგაცრუებულები დარჩებით.

მარიამ მინაძე, კავკასიის უნივერსიტეტი: ლიტერატურას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს, რადგან თავისუფალ დროს მიყვარს სხვადახვა საუკუნესა თუ ქვეყანაში მოგზაურობა. ვფიქრობ, რომ ზოგჯერ სასიამოვნოა, როცა რეალობას შორდები და წარმოსახვის უნარს თავისუფლებას აძლევ. უპირატესობას დეტექტიური ჟანრის წიგნებს ვანიჭებ. ამ ჟანრში ყველაზე მეტად აგათა კრისტის რომანები მომწონს, იმიტომ რომ ყოველთვის მაოცებს ფინალი და ჩემში აღტაცებას იწვევს ის, თუ როგორ ვითარდება მოვლენები, ბოლოს კი საქმე სრუალიად სხვა კუთხით სრულდება. მისი ნაწარმოებებიდან ჯერ მხოლოდ 8 წიგნი მაქვს წაკითხული, აქედან კი ფავორიტი „როჯერ ეკროიდის მკვლელობაა“.

ქეთი უძილაური, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: ლიტერატურა ძალიან მნიშველოვანია ჩემთვის, რადგან წიგნის კითხვისას ჩემს პატარა სამყაროში ვმოგზაურობ, რაც ჩემთვის საუკეთესო დასვენების საშუალებაა. ძნელი სათქმელია კონკრეტულად რომელი მწერალი მიყვარს. ძალიან მიყვარს ვაჟა-ფშაველა, მიხეილ ჯავახიშვილი, ნოდარ დუმბაძე, ოტია იოსელიანი, ჯემალ ქარჩხაძე. ძალიან მომწონს ჯეკ ლონდონიც, მაგრამ უპირატესობას მაინც ქართველ მწერლებს ვანიჭებ. წიგნებიდან ძალიან მიყვარს ჯემალ ქარჩხაძის “ქარავანი”, “ზებულონი”, “მდგმური“, კონსტანტინე გამსახურიდას “ვაზის ყვავილობა”, “ქალი გამოვიდა საღალატოდ” “დიდოსტატის მარჯვენა”, “დიონისოს ღიმილი”.

ელენე ცუცხუბაია, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი: ლიტერატურის მეშვეობით შეგიძლია ცოტა ხნით მაინც დაივიწყო სირთულეები და რაღაც დროით სხვა სამყაროში გაიქცე და მწარე რეალობას თავი დააღწიო, ან პასუხები ეძებო იმ კითხვებზე, რომლებსაც შენი დახმარება შეუძლიათ. ჩემთვის სწორედ ეს არის ლიტერატურა – პარალელური სამყარო, სადაც ყველასთვის მოიპოვება ადგილი. ბოლოს არტურ იურკევიჩის და მალხაზ ჯაჯანიძის „დამარხული ვაზი“ წავიკითხე, რომელიც უპირობოდ მოექცა ჩემი საყვარელი წიგნების სიის თავში.

მარიამ ნადირაძე, საქართველოს უნივერსიტეტი: ვფიქრობ, რომ წიგნი მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის ცხოვრებაში, რადგან მისი დახმარებით ვიყალიბებთ აზრსა და შეხედულებებს ყოველდღიურ ცხოვრებასა და ქცევებზე. ზოგადად ყველა ტიპის წიგნს ვკითხულობ, მაგრამ გააჩნია, თუ რისი მოცემა შეუძლია ნაწარმოებს ჩემთვის. ჩემი საყვარელი ავტორია ემილი ბრონტე, ხოლო წიგნი „ქარიშხლიანი უღელტეხილი“.

ცოტნე ქართველიშვილი, ბათუმის შოთა რუსთავლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: როცა დამშვიდება, ან რაიმე სიტუაციისგან გამოსავლის პოვნა მჭირდება, კითხვა ფიქრის პროცესს მიმარტივებს. განსაკუთრებით დეტექტიური და საშინელებათა ჟანრის ნაწარმოებების კითხვა მომწონს, რადგან დასასრულამდე დიდი ინტრიგაა, რაც აზროვნების საშუალებას მაძლევს. თუმცა, რაც სტუდენტი გავხდი, ფაქტობრივად, მხოლოდ სამეცნიერო ლიტერატურისა და ნაშრომების კითხვაზე გადავედი. ჩემი საყვარელი წიგნია ენტონი ბერჯერსის „მექანიკური ფორთოხალი“, ხოლო საყვარელი მწერალი – ფილიპ კინდრედ დიკი.

მარიამ მერლანი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი: ,,და ჩემისთანამ სიკვდილის წინ, უღონოდ სარეცელზე, შეიძლება ასე წარმოთქვას ,,ეჰ, კარგი იყო ოხერი” და თქვენისთანამ კი, ჯანმრთელმა, შესაძლოა ნიშნის მოგებით მკითხოს ”რა სიცოცხლე თუ ლიტერატურა?“ – მე კი მოგიგებთ: და განა სულერთი არ არის? ლიტერატურა, პირველ რიგში, სულიერი ზრდის საწყისია და მასთან ურთიერთობა ყველაზე სასარგებლო რამ არის, რაც საკუთარ თავს შეგიძლია გაუკეთო. ჩემთვის განსაკუთრებული წიგნია გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“, რომელიც წაკითხვის შემდეგ ჩემს სამაგიდო წიგნად იქცა.

ილია გამსახურდია, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია: ლიტერატურა გამოძერწილია ხელოვანთა სულების მიერ… წარმოიდგინეთ, შთაგონებული შემოქმედი, რომელიც თავის განცდებს და სათქმელს ქაღალდზე ასახავს, “გულის სისხლს” ანთხევს… ამასობაში კი, იქმნება შედევრი, რითაც ჩვენ “წყურვილს ვიკლავთ,” ემოციებით ვიტვირთებით და ცოდნის დონე გვიმაღლდება… რამ შემაყვარა ჯავახიშვილისა და გამსახურდიას შემოქმედება ძლიერ? – მათი თხრობის სტილის, ფარული ირონიის, ფსიქოლოგიური სიღრმის, მორალური შემართების, არქაულობის და ალეგორიის ერთობლიობამ, იდეამ ზოგადსაკაცობრიო შედევრები შექმნა! ამიტომაც შემიყვარდა მათი შემოქმედება!

მზეკო რომანაძე, თავისუფალი უნივერსიტეტი: ლიტერატურა ჩემთვის დასვენების ერთ-ერთი საშუალებაა. სამწუხაროდ, სტუდენტობის პერიოდში წლის განმავლობაში ბევრი წიგნის წაკითხვას ვერ ვახერხებ, თუმცა რაც აქამდე წამიკითხავს იქიდან გამოვარჩევდი ჩარლზ დიკენსის „ოლივერ ტვისტის თავგადასავალს“. ეს წიგნი ჩემთვის ყველაზე ემოციური იყო. გამორჩეული ავტორი არ მყავს, ყოველთვის სხვადასხვა ავტორების ნაწარმოებების წაკითხვას ვცდილობ.

აქსანა ტაბაღუა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი: ჩვენ ადამიანები ხშირად ვერ ვამბობთ თუ რაზე ვფიქრობთ და რას განვიცდით წიგნში კი შეგვიძლია ვიპოვოთ ჩვენი თავი. ლიტერატურა იძლევა შემოქმედებით განათლებას, გვაძლევს წარმოსახვის საშუალებას. ლიტერატურის ძალა ის გახლავთ, რომ სიტყვებში არსებულ უამრავ პერსონაჟს ადამიანი გულში უშვებს. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ყველაფერი, რასაც ვკითხულობთ. ლიტერატურა გვეხმარება მოვლენების სწორად აღქმაში, გადაწყვეტილებების მიღებაში, ემოციების მართვაში. უწიგნური კაცი შორს ვერ ხედავს ილია ჭავჭავაძემ აღნიშნული აზრი ასე გამოთქვა – „უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა“. კარგი ლიტერატურა ნეტარების კუნძულია. ჩემზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს ფიოდორ დოსტოევსკის ნაწარმოებები. დოსტოევსკის სიდაიდის დასტური ,,ძმები კარამაზოვებია“. ასევე უნდა აღვნიშნო ვიქტორ ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, ხალიდ ჰოსეინის „ფრანით მორბენალი“, შტეფან ცვაიგის „უცნობი ქალის წერილი“ და სხვა.

ფაქტია, ახალგაზრდები საინტერესო ლიტერატურას ეცნობიან. კიდევ უფრო სასიამოვნო ის ფაქტია, რომ დასახელებულ მწერლებს შორის ქართველმა ავტორებმაც გაიჟღერა.

თქვენც გაგვიზიარეთ კომენტარებში რომელია თქვენი საყვარელი ავტორი და წიგნი?

ავტორი: მარიამ ქობალია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები