“ლექტორები არ გიქმნიან ისეთ წარმოდგენას რომ ექსპერტები არიან” – ქართველი სტუდენტი შვედეთიდან

ინტერვიუ

გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ წასვლა ბევრისთვის რთულ და მიუღწეველ ოცნებას წარმოადგენს, თუმცა სინამდვილეში სულაც არ არის ასე. სტუდენტების უმრავლესობა რიგი მიზეზების გამო ერიდება უცხო ქვეყანაში წასვლას. სწორედ ამიტომ, იმ სტუდენტების რეალური ისტორიები, რომლებიც დღეს სხვა ქვეყნებიდან ადევნებენ თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, დაგარწმუნებთ, რომ მიუხედავად სირთულეებისა, საზღვარგარეთ სწავლას უზარმაზარი გამოცდილება მოაქვს.

დღეს ერთ-ერთ ასეთ სტუდენტზე მოგიყვებით, მარიამ დოთიაშვილი ამჟამად მაგისტრატურას შვედეთში უფსალას უნივერსიტეტში გადის. იგი ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია და თავის გამოცდილებას STUDINFO.GE-ს უზიარებს.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

– რა გზა გაიარე იმისთვის, რომ საზღვარ გარეთ გესწავლა და რამდენად საკმარისი აღმოჩნდა საქართველოში მიღებული განათლება იქ მოსახვედრად? 

დავასრულე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტი და ამჟამად სწავლას ისევ ილიას სახელმწიფოში უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ვაგრძელებ. საზღვარგარეთ სასწავლებლად პირველად ბაკალავრზე დანიაში კოპენჰაგენის უნივერსიტეტში (ერთი სემესტრით) და მეორედ უკვე მაგისტარტურაზე შვედეთში უფსალას უნივერსიტეტში (ერთი სემესტრით) ვიმყოფებოდი. შვედეთშიც და დანიაშიც “ერასმუს+-ის” გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვსწავლობდი.

ყოველთვის მაინტერესებდა განათლების სკანდინავიური სისტემა და მინდოდა უშუალოდ ამ სისტემაში მონაწილეობით გამეგო სკანდინავიური განათლების სისტემის წარმატების საიდუმლო. საზღვარ გარეთ სწავლის გასაგრძელებლად პირველ რიგში, შევაგროვე ყველა საჭირო საბუთი განაცხადის გასაკეთებლად, კონკურსის მეორე ეტაპზე გავიარე გასაუბრება, მესამე ეტაპზე კი მიმღები უნივერსიტეტებიდან მივიღე მიღების წერილი. ყოველთვის ხაზს ვუსვამ ილიაუნის სწავლების მაღალ ხარისხს და სიახლეებზე ორიენტირებას, შესაბამისად, დანიაში და შემდგომში შვედეთში სწავლის გასაგრძელებლად, ვფიქრობ, საკმარისი იყო ის განათლება, რაც ილიაუნიში სწავლის პერიოდში მივიღე.

– რა იყო საზღვარ გარეთ სწავლის გაგრძელების ყველაზე რთული მხარე? 

ვერ ვიტყოდი, რომ ყველაზე რთული, მაგრამ ერთ-ერთი დაბრკოლება ჩემთვის ახალ სისტემასთან ადაპტირება იყო. საქართველოში მიჩვეულები ვართ, რომ ლექტორები პირდაპირ გვიგზავნიან ან შესაბამის სისტემაში ტვირთავენ სალექციო მასალებს. უფსალაში კი ამ მხრივ სრული დამოუკიდებლობა გვქონდა. ყოველთვის დამოუკიდებლად უნდა გვეპოვა წიგნები და სტატიები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ან ბიბლიოთეკის საიტზე. რაც ერთი შეხედვით შეიძლება არც ისე რთული ჩანდეს, მაგრამ რეალურად საკმაოდ დიდ დროს ვხარჯავდით მასალების მოძიებაში. ჩემთვის გამოწვევა იყო ისიც, რომ კვირის განმავლობაში 500-800 გვერდის წაკითხვა მიწევდა ონლაინ და არ შემეძლო წიგნების თუნდაც ონლაინ ვერსიის გადმოწერა ერთ დღეზე მეტი დროით. ლექტორები ყოველთვის ზოგად მითითებებს გვაძლევდნენ საპრეზენტაციო თემებზე და ფინალურ ნაშრომებზე, რაც ჩემთვის ცოტა დამაბნეველი იყო. მიჩვეული ვიყავი, რომ ლექტორი ყოველთვის კონკრეტულად გვეუბნებოდა რა თემასთან დაკავშირებით უნდა გვემუშავა და როცა სრულ თავისუფლებას გაძლევენ და არ ხარ დარწმუნებული რომ იმას, აკეთებ რაც ლექტორს ჰქონდა ჩაფიქრებული ერთგვარი გამოწვევაა.

– 2020 წელი იყო ყველაზე უჩვეულო მთელი მსოფლიოსთვის, რა ცვლილებები მოიტანა ამ წელმა შენთვის, როგორც სტუდენტისთვის, როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება? 

2020 წელი ნამდვილად ყველაზე უჩვეულო წელი აღმოჩნდა. პირველი სემესტრის განმავლობაში, როგორც ყველა მეც დისტანციურად ვსწავლობდი. განათლების სისტემა მზად არ იყო ამ გამოწვევისთვის და დისტანციურ სწავლებასაც ჰქონდა გარკვეული ხარვეზები. პანდემიამ ვერ შეაჩერა ჩემი მიზნები და მაშინ, როდესაც ქვეყანაში ყველაზე მძიმე მდგომარეობა იყო, დავიწყე გაცვლითი პროგრამისთვის განაცხადის შევსება და, ალბათ, სტუდენტებში ის გამონაკლისი, ვარ ვისთვისაც 2020 წელი განსაკუთრებით წარმატებული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. მაისში უკვე უფსალას უნივერსიტეტიდან თანხმობის წერილი მივიღე, შევარჩიე სტუდენტური საცხოვრებელი, ავირჩიე კურსები და რამდენიმე გაუქმებული რეისის მიუხედავად, მაინც შევძელი შვედეთში გაფრენა. იქიდან გამომდინარე, რომ შვედეთში იმ პერიოდში არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებდა პირველ სამი თვის განმავლობაში, ჩვეულებრივად აუდიტორიაში მიტარდებოდა ლექციები, ასევე პარალელურად დავდიოდი ერთ-ერთ სკოლაში, სადაც კვლევას ვატარებდი ჩემი ფინალური ნაშრომისთვის. სამწუხაროდ, 2020 წლის ბოლოს მდგომარეობა გაუარესდა და ონლაინ სწავლებაზე გადავედით, მაგრამ მაინც ვინარჩუნებდი აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას ჩემს ჯგუფელებთან შეხვედრით და სხვადასხვა აქტივობებზე სიარულით. მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად არ დაკეტილა უნივერსიტეტები და ყოველთვის შეგვეძლო საჭიროების შემთხვევაში ჯგუფელებთან და ლექტორებთან შეხვედრა.

– რა განსხვავება დაინახე ქართულ და უცხოეთში მიღებულ განათლებას შორის? ჩვენი და მათი განათლების სისტემა რითი ჰგავს და რითი განსხვავდება ერთმანეთისგან? 

პირველ რიგში, დავიწყებ სტუდენტებსა და ლექტორს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის უშუალო ურთიერთობით. ლექტორს ყოველთვის უბრალოდ სახელით მივმართავდით, რაც არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ჯგუფელებისთვისაც შედარებით უცხო იყო. ლექტორები არ გიქმნიან ისეთ წარმოდგენას, რომ ექსპერტები არიან და ყველაფერზე პასუხი აქვთ. მგონია, რომ ქართული განათლების სისტემა შედარებით ჩარჩოებშია მოქცეული. სკოლაშიც, ბაკალავრზეც და მაგისტრატურაზეც ყოველთვის კონკრეტულად გვეუბნებიან ლექტორები რა უნდა გავაკეთოთ, რა თემასთან დაკავშირებით უნდა დავწეროთ ნაშრომი ან გავაკეთოთ პრეზენტაცია. შვედეთში და დანიაშიც უბრალოდ ზოგად მიმართულებას გვაძლევდნენ ლექტორები და დანარჩენი მთლიანად ჩვენზე იყო დამოკიდებული როგორ გავიგებდით საკითხს ან რა მიმართულებას მივცემდით. ერთ-ერთი მსგავსება რაც შვედურ, დანიურ და ქართულ განათლების სისტემას შორის დავინახე არის ჯგუფური სამუშაოების აქტიურად გამოყენება.

– მსოფლიოში ძალიან დიდი დისკუსიაა ონლაინ განათლებასთან დაკავშირებით, ბევრი ფიქრობს, რომ ამ დროს ხარისხი ნაკლებია, ზოგი კი მიიჩნევს, რომ უფრო მეტი რესურსის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, შენ როგორ ფიქრობ? 

ვფიქრობ, თუ უნივერსიტეტი კარგად არის ადაპტირებული ონლაინ სივრცესთან მაშინ სწავლის ხარისხი არ იკარგება. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია შევადარო ილიაუნის და უფსალას უნივერსიტეტის დისტანციური სწავლება. ილიაუნიში თავდაპირველად იყო ხარვეზები ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით, რაც სემესტრის შუა პერიოდიდან ზოგიერთი კურსის ფარგლებში გამოსწორდა. ხარისხი შედარებით გამოსწორდა, მაგრამ არ იყო ისეთი, როგორიც არადისტანციური სწავლების პერიოდში, ასევე პირადად ჩემს ფაკულტეტზე არ გამოგვიყენებია იმაზე მეტი რესურსი ონლაინ სწავლების პერიოდში, რასაც მანამდე ვიყენებდით. ილიაუნისგან განსხვავებით უფსალას უნივერსიტეტში, როდესაც დისტანციურ სწავლებაზე გადავედით ხარისხი ზუსტად ისეთივე იყო, როგორც მანამდე, იგივე დატვირთვით გვიტარდებოდა სემინარები და გამოცდები. ჩემი აზრით, უფსალას უნივერსიტეტში ონლაინ სწავლების მაღალი ხარისხის მიზეზი, იყო ის რომ ლექტორები ეფექტურად იყენებდნენ ონლაინ პლატფორმებს, მაგალითად ზუმში სასემინარო დისკუსიების დროს მცირე ჯგუფებად ვიყოფოდით და თითოეული ლექცია და სემინარი იყო პროდუქტიული. თუ კი არჩევანის შესაძლებლობა მექნება აუცილებლად ავირჩევ სწავლების ტრადიციულ მეთოდს – აუდიტორიაში, რადგან ონლაინ სწავლების დროს იკარგება სოციალური ურთიერთობები, რაც შესვენებებზე და ლექციის ბოლოს ყალიბდება. ისეთ გამონაკლის შემთხვევაში კი როგორიც მიმდინარე პანდემიაა, ონლაინ რესურსების ეფექტური გამოყენებითაც შეგვიძლია შევინარჩუნოთ სწავლების მაღალი ხარისხი.

– ბევრი ახალგაზრდა ჩივის, რომ პანდემიამ და იზოლაციის პირობებმა მათ ნერვულ სისტემას დაღი დაასვა, როგორ ახერხებთ ხოლმე მეგობრები კომუნიკაციას და რამდენად სტრესული ეს პერიოდი თქვენთვის? რა შეზღუდვები მოქმედებს ამ ეტაპზე შვედეთში?

შვედეთში ყოფნის პირველი სამი თვის განმავლობაში თითქმის არანაირი შეზღუდვა არ არსებობდა, ამიტომ ხშირად ვხვდებოდი ჩემს ჯგუფელებს და მეგობრებს. ვიკრიბებოდით არაფორმალურ გარემოში, ერთად დავდიოდით სხვადასხვა აქტივობაზე. შაბათ-კვირას ახალი ადგილების აღმოჩენას და ქალაქ გარეთ გასვლასაც ვახერხებდით. სემესტრის მეორე პერიოდში, როდესაც ონლაინ სწავლებაზე გადავედით, გაუქმდა ყველა აქტივობა და აიკრძალა რვაზე მეტი ადამიანის შეკრება, ასევე რეკომენდაცია, იყო, რომ კონტაქტი გვქონოდა მხოლოდ იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც ვცხოვრობდით. ჩემთვის, რთული აღმოჩნდა ეს პერიოდი, რადგან ძირითადად ჩემს ოთახში ვატარებდი დროს. განსაკუთებით რთული იყო პანდემიის პირობები და თვითიზოლაციაში ცხოვრება შვედეთში, სადაც ორი საათის შემდეგ მზე ჩადის და უსასრულოდ გრძელი ღამეებია. როცა მივხვდი, რომ მდგომარეობა არ გამოსწორდებოდა მე და ჩემმა მეგობარმა ჩვევად ვაქციეთ, ყოველ საღამოს 1-2 საათის განმავლობაში სუფთა ჰაერზე სიარული და განტვირთვა, მნიშვნელობა არ ჰქონდა წვიმდა თუ ყინვა იყო, ყოველთვის გავდიოდით საღამოობით გარეთ.

– ზოგადად, როგორია სტუდენტების/ხალხის დამოკიდებულება უცხოელი სტუდენტის მიმართ? იყო წესები/ჩვევები რასთან შეგუებაც გაგიჭირდა?

უფსალას უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სტუდენტების დიდი ნაწილი სხვადასხვა ქვეყნიდან არის ჩამოსული, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობაც მიჩვეულია ამ მრავალფეროვნებას და დადებითად არიან განწყობილები. ხშირად წამიკითხავს, რომ შვედებს ახასიათებენ „ცივ“ ადამიანებად, რეალურად ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ ყურადღებიანები და მზრუნველები არიან უცხოელი სტუდენტების მიმართ. სტუდენტურ საცხოვრებელში ვცხოვრობდი, სადაც შვედი სტუდენტებიც ცხოვრობდნენ და პირველივე დღიდან მეხმარებოდნენ შვედურ ცხოვრების სტილთან ადაპტირებაში. შვედებს, შედარებით მეტი დრო სჭირდებათ ადამიანთან დასაახლოვებლად, ერთი შეხედვით ცოტა ჩაკეტილები ჩანან, მაგრამ რეალურად, როცა მათ ნდობას მოიპოვებ შეგიძლია ყველაფერში გქონდეს მათი იმედი.

– როგორია სამომავლო გეგმები და უკავშირდება თუ არა ის საქართველოს? 

სამომავლო გეგმებზე საუბარი არ მიყვარს, ყოველთვის მირჩევნია ჩემი გეგმები სისრულეში მოყვანის შემდეგ გავასაჯაროვო, მაგრამ ვიტყვი, რომ ძირითადად საქართველოს უკავშირდება.

– რჩევა, რომელიც სტუდენტებისთვის გექნება?

სტუდენტებს ვურჩევდი, რომ იყვნენ მიზანდასახულები, შრომისმოყვარეები, იზრუნონ საკუთარ განვითარებაზე და მაქსიმალურად გამოიყენონ ის თითოეული შესაძლებლობა, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს. ჰქონდეთ რეალური მიზნები და კონკრეტული გეგმა, რომლითაც საკუთარ მიზანს მიაღწევენ. რაც ყველაზე მთავარია, არ შეშინდნენ თუ ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით არ მოხდება და თუ რაიმე არ გამოუვათ. მსგავსი „წარუმატებლობები“ უფრო მეტი სტიმულის და ძალის მიმცემი უნდა იყოს ჩვენთვის. ყველაფერი ჩვენი გეგმების მიხედვით, რომ ხდებოდეს ცხოვრება უინტერესო და მოსაწყენი გახდებოდა. ზოგჯერ იმედგაცრუება და წარუმატებლობაც საჭიროა, რომ უფრო მეტად გავძლიერდეთ და უფრო მეტი შევძლოთ.

ავტორი: ნინელი აბულაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები