“ტვინები იჭყლიტეს, სულები გამოიძახეს, თორის ჩაქუჩი ირტყეს ტვინში და ეს მოიფიქრეს” – სტუდენტები ონლაინ გამოცდებზე

აქტუალური

COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ ბევრი რამის შეცვლა მოითხოვა. საქართველოში თითქმის ყველა სექტორი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, ამ მხრივ გამონაკლისი არც განათლების სფერო იყო. ბევრი საუბრობს, რომ ონლაინ სწავლება არა არის ხარისხიანი. სტუდენტების ნაწილი კი, რომელთაც ბევრი პრაქტიკული საგანი ჰქონდათ, ამბობს, რომ ძალიან გაუჭირდა ონლაინ სწავლებასთან ადაპტაცია.

საქართველოს თითქმის ყველა უნივერსიტეტი ამ სემსტრსაც დისტანციურად, ონლაინ გამოცდების საშუალებით ასრულებს. რაც საკმაოდ სტრესულია, თან ამას ერთვის სხვადასხვა დააბრკოლა – უნივერსიტეტის მთავარი პროგრამების გაუმართაობა, სტუდენტის მხრიდან ტექნიკური ხარვეზი, ან ინტერნეტისა და ტექნიკის არ ქონა.

გამოცდების დისტანციურად ჩაბარებას თან უხერხული გარემოებაც ახლავს – რამდენად სინდისიერად აბარებს გამოცდას სტუდენტი და რა ბერკეტი აქვს უნივერსიტეტს მის გასაკონტროლებლად?

STUDINFO.GE დაინტერესდა რა შესთავაზა უნივერსიტეტებმა/ლექტორებმა სტუდენტებს გამოცდების ონლაინ რეჟიმში კეთილსინდისიერად ჩაბარებისთვის, როგორია კონტროლის მექანიზმი და როგორია ამაზე სტუდენტების დამოკიდებულება.

მოთხოვნები განსხვავებულია, ლექტორები და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს სტუდენტებმა დამოუკიდებლად წერონ შუალედური და ფინალური გამოცდები. თუმცა ეს მოთხოვნები ზოგჯერ სტუდენტებისთვის გაუგებარია. ასეთი შემთხვევაა კავკასიის უნივერსიტეტის მიერ დაანონსებული ფინალური გამოცდები.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ელ-ფოსტაზე ადმინისტრაციისგან მიიღეს ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა ეწერათ გამოცდები. ტექსტი შემდეგი შინაარსის იყო:

„კავკასიის უნივერსიტეტის საგამოცდო პროგრამაში ღილაკზე – „დაწყება“ დაჭერით თქვენ თანხმობას აცხადებთ გაიაროთ მოცემული ტესტირება ჭკვიან კომპიუტერული სისტემის საშუალებით, რომელიც აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვის მიზნით, მოახდენს თქვენ ავტომატურ მონიტორინგს.“

უნივერსიტეტი სტუდენტებს აფრთხილებს, რომელი კომპიუტერული და მობილური სისტემებით შეუძლიათ წერონ გამოცდა. ასევე აძლევს გარკვეულ მითითებებს გამოცდის მიმდინარეობისას დაფიქსირებული დარღვევების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ მიეწოდება უნივერსიტეტის შესაბამის დეპარტამენტს.

სტუდენტებს მკაცრად გაწერილი ინსტრუქცია აქვთ, რა შემთხვევაში დაიშვებიან ისინი გამოცდაზე.

„სტუდენტს გამოცდის დაწყება შეეძლება მას შემდეგ, რაც გადაიღებს ფოტოს და შესაბამის ველში ატვირთავს აიდი ბარათის/პასპორტის პირველ გვერდს. გაითვალისწინეთ, რომ გადაღებული ფოტო ზუსტად უნდა ასახავდეს იმ ვიზუალს,რომლითაც წარმოდგენილი იქნებით გამოცდაზე. მაგალითად: თუ იყენებთ სათვალეს და აპირებთ მის გამოყენებას გამოცდის დროს, ფოტოც უნდა გადაიღოთ სათვალით, აუცილებელია თქვენი სახე ჩანდეს მკაფიოდ, რათა კამერამ შეძლოს თქვენი სახის სრულყოფილად დაფიქსირება. დაუშვებელია ქუდით/თავსაბურავით, ყურსასმენით ფოტოს გადაღება და გამოცდის მიმდინარეობისას მათი გამოყენება. რეკომენდირებულია,თმის შეკვრა/გადაწევა რათა მოხდეს სახის სრულყოფილად დაფიქსირება.“

ადმინსიტრაცია სტუდენტებს მოუწოდებს მაქსიმალურად დაიცვან წესები, გამოცდა წერონ იზოლირებულად, “ზედმეტი მოძრაობის“ გარეშე, რადგან ნებისმიერი საეჭვო მოძრაობა აღიქმება დარღვევად.

