უნივერსიტეტებში სააუდიტორიო მეცადინეობების აღდგენა 1-ლი მარტიდან იგეგმება

აქტუალური

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, წერტილოვანი შეზღუდვების შემსუბუქება იწყება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვიმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია პირველი მარტიდან.

„1-ლი მარტიდან სკოლების პარალელურად იგეგმება საბავშვო ბაღების, პროფესიული სასწავლებლების და უნივერსიტეტების გახსნაც“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

სასწავლო პროცესის ე.წ. დასწრებულ მეთოდზე გადასვლაზე ისაუბრა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაც.

„ყოველ ორ კვირაში მოხდება მასწავლებლების სისტემატური ტესტირება, ასევე სამინისტრო ყოველთვის ამ პრინციპს იცავდა, რომ სკოლებში, ისევე, როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებებში, უნივერსიტეტებში და პროფესიულ სასწავლებლებში სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. ეს იქნება უმაღლეს დონეზე დაყენებული საკითხი.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებს და უმაღლეს სასწავლებლებს, მოქმედი რეგულაციები ნარჩუნდება პირველ მარტამდე. როგორც მოგახსენეთ, 15 თებერვალს კიდევ ერთხელ მოხდება ეპიდსიტუაციის შეფასება, თუ შვიდი დღის მაჩვენებელი 4 პროცენტამდე დაიწევს მოხდება შემდგომი შემსუბუქების განხილვა“, – განაცხადა მინისტრმა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები