“უნივერსიტეტის დიპლომი არ მაქვს, მაგრამ ამის გამო პრობლემა არ შემქმნია არსად”- ქართველი ახალგაზრდა, რომელიც Microsoft-ში დასაქმდა

ინტერვიუ

21-ე საუკუნის პროფესიებიდან პროგრამული ინჟინერია ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მსოფლიოში ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ გაზარდა როგორც ინტერესი აღნიშნული პროფესიისადმი, ასევე მოთხოვნა დამსაქმებლების მხრიდან. უკვე იშვიათად თუ მოიძებნება ისეთი კომპანია, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერის გარეშე ართმევს თავს სრულფასოვნად საქმიანობას. იმისათვის, რომ ახალგაზრდებს ვაჩვენოთ, რამდენად შესაძლებელია აღნიშნულ სფეროში წარმატების მიღწევა და ბევრისთვის წარმოუდგენელი ფაქტის რეალობად ქცევა, 23 წლის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერს, ანა გურგენიძეს გავესაუბრეთ. ანა რამდენიმე თვეა, რაც Microsoft-ის პრაღის ოფისში მუშაობს, აქამდე კი რამდენიმე ქართულ და უცხოურ კომპანიაშიც იმუშავა, რათა გამოცდილება დაეგროვებინა.

ანა ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში სწავლობდა. მათემატიკა მისთვის არასოდეს ყოფილა ფორმულების გროვა, ის მას სამყაროს აღწერის საშუალებად მიაჩნდა. სწორედ ამან განაპირობა მისი დაინტერესება ტექნიკური მიმართულებით, კერძოდ პროგრამული ინჟინერიით.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

– ანა, რა იყო მიზეზები, რის გამოც ტექნოლოგიების მიმართულებაზე ჩაბარება გადაწყვიტეთ?

– სკოლაში ძალიან მიყვარდა მათემატიკა და თან გამომდიოდა კიდეც. თავიდან მათემატიკასთან დაკავშირებული პროფესია მხოლოდ ეკონომიკა მეგონა და ვფიქრობდი, გადავთვლი-გადმოვთვლი რაღაცას და ბედნიერი ვიქნები-მეთქი. მერე პროგრამირების შესახებ გავიგე, უფრო საინტერესოდ მომეჩვენა და სკოლის ბოლო ორი წელი აზრი აღარ შემიცვლია. კმაყოფილი ვარ, რომ არც შევიცვალე. პროგრამირება ძალიან მომწონს, საკუთარი თავის ბევრნაირად გამოხატვის საშუალებას იძლევა.

– როგორ მოხვდით Microsoft-ში, რა ეტაპები გაიარეთ და კონკრეტულად რა მიმართულებით მუშაობთ?

– მაიკროსოფტში 2020 წლის იანვარში გავაგზავნე ჩემი მონაცემები ორ ვაკანსიაზე ორ სხვადასხვა გუნდში. იანვრიდან აპრილამდე (როცა ამიყვანეს) 9 ტექნიკური/ბიჰევიორისტული გასაუბრება გავიარე. თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ 4-5 გასაუბრების მერე ძალაგამოცლილს ნერვიულობის თავი აღარ მქონდა. სავარაუდოდ, ნაკლებმა ნერვიულობამ მეტი თავდაჯერებულობა შემმატა და, საბოლოოდ, ორივეგან შემომთავაზეს დასაქმება. მე ის გუნდი ავირჩიე, რომლის საქმიანობაც უფრო მაინტერესებდა.
ტექნიკური ინტერვიუები საშუალო სირთულის მომეჩვენა. ალბათ, კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტების უმრავლესობა წარმატებით გაართმევს თავს. იყო ბიჰევიორისტული შეკითხვებიც, ანუ როგორ მოვიქცევი სხვადასხვა სამსახურეობრივ სიტუაციაში და ა.შ. ეს კითხვები ადგენს, რამდენად არის კანდიდატი მაიკროსოფტის კორპორატიული კულტურის შესაბამისი.

ახლა ვმუშაობ M365-ის პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების გუნდში, სადაც საინტერესო ამოცანებს ვაწყდები.

– მოგწონთ თუ არა თქვენი საქმიანობის სფერო, რა შესაძლებლობებს გთავაზობთ აღნიშნული კომპანია და რა მახასიათებლებს გამოყოფთ რაც თქვენი აზრით ამ კომპანიას გამოარჩევს სხვებისგან?

– ჩემი საქმიანობის სფერო ძალიან მომწონს. ასე მგონია, იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და ამ ადგილას ჩემი განვითარების დიდ შესაძლებლობას ვხედავ. თანაც კომპანია ამაში ყველანაირად გვიწყობს ხელს – გვიფინანსებს/გვიტარებს ონლაინ კურსებს, კონფერენციებს, ჰაკათონებს და ა.შ. ამას გარდა, მხიბლავს გუნდური სამუშაო კულტურა და გარემო. პირველივე დღიდან ვგრძნობ, რომ გუნდის სრულუფლებიანი წევრი ვარ და ჩემი აზრი დაფასებულია. ასევე, ყველა ცდილობს, რომ არავინ სტრესში არ მოაქციოს. ჩემს განწყობაზე ეგ ყველაზე დადებითად მოქმედებს.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად ნაყოფიერი სამუშაო პროცესი გელით და რა პერსპექტივებს ხედავთ აღნიშნულ კომპანიაში მუშაობისას?

– სამუშაო პროცესში ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ. ძირითადად არ გვაქვს განსაზღვრული, ვინ რომელი ტიპის სამუშაოს შეასრულებს. თუ არის რაღაც პრობლემა, რომელიც უნდა აღმოიფხვრას, ვთქვათ, ჩემთვის უცნობი X ტექნიკის გამოყენებით, შემიძლია მაინც ავიღო ჩემს თავზე ამის გადაწყვეტა და ეს X ტექნიკაც შემოვისწავლო.

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას და როგორ გსურთ კარიერის განვითარება?

– მაიკროსოფტი ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის საშუალებას გაძლევს და თუ საქართველოდან მუშაობას მოვინდომებ, პრობლემა არ იქნება. ზოგადად სამომავლოდ ვაპირებ საქართველოში ცხოვრებას, მაგრამ ასე გრძელვადიანი გეგმები არ მაქვს. გარემოება გვაჩვენებს.

– რა რჩევებს მისცემდით ახალგაზრდებს, რომლებიც ტექნოლოგიების მიმართულებით აპირებენ სწავლის გაგრძელებას? რა შესაძლებლობები უნდა გამოიყენონ, რათა წარმატებით დასაქმდნენ?

– ძალიან კარგი აზრია ტექნოლოგიების სწავლა. ალბათ, ცოტა ხანში ნებისმიერ პროფესიაში დაგვჭირდება რაღაც დოზით პროგრამირების ცოდნა.

მე ყველაზე მეტი ჩემს ლეპტოპთან მარტო მუშაობის პროცესში გავიგე. ნებისმიერი კითხვა, რომელიც გიჩნდებათ, ძალიან დიდი ალბათობით, უკვე გაუჩნდა სხვას და შეგიძლიათ ძებნის სისტემებში ნახოთ ან დასვათ ფორუმებზე. ამით მიიღებთ პრობლების გადაწყვეტის გზებზე სხვა ადამიანების გამოცდილებებს და დროსაც დაზოგავთ.

მოთხოვნა პროგრამისტებზე ძალიან გაზრდილია და ხელფასიც საკმაოდ მაღალი არის ხოლმე. მე უნივერსიტეტის დიპლომი არ მაქვს, მაგრამ ამის გამო პრობლემა არ შემქმნია არსად. ყველა დამსაქმებელი უკვე თვითონ უდგენს ცოდნის შესამოწმებელ ტესტებსა თუ პროექტებს აპლიკანტს და მნიშვნელობა არ აქვს, საიდან გაქვთ ცოდნა მიღებული.

ეს არის რამდენიმე კარგი რესურსი, რომლებიც კომპანიებშიც დაფასებულია:
coursera.org, edx.org (ონლაინ კურსები), stackoverflow.com (ფორუმი), leetcode.com (ალგორითმული ამოცანები გასაუბრებებისთვის მოსამზადებლად).

ზოგადად, კომპიუტერი, ინტერნეტი და განათლებაზე წვდომა გარკვეული პრივილეგიაა. უბრალოდ, ყველას სხვადასხვა გარემოში მოგვიწია ცხოვრება სხვადასხვა სოციალურ, ეკონომიკურ, ოჯახურ თუ ფსიქიკურ პირობებში. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ გამოვიყენოთ ყველა პრივილეგია, რაც გვაქვს რომ განვვითარდეთ ჩვენც და დავეხმაროთ იმათაც, ვისაც ეს არ აქვს.

ავტორი: თიკო ახვლედიანი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები