უჩა პაპიაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტია. პანდემიის კვალობაზე, ყველასთვის დაძაბულ წელი უჩამ ბულგარეთში ნაყოფიერად გაატარა და რადიო E-volution Media-ში ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა. იგი საკუთარ გამოცდილებას STUDINFO.GE–ის მკითხველს უზიარებს.
☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
– მოგვიყევით E-volution Media-იაზე, რას საქმიანობს ის. რა გზა გაიარეთ ბულგარეთში წასასვლელად და რამდენად საკმარისი აღმოჩნდა საქართველოში მიღებული გამოცდილება?
უპირველეს ყოვლისა, ძალიან დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მე ბულგარეთში მოვხვდი, მოიაზრებს გრძელვადიან და მოკლევადიან მოხალისეობრივ საქმიანობას, რომელიმე ევროპულ სახელმწიფოში. ESC (european solidarity corps) – გახლავთ ევროკავშირისა და ევროპული სოლიდარობის კორპუსის მიერ სრულიად დაფინანსებული აქტივობა, რომელიც ჩემ შემთხვევაში ბულგარეთის ქალაქ სლივენში განხორციელდა 10 თვის განმავლობაში. გარდა ამისა, ამ ყველაფერში ჩართულია ქართული ორგანიზაციაც. ჩემი წარმდგენი იყო InoChange, რომელიც თანამშრომლობდა იქაურ არასამთავრობოსთან.
E-volution Media-ს რაც შეეხება, მოხალისეობრივი საქმიანობა ითვალისწინებს სამოქალაქო აქტივიზმში აქტიურად ჩართვას, რომლის განუყოფელი ნაწილიც მედიაა. ჩემი დაინტერესებაც აღნიშნული პროგრამის მიმართ, სწორედაც, რომ რადიომ განაპირობა. უშუალოდ საქმიანობა, კი მოიაზრებდა: ადგილობრივი ღონისძიებების გაშუქებას, საინტერესო ადამიანებთან ინტერვიუების ჩაწერას, ყოველკვირეულ გადაცემის გაშვებას ონლაინ რეჟიმში და სხვ. სამუშაო ენა ინგლისური იყო, თუმცაღა, პროგრამა მოიცავდა ბულგარული ენის შემსწავლელ კურსებსაც.
რაც შეეხება შესარჩევ ეტაპს, აქტივობაში ჩართვა ონლაინ გასაუბრების საფუძველზე გადაწყდა, მაგრამ იქამდე სამოტივაციო წერილის საფუძველზე აგვარჩიეს. ვთვლი, რომ საქართველოში მიღებული განათლება დამეხმარა ჟურნალისტური მასალის შექმნაში, რადგან ზოგადი პრინციპები, ცხადია, დიდად არ იცვლება.
– როგორი იყო ადაპტაციის პროცესი, ზოგადად როგორია ხალხის დამოკიდებულება უცხოელი სტუდენტის მიმართ, თუ გექმნებოდათ რაიმე სახის დისკომფორტი იმის გამო, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ხარ?
ხშირად მითქვამს მეგობრებისთვის, რომ საკმაოდ მალე შევეგუე ახალ გარემოს, გამომდინარე იქიდან, რომ ბულგარეთის რესპუბლიკა საკმაოდ ახლოსაა ჩვენს სახელმწიფოსთან. შესაბამისად, გაუცხოების შეგრძნება ნაკლებად მქონდა. სირთულეს რაც შეეხება, ვიტყოდი ენობრივ ბარიერს, რადგან ინგლისურის დონე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოზე ბევრად დაბალია. საწყის ეტაპზე კი მოგეხსენებათ, რთულია ისეთ ენასთან შეჭიდება, რომელთანაც ფაქტობრივად შეხება არ გქონია. მიუხედავად ენის ბარიერისა, ადგილობრივები ხშირად დამხმარებიან ყოფითი პრობლემების მოგვარებაში. შესაბამისად, არაერთი მეგობარი შევიძინე, რომელთანაც დღესაც კარგი ურთიერთობა მაქვს. წეს-ჩვეულებას რაც შეეხება, არ ვიცი რამდენად გსმენიათ, მაგრამ ბულგარეთში განსხვავდება სხეულის ენის მახასიათებლები, კერძოდ, თავის დაქნევა ნიშნავს არას და საპირისპიროდ გაქნევა ნიშნავს დიახს, რაც არაერთხელ გამხდარა კურიოზული სიტუაციის მიზეზი.
– რა განსხვავება დაინახე საქართველოსა და ბულგარეთს შორის, ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების თვალსაზრისით?
როგორც ზოგად შემთხვევაში, ბულგარელი სტუდენტების მსგავსება საკმაოდ დიდია ქართველებთან. არიან მოტივირებულები და აქტიურები, რათა გაიცნობ კულტურული სახესხვაობები, რომლებიც მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებში აისახება. შესაძლებლობებს რაც შეეხება, მოგეხსენებათ, ბულგარეთი არიას ევროკავშირის წევრი 2007 წლიდან და მათთვის შედარებით გამარტივებულია მის ტერიტორიაზე გადაადგილება (ვგულისხმობ, ფინანსურ ჭრილშიც).
– 2020 წელი იყო ყველაზე უჩვეულოა მთელი მსოფლიოსთვის, რა ცვლილებები მოიტანა ამ წელმა შენთვის?
როგორც ყველასთვის, ისევე ჩემთვის 2020 იყო უდიდესი გამოწვევა. მიუხედავად ამისა, ვიტყოდი, რომ სხვებთან შედარებით გამიმართლა და ისეთ ქვეყანაში მომიწია ამ წლის გატარება, სადაც რეგულაციები საკმაოდ მსუბუქი იყო. შესაბამისად, დაძაბულობა და ერთგვარი პანდემიისადმი შიშიც არ იყო მაღალი. მიუხედავად COVID-19-სა, ჩემთვის იმთავითვე იყო საინტერესო, რადგან პირველად დავტოვე საქართველო და „აღმოჩენების წელში“ 5 ქვეყანაც მოვინახულე.
– კორონავირუსის პანდემიის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის საკითხები, ამ კუთხით რა განსაკუთრებული პრივილეგიები აქვთ ბულგარეთში სტუდენტებს?
სტუდენტებს განსხვავებულად არა, მაგრამ გაცვლით პროგრამაში მონაწილეებს გვქონდა ევროკავშირის მიერ მინიჭებული ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში იძლეოდა მომსახურების მიღების საშუალებას.
– მსოფლიოში ძალიან დიდი დისკუსიაა ონლაინ განათლებასთან დაკავშირებით, ბევრი ფიქრობს, რომ ამ დროს ხარისხი ნაკლებია, ზოგი კი მიიჩნევს, რომ უფრო მეტი რესურსის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, შენ როგორ ფიქრობ?
ამ საკითხის ირგვლივ არაერთი მსჯელობის მონაწილე გახლდით. შესაბამისად, ვფქრობ, სააუდიტორიო სწავლება თავის მხრივ არის შეუცვლელი, რადგან მოიაზრებს ისეთ აქტივობებს, რომელსაც ფიზიკური სიახლოვე სჭირდება. თუმცაღა, ონლაინ ტრენინგები საშუალებას იძლევა მიიღო თეორიული ცოდნა მსოფლიოს იმ რეგიონიდან და წერტილიდან, სადაც თუნდაც გამგზავრება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
– როგორ ახერხებთ ხოლმე მეგობრები კომუნიკაციას და რამდენად სტრესულია ეს პერიოდი თქვენთვის?
ბულგარეთის ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, შეზღუდვები არც თუ ისე მკაცრი იყო. ასე მაგალითად, მუდმივად ფუნქციონირებდა საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, შესაბამისად, გადაადგილებისა და სოციალური ურთიერთობებისთვის პანდემიას დიდი პრობლემები არ შეუქმნია.
– როგორია სამომავლო გეგმები და უკავშირდება თუ არა ის საქართველოს?
პირველ რიგში, სამომავლო გეგმა ბაკალავრიატის დასრულებაა, შემდგომში კი სამაგისტრო კონკურსში მონაწილეობა. მიღებული გამოცდილება და შესაბამისად, დამადასტურებელი „Youthpass-ის“ სერტიფიკატი დამეხმარება სამომავლოდ სწავლა გავაგრძელო ევროპის რომელიმე უნივერსიტეტში, რაც ნამდვილად მაქვს გეგმაში.
– რჩევა, რომელიც სტუდენტებისთვის გექნება?
აუცილებლად სცადეთ. როგორც ყველას, მათ შორის მეც სააპლიკაციო ფორმის შევსებამდე მქონდა გარკვეული სახით შიში კონკურენციის მიმართ, თუმცა ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცდას წინ არასდროს არაფერი უდგას და წარმატებაც მცდელობის შემდგომ აუცილებლად მოვა.
ავტორი: თეკლა ადამია