კავკასიის უნივერსიტეტის ამ წერილს გარდა გაუგებრობისა, სტუდენტების მხრიდან იუმორისტული ფრაზებიც მოჰყვა:

„აწი უნდა ვწეროთ ფინალურები ონლაინ, მაგრამ ონლაინაც აღარ ჰქვია მაგას, რაღაც ისეთი პროგრამა გააკეთეს პენტაგონიც რო ვერ გატეხავს, 3D ფორმატში ჩატარდებაო ამბობენ, გამოცდის წინა დღეს სათვალეებს დაგვირიგებენ და „კოკა-კოლითა“ და პოპკორნით მოგვამარაგებენ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მაია ნიკურაძეს.“

„მოიცა ანუ წესებზე უნდა ვიფიქრო რო არ დავარღვიო თუ გამოცდის საკითხებზე? ვერ ვხვდები მართლა.“

„ტიპები დასხდნენ, დღეები თუ კვირები იფიქრეს, ტვინები იჭყლიტეს, სულები გამოიძახეს, ოდინთან ერთად ვალჰალაში იქეიფეს, თორის ჩაქუჩი ირტყეს ტვინში და ეს მოიფიქრეს. ანუ აზრზე ხართ, ეს მოიფიქრეს… “

მხოლოდ კავკასიის უნივერსიტეტი არაა გამონაკლისი, სხვა უნივერსიტეტებშიც ვხვდებით გამოცდების ჩაბარების განსხვავებულ მეთოდებს, რაც ხშირ შემთხვევაში სტუდენტების დაბნეულობას იწვევს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ასეთ მაგალითებს იხსენებენ:

„ერთი ლექტორი, ლოტოს პრინციპით გვინაწილებს საგამოცდო თემებს, კედელზე აკრავს და მერე ხელში ანაცვლებს, თვალებს ხუჭავს და ისე გვიცხადებს.“

„მათემატიკაზე, არიქა გამოცდაზე ისეთ რაღაცას გეტყვითო რომ ვერანაირად ვერ გადაწერთო. მეთქი, ვაახ, რას გაჩითავენ ახლა და იმენა 1 კვირა ვფიქრობდი. მოვიდა გამოცდა და თეორიები ფურცლის შუიდან დაიწყეთო… როგორც თქვენ არ გიწერიათ ეს ონლაინ გამოცდები პატიოსნად, მეც ეგრე მაინც გადავწერე. შუიდან დაიწყეთო ხვდებით, შუიდან. და გადაწერას აღმოფხვრიდნენ ამით…“

„5-წუთიანი ვიდეო უნდა ჩაგვეწერა და ჩვენ მიერ დამატებით მოძიებულ საკითხზე გვესაუბრა.“

„ხელით უნდა დაგვეწერა ერთ-ერთ საგანში ფინალური, ფოტოები გადაგვეღო ნაწერისთვის და ლექტორისთვის გაგვეგზავნა მეილზე.“

„ერთ საგანში ზეპირი გამოცდა 11 საათზე რო დაიწყო, საღამოს 9-მდე იყვნენ ბავშვები რიგში.“

„ერთმა ლექტორმა საკონტროლო წერა ჩაატარა და ისეთი საკითხები შემოიტანა მტრისას, ხოდა რომ უნდა გადამეგზავნა ნაწერი მეკითხება – „თამარა რა ქენი გადმოაგზავნეო“ და მე მეგონა მიკროფონი გამორთული იყო და ვუთხარი -“თამარა ბაბუა შენიათქო“

ილიას სახელმწიფო უნივერისტეტიშიც აქვთ თავისი მეთოდები:

„მე გამოცდას ვაბარებ ხმოვანი წერილების საშუალებით.“

„ლექტორი ახალ წლამდე ხუთი კვირა არ ატარებდა ლექციებს, ახლა ოთხი კომპონენტიდან სამი გააერთიანა და 80-ქულიან ფინალურს გვიტარებს.“

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მაგალითი კი ასეთია:

ვიდეოკონტროლის ქვეშ ვწერდი და დამკვირვებელმა არ დაიჯერა რომ პირადობაზე გამოსახული არსება მე ვიყავი. თავიდან დავწერე, დრო ამომეწურა იმის მტკიცებაში რომ მე მე ვიყავი.“

საქართველოს უნივერსიტეტშიც მოიფიქრეს „ექსკლუზიური“ მეთოდი:

„ჩვენთან ზეპირ გამოცდაზე კითხვებს 3 წამში თუ ვერ უპასუხებ ანუ არ იცი და გინულდება.“

„გამოცდის წინ ვერ ვხვდები გამოცდის ჩაბარებაზე ვილოცო თუ შუქი რომ არ ჩაქრეს მაგაზე.“

სტუდენტების უმრავლესობას უჭირს ამ ფორმატით მუშაობა, მათი აზრით, ასე სწავლა საერთოდ არ არის პროდუქტიული და არც ამ ფორმატის გამოცდები ამოწმებს მათ ცოდნას, რადგან დაძაბულებს უწევთ მუშაობა.

ისინი იმედს იტოვებენ, რომ მალე ისევ დაუბრუნდებიან აუდიტორიებს და გამოცდებსაც არა ონლაინ, არამედ ე.წ. დასწრებული მეთოდით ჩააბარებენ. სტუდენტები ხუმრობით იმასაც კი ამბობენ, რომ მზად არიან დამკვირვებლების „მკაცრ და განმგმირავიმ“ მზერასაც გაუძლონ.

ავტორი: ნინელი აბულაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები