სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესში თბილისის მერიამ ცვლილება შეიტანა – ვინ მიიღებს სწავლის საფასურს

აქტუალური

თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესი შეცვალა. 2015 წლიდან თბილისის მერია აფინანსებს იმ სტუდენტთა სწავლას, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატებოდა. როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, ახლა ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება და დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ან ნაკლები ქულა აქვთ.

მისივე თქმით, ამ ინიციატივის შედეგად დამატებით 1000-მდე სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, მერიისგან მიიღოს სწავლის დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა არის 2250 ლარი, ხოლო სემესტრულად 1125 ლარი.

„მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოში, ისევე როგორც საქართველოში სერიოზული პრობლემები შეიქმნა. ჩვენ არაერთი კარგი პროექტი განვახორციელეთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. დღეს მინდა მოგაწოდოთ სიახლე სოციალურად დაუცველ სტუდენტებთან დაკავშირებით. 2015 წლიდან ჩვენ ვაფინანსებთ იმ სტუდენტთა სწავლას, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატებოდა. ახლა ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება და დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ან ნაკლები ქულა აქვთ. ამ ინიციატივის შედეგად დამატებით 1000-მდე სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, მერიისგან მიიღოს სწავლის დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა არის 2250 ლარი, ხოლო სემესტრულად 1125 ლარი. ამ თანხის რამდენ პროცენტს მიიღებს სტუდენტი, დამოკიდებული იქნება როგორც მის აკადემიურ მოსწრებაზე, ასევე სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულაზე. ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, თბილისის მერია გასცემს სემესტრულ ფინანსურ წახალისებას წარმატებული მაგისტრანტებისთვისაც. ამ მიმართულებითაც გვაქვს სიახლეები. ჩვენი ინიციატივით ეს პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება – გაუქმდება კვოტირების სისტემა უნივერსიტეტებისთვის, შესაბამისად, დაფინანსებული მაგისტრანტების რაოდენობა გაორმაგდება და წლიურად 600-ზე მეტი მაგისტრანტის დაფინანსება იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, იმ სტუდენტებს, რომლებსაც 100%-ით აქვთ დაფინანსებული სწავლა, თანხა პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ. ხოლო პროგრამაში შემავალი უნივერსიტეტების ჩამონათვალს დაემატება კიდევ ერთი სასწავლებელი – ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და მისი მაგისტრატურის საფეხური.

„სიახლე გვაქვს ისიც, რომ თუ ადრე ფინანსური წახალისების სტუდენტის პირად ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში ეს თანხა იბეგრებოდა, ახლა შესაძლებელი იქნება ამ თანხის პირდაპირ სასწავლებლის ანგარიშზე ჩარიცხვა და ის აღარ დაიბეგრება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